სისხლდენა

სისხლი ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი ბიოლოგიური სითხეა, რომელიც განუწყვეტლივ მოძრაობს. ადამიანის სისხლძარღვოვანი ქსელის ლაბირინთში დღე-ღამეში საშუალოდ 200 ათასი ლიტრი სისხლი გაედინება. ეს სითხე მონაწილეობს ორგანიზმის თერმორეგულაციაში, იცავს მას უცხო აგენტებისგან, საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით ამარაგებს 300 ტრილიონამდე უჯრედს, იქიდან კი ნივთიერებათა ცვლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. ამიტომაც არის საშიში ნებისმიერი ხასიათისა და ინტენსივობის სისხლდენა, რომელიც სისხლის რაოდენობრივ ცვლილებას, მის ფუნქციათა მოშლას და ჰომეოსტაზის რღვევას იწვევს. სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას.

სისხლდენის მიზეზები
სისხლდენის უშუალო მიზეზი სისხლძარღვის დაზიანებაა. სისხლძარღვს ორგვარი ფაქტორი აზიანებს: მექანიკური და ნეიროტროფიკული.
-მექანიკურ ფაქტორებს მიეკუთვნება ტრავმა (გაგლეჯა, ჭრილობა, დამწვრობა, მოყინვა და სხვა), არტერიული წნევის მატება და ატმოსფერული წნევის მატება, რაც სისხლძარღვის კედლის მთლიანობას არღვევს;
-ნეიროტროფიკული ფაქტორების გავლენით ძლიერდება სისხლძარღვის კედლის გამავლობა ცნს-ის ტროფიკული (კვებითი) ფუნქციის მოშლის ნიადაგზე სისხლძარღვის სანათურის გაფართოების გამო. ამ ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
-პათოლოგიური პროცესები – ჩირქოვანი ანთება, ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
-ვიტამინური ბალანსის ცვლილება ორგანიზმში;
-ტოქსინების ან სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება;
-დაავადებები, რომლებიც სისხლის ქიმიურ შემადგენლობას ცვლის, მათ შორის – ჰემოფილია, სიყვითლე, ქუნთრუშა, სეფსისი და სხვა.

სისხლდენის ტიპები
-პირველადია სისხლდენა, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებისთანავე იწყება.
-მეორეული სისხლდენა შედარებით იშვიათია. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს დაზიანებულ სისხლძარღვზე არსებული კვანძის მოვარდნა, თრომბის მოცილება მეორეული ტრავმის, მაგალითად, უხეში ტრანსპორტირების შედეგად, როდესაც დაჭრილი კიდური სათანადოდ არ არის იმობილიზებული, სისხლძარღვის კედლის დარღვევა ჭრილობაში არსებული ნამსხვრევით, უცხო სხეულით ან დრენაჟის მილით და სხვა.
განარჩევენ მეორეული სისხლდენის ადრეულ და მოგვიანებით ფორმებს:
ა) ადრეული მეორეულია სისხლდენა არაინფიცირებული ჭრილობიდან დამაზიანებელი ფაქტორის ან ტრავმის მოქმედების შემდგომ პირველსავე საათებში, როდესაც არტერიული წნევის მომატების ან სისხლძარღვის სპაზმის მოხსნის გამო სისხლის ნაკადი წყვეტს კოაგულაციის შედეგად შედედებულ თრომბს.
ბ) გვიანი მეორეულია სისხლდენა, რომელიც შეიძლება დაიწყოს ჭრილობის ინფიცირების შემდეგ ნებისმიერ დროს და გამოწვეულია ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გამო სისხლძარღვის კედლის დაზიანებით ან დაზიანების ადგილას წარმოქმნილი თრომბის დაშლით.
-გარეგანია სისხლდენა, როდესაც სისხლი სხეულის გარეთ იღვრება და თვალითაც ჩანს.
-შინაგანია სისხლდენა, როდესაც სისხლი იღვრება სხეულის ამა თუ იმ ღრუში ან ღრუ ორგანოში (პლევრაში, მუცლის ღრუში, გულმკერდის ღრუში, კუჭში, საშვილოსნოში და სხვა), მაგრამ არა გარეთ.
არსებობს ქსოვილოვანი სისხლდენა, როდესაც სისხლი რომელიმე ორგანოს ქსოვილში (კანქვეშა უჯრედისში, ტვინოვან ქსოვილში) იღვრება. კანქვეშა სისხლჩაქცევას, რომელსაც მომრგვალო ლაქის სახე აქვს, პეტექია ეწოდება. როდესაც კანქვეშა სისხლჩაქცევა დიფუზურია და ქსოვილები სისხლით არის გაჟღენთილი, ლაპარაკობენ ჰემორაგიულ ინფილტრაციაზე. როდესაც სისხლჩაქცევა წარმოშობს მკვეთრად შემოფარგლულ შესივებას, რომლის შეხებისას შეიგრძნობა ფამფალი, საქმე გვაქვს ჰემატომასთან.
შინაგანი სისხლდენა ფარულიც შეიძლება იყოს და აშკარაც.
ფარულია სისხლდენა, რომელსაც მკაფიო გარეგნული ნიშნები არ გააჩნია. მას მხოლოდ კვლევის სპეციალური მეთოდებით ადგენენ. ამ დროს სისხლი იღვრება პერიტონეუმში, პლევრის ღრუში, პერიკარდიუმში, სუბდურალურ სივრცეში, სახსრის ღრუში და სხვა, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს.
ჰემატურია ფარული სისხლდენის ერთგვარი ნაირსახეობაა – შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს შარდში სისხლის ელემენტები (ერითროციტები) ჩნდება. განასხვავებენ მიკრო- და მაკროჰემატურიას. მიკროჰემატურიის დროს შარდში ერითროციტები მიკროსკოპული, უმნიშვნელო რაოდენობით არის და მათი აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპული კვლევით შეიძლება, მაკროჰემატურიისას კი მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – შარდი წითლდება ან ჟანგისფერს იღებს.
აშკარა სისხლდენის დროს სისხლი იღვრება ლორწოვან ღრუებში: კუჭში, შარდის ბუშტში, საშვილოსნოში, – საიდანაც შესაძლოა გამოჰყვეს ამ ღრუებიდან გამოყოფილ სითხეს.
არტერიული სისხლდენა. არტერიებში არსებული მაღალი წნევის გამო არტერიული სისხლდენა გამოირჩევა ნაკადის სიძლიერით და შადრევანს მოგვაგონებს. სისხლი ალისფერია და გულის შეკუმშვათა სინქრონულად პულსირებს. არტერიის გადაჭრის დროს სისხლი დის გადაჭრილი სისხლძარღვის როგორც ცენტრალური, ისე მეორე, პერიფერიული (გულის მხარეს მდებარე) ბოლოდან, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში ნაკადი უფრო სუსტია. პერიფერიული ბოლოდან სისხლის დენა იმით აიხსნება, რომ ცენტრალურ და პერიფერიულ ბოლოებს, აგრეთვე ამ უკანასკნელსა და მეზობელ არტერიებს შორის თითქმის ყოველთვის არსებობს ანასტომოზები.
არტერიული სისხლდენა საკმაოდ ძლიერი სისხლდენაა, ყველაზე სწრაფად იწვევს მწვავე სისხლნაკლებობას და სწრაფ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რადგან ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა მოშლის შედეგად ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს.
ვენური სისხლდენის დროს სისხლი მუქი ალუბლისფერია (მოშავო), არ პულსირებს და მდორედ, უწყვეტად და თანაბარზომიერად მოედინება. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, უსახელო, ლავიწქვეშა და საუღლე ვენების დაზიანებისას, ვენური ნაკადიც შეიძლება პულსირებდეს. ვენის გადაჭრის დროს სისხლი უმთავრესად პერიფერიული ბოლოდან მოედინება, დაჭრისთანავე – ცენტრალური ბოლოდანაც, მაგრამ როგორც კი ვენის ცენტრალური სეგმენტი სისხლისგან დაიცლება, სისხლდენა წყდება. ცენტრალური ბოლოდან სისხლის ძლიერი ნაკადი მაშინ დის, როდესაც დაშავებულს აქვს ვენების სარქვლების ნაკლოვანება ან დაზიანებულია კისრის დიდი ვენები.
ვენური სისხლდენა საშიშია იმითაც, რომ არსებობს ჰაეროვანი ემბოლიის საფრთხე. ზოგიერთი ვენა, მაგალითად, კისრისა, გადაჭრის შემდეგ არ ეშვება და მისი სანათური ღია რჩება. თუ ამ დროს ვენებში უარყოფითი წნევა მაღალია (რაც ღრმა ჩასუნთქვისას ხდება), მათში ჰაერი შეიწოვება, რაც უმეტესად ადამიანის სიკვდილს იწვევს.
კაპილარული სისხლდენა. ამ დროს ცალკეული სისხლმდენი სისხლძარღვები არ ჩანს, სისხლი მუქი წითელია და ჭრილობიდან ისე ჟონავს, როგორც სველი ღრუბლიდან – წყალი. კაპილარული სისხლდენა თავისთავადაც ადვილად წყდება და შესაძლოა, უბრალო ნახვევმა ან დაწოლამაც კი შეაჩეროს. ის საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს სისხლის შედედების უნარი დაქვეითებული აქვს (ჰემოფილია, ღვიძლის დაავადებები, სეფსისი).
პარენქიმული სისხლდენა თან ახლავს ფილტვების, ელენთის, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებას. საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივია, ამიტომ განსაკუთრებით საშიშიც არის. ამ ორგანოთა სისხლძარღვები ისე ღრმად არიან შეზრდილნი პარენქიმაში, რომ მათი გაცალკევება შეუძლებელია, ამიტომ პარენქიმული სისხლდენისას სისხლმდენია ჭრილობით დაზიანებული შინაგანი ორგანოების მთელი ზედაპირი. მისი შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ქირურგიული მეთოდებით არის შესაძლებელი.
შერეულ სისხლდენას ახასიათებს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

განასხვავებენ სისხლის დანაკარგის (მწვავე ანემიის) 4 ხარისხს:
I ხარისხი: პაციენტის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაჯისცემა გახშირებულია, მაჯა – საკმარისი ავსებისა, არტერიული წნევა – ნორმის ფარგლებში, სისხლში ჰემოგლობინის დონე აღემატება 8 გ/%-ს, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი არ აღემატება 5%-ს.
II ხარისხი: პაციენტის საერთო მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მაჯისცემა – ხშირი, არტერიული წნევა დაქვეითებულია 80 მმ ვწყ სვ-მდე, სისხლში ჰემოგლობინის დონე 8 გ/%-მდეა, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 15%-ს.
III ხარისხი: პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაჯისცემა – ძაფისებრი, არტერიული წნევა დაქვეითებულია 60 მმ ვწყ სვ-მდე, სისხლში ჰემოგლობინის დონე 5 გ/%-მდეა, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 30 %-ს.
IV ხარისხი: პაციენტი აგონიის მოსაზღვრე მდგომარეობაშია, მაჯისცემა არ ესინჯება, არტერიული წნევა არ ეზომება, სისხლში ჰემოგლობინის დონე 5 გ/%-ზე ნაკლებია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი 30%-ს აღემატება.
სისხლდენას, როდესაც სისხლნაკლებობა 35-40%-ია, პროფუზიული ანუ ზღვარგადასული ეწოდება. ამ შემთხვევაში პაციენტი შესაძლოა უსწრაფესმა ზომებმაც კი ვერ გადაარჩინოს.

სისხლდენის შეჩერება. ჰემოსტაზი

ჰემოსტაზი ორგანიზმის მიერ სისხლის მოცულობის თვითაღდგენაა, რაც სისხლმბადი ორგანოების მეშვეობით ხორციელდება.
სისხლდენის შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების სათანადო სისხლმომარაგებისთვის ორგანიზმში ირთვება ადაპტაციის რთული მექანიზმი, რომელიც გულისხმობს:
1. სისხლძარღვების სპაზმს და კოაგულაციური პროცესების გააქტიურებას (თრომბის წარმოქმნას) სისხლის შემდგომი დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად;
2. სუნთქვისა და გულისცემის გახშირებას ორგანოებში ჟანგბადოვანი შიმშილის აღსაკვეთად;
3. დეპო ორგანოებიდან სისხლის რეზერვის გადმოსროლას მოცირკულირე სისხლის მოცულობის გასაზრდელად.

სისხლდენის შედეგები
სისხლდენის ნეგატიური შედეგებია:
-მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება;
-გულის მუშაობის შეფერხება და ქსოვილების, განსაკუთრებით – თავის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების ჟანგბადით მომარაგების გაუარესება;
-ანემია;
-დსშ (დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების) სინდრომი.

სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან


სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ნიშნავს საყლაპავის, კუჭის ან ნაწლავის ღრუში სისხლის მოხვედრას ჩამოთვლილ ორგანოთა სისხლძარღვების დაზიანების გამო.
სისხლი შეიძლება დიოდეს კუჭ-ნაწლავის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილებიდან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილად მიიჩნევა საყლაპავი მილი, კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი. აქედან სისხლდენა შესაძლოა იყოს შხამების (მჟავები და ტუტეები) შემთხვევითი მიღების ან კუჭის კიბოს შედეგი. კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილიდან სისხლდენას ყველაზე ხშირად შემდეგი დაავადებები იწვევს: გასტრიტი; საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები; მელორი-ვეისის სინდრომი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილი თორმეტგოჯა ნაწლავსა და სწორ ნაწლავს შორის არსებულ უბანს მოიცავს. დივერტიკულიტი, ანგიოდისპლაზია, ნაწლავის პოლიპები, ბუასილი, ანალური ნაპრალი ამ ლოკალიზაციის სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზებია. განავალში არსებული სისხლი შესაძლოა კიბოს, ნაწლავის ანთებითი დაავადების, დიარეით მიმდინარე ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზები

კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის მიზეზები:
1. კუჭის პეპტიკური წყლული
წყლული საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლის დაზიანებაა. ის უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება. ამ ორგანოთა კედლის დაზიანებას ზოგჯერ სისხლძარღვის დაზიანება და ამის შედეგად განვითარებული სისხლდენაც მოსდევს. მთლიანობადარღვეული ლორწოვანი გარსი კუჭის (მჟავა) წვენის აგრესიული ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობის უნარს კარგავს. წყლულების განვითარებას ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ასპირინის, ალკოჰოლის, სიგარეტის ხანგრძლივი გამოყენება. ლორწოვანი გარსი ბაქტერია ჰელიკობაცტერ პყლორი-ს ცხოველმყოფელობის შედეგადაც შეიძლება დაზიანდეს.

2. გასტრიტი

გასტრიტი შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის წვენის აგრესიულმა ზემოქმედებამ ამავე ორგანოს ლორწოვან გარსზე, როცა ამ უკანასკნელს ამა თუ იმ მიზეზით წინააღმდეგობის უნარი დაკარგული აქვს. გასტრიტის განვითარებას ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდები, ალკოჰოლი, დაწვრობა და მექანიკური ტრავმა.

3. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება

საყლაპავისა და კუჭის ვენების გაგანიერება და ვენის კედლის გათხელება უმეტესად ღვიძლის დაავადებების შედეგია. ეს პათოლოგია ხშირად ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის ფონზე წარმოიშობა. აღნიშნული ლოკალიზაციის სისხლდენა შესაძლოა ყოველგვარი წინაპირობის გარეშეც დაიწყოს. როგორც წესი, ასეთი სისხლდენა მასიურია და კატასტროფულ შედეგებს იწვევს.

4. მელორი-ვეისის სინდრომი

ეს არის კუჭის კედლის მთლიანობის დარღვევა, რომელიც ხშირად მოსდევს ღებინების ან გულისრევის შეტევებს. ამ დროს სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს კრუნჩხვამ, ძლიერმა ხველამ ან ისტერიულმა სიცილმა, სიმძიმის აწევამ, კუნთების გაჭიმვამ, მშობიარობამ. ჭარბად მსმელებთან ექიმები ხშირად აწყდებიან მელორი-ვეისის სინდრომს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის მიზეზები

1. დივერტიკულოზი
დივერტიკულოზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დივერტიკულს უწოდებენ ნაწლავის გამობერილობას, უმეტესად უმნიშვნელოს, შედარებით იშვიათად – ძლიერს. ასეთი წარმონაქმნები მსხვილი ნაწლავის კედლების სისუსტისა და გათხელების შედეგია. როგორც წესი, ადამიანს რამდენიმე დივერტიკული ერთდროულად უჩნდება. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება აქვთ მათ, ვინც შეკრულობით იტანჯება და დეფეკაციას მძლავრი გაჭინთვით იწვევს.

2. ანგიოდისპლაზია
ეს პათოლოგია დივერტიკულთან ერთად სისხლდენის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. ამ დროს ნაწლავის კედელში ხდება პათოლოგიური დაგროვება ახალწარმოქმნილი წვრილი სისხლძარღვებისა, რომლებიც ადვილად სკდება. ასეთი მიკროჭრილობებით დაფარული ზედაპირებიდან პერიოდულად დის სისხლი. ანგიოდისპლაზია ხშირად მსხვილი ნაწლავის დაავადებაა. მის განვითარებას ხელს უწყობს ხანდაზმული ასაკი და თირკმლის ქრონიკული დაავადებები.

3. პოლიპები

პოლიპები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასიმსივნურ დაავადებებს მიეკუთვნება. ამგვარი ახალწარმონაქმნები უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ. ძალზე იშვიათად პოლიპი სიმსივნურ ახალწარმონაქმნში გადაიზრდება. ნაწლავის პოლიპმა შესაძლოა ძლიერი სისხლდენაც გამოიწვიოს. როდესაც სისხლდენა სუსტია, აღნიშნული ახალწარმონაქმნები შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.

4. ბუასილი და ანალური ნაპრალი
ბუასილს სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ვენების გაგანიერებასა და შეშუპებას უწოდებენ. დეფაკაციისას, უფრო სწორად, ჭინთვისას, სისხლძარღვის კედელი ზიანდება და სისხლდენა იწყება. ბუასილის დროს სისხლის დანაკარგი ხშირად უმნიშვნელოა, განმეორებადი. განავალში შეინიშნება ალისფერი სისხლი. აღნიშნული პათოლოგიის დროს ძლიერი სისხლდენა იშვიათია.
ანალური ნაპრალის დროსაც, ანალური ხვრელის კედლების დაზიანების გამო, სისხლის (ალისფერი) დანაკარგი უმნიშვნელოა. ანალური ხვრელის კედლების მთლიანობა შესაძლოა დაირღვეს მკვრივი განავლის გამოსვლის ან ძლიერი გაჭინთვის დროს, რასაც თან ახლავს სისხლდენა და მწვავე ტკივილი.

სისხლდენის სიმპტომები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენა ვლინდება სისხლიანი პირღებინებით, სისხლიანი ან შავი ნაწლავური გამონაყოფით, კუპრის მსგავსი განავლით. ღებინების დროს გადმონთხეული მასა შესაძლოა ყავის ნახარშისფერი იყოს.
სისხლდენის სიმპტომებს შეიძლება მივაკუთვნოთ: საერთო სისუსტე; სწრაფად დაღლა; ქოშინი; ტკივილი მუცლის მიდამოში; კანის სიფერმკრთალე; სისხლიანი ღებინება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის დროს). მკვეთრი წითელი ან მუქი ბორდოსფერი განავლოვანი მასები უმეტესად კუჭ-ნაწლავის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის მაუწყებელია, თუმცა ასეთი რამ შეიძლება მოხდეს (იშვიათად) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან აქტიური სისხლდენის დროსაც.
უმნიშვნელო ხანგრძლივი სისხლდენა შესაძლოა პაციენტს შეუმჩნეველი დარჩეს ან გამოვლინდეს დაღლილობით, ანემიით, შავი განავლით ან განავალში ფარულ სისხლდენაზე პოზიტიური რეაქციით.

განავალში სისხლი
განავალში სისხლის არსებობა ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის მანიშნებელია. პაციენტის გამოკითხვის შემდეგ, ჩივილების მიხედვით, ექიმმა შესაძლოა წინასწარ განსაზღვროს ამა თუ იმ დაავადების არსებობა:
-ალისფერი სისხლი, რომელიც არ არის შერეული განავალში, ბუასილისა და ანალური ხვრელის ნაპრალისთვის არის დამახასიათებელი.
-ალისფერი სისხლი ტუალეტის ქაღალდზე დამახასიათებელია ბუასილის შიგნითა კვანძებისთვის, ანალური ხვრელის ნაპრალისთვის, სწორი ნაწლავის კიბოსთვის.
-სისხლი და ლორწო თეთრეულზე ბუასილის გვიან სტადიაში სწორი ნაწლავის გამოვარდნას ახასიათებს.
-სისხლი თეთრეულზე ლორწოს გარეშე დამახასიათებელია სწორი ნაწლავის კიბოსთვის.
-განავალთან შერეული სისხლი და ლორწო დამახასიათებელია წყლულოვანი კოლიტისთვის, პროქტიტისთვის, სწორი ნაწლავის პოლიპებისა და სიმსივნეებისთვის.
-მასიური სისხლდენა შესაძლოა მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზისა და იშემიური კოლიტის ნიშანი იყოს.
-შავი განავალი (მელენა) დამახასიათებელია ღვიძლის ციროზის დროს განვითარებული საყლაპავის გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენისთვის, კუჭის წყლულისა და კიბოსთვის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის.
-განავალში არსებული სისხლის მიზეზი უმეტესად კეთილთვისებიანია, მაგრამ სისხლდენა შესაძლოა იყოს მეტად სერიოზული დაავადებების: პოლიპების, ნაწლავის სიმსივნის, – გამოვლინებაც, ამიტომ აუცილებელია, განავალში სისხლის აღმოჩენისთანავე მიმართოთ ექიმს.

დიაგნოსტიკა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის დროს ტარდება კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა და იკრიბება ანამნეზი. დიაგნოსტიკა მოიცავს:
-სწორი ნაწლავის თითით გასინჯვას;
-ციფრულ რექტოსკოპიას (სწორ ნაწლავში სისხლის თვალით აღმოჩენის მიზნით);
-ექიმს შესაძლოა დასჭირდეს ენდოსკოპიის ჩატარება. სისხლდენის დროს ენდოსკოპის მეშვეობით ტარდება არა მხოლოდ დიაგნოსტიკა, არამედ მკურნალობაც – სისხლმდენი ადგილის მოწვა ან მისი სპეციალური ნივთიერებებით დაფარვა. ეს მცირე ოპერაციული ჩარევაა. შემდეგ მკურნალობა კონსერვატიული მეთოდებით – სამკურნალო პრეპარატებით გრძელდება, მაგრამ თუ სისხლდენა მაინც არ შეწყდა ან შეწყდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ განახლდა, დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი. ოპერაცია უნდა გაკეთდეს მაშინაც, თუ სისხლდენა გარკვეული ხნის (პირველი სისხლდენიდან რამდენიმე თვის, წლის) შემდეგ განმეორდა. ლაბორატორიული კვლევა ექიმს ეხმარება სისხლის დანაკარგის სიმძიმისა და იმ ფაქტორების დადგენაში, რომლებიც ამ პათოლოგიაზე გავლენას ახდენს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შედეგი დამოკიდებულია მიზეზსა და მის ლოკალიზაციაზე, სისხლის დანაკარგზე, დროულ დიაგნოსტიკასა და ადეკვატურ მკურნალობაზე, ასევე – ავადმყოფის ასაკსა და საერთო მდგომარეობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძლიერი სისხლდენის დროს არ არსებობს თვითმკურნალობის არავითარი მეთოდი – დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.
ანალური ნაპრალისა და ბუასილის დროს გაზარდეთ მენიუში ბოჭკოთი მდიდარი საკვების ოდენობა და მიიღეთ სითხეები შეკრულობის თავიდან ასაცილებლად.
შინაგანი სისხლდენის ნიშნების შემჩნევისას გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მანამდე ავადმყოფს მუცელზე დაადეთ ცივი, ჩაუტარეთ შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები. უნდა გადაიყვანოთ მჯდომარე.
შინაგან სისხლდენაზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები: ადამიანი სუსტდება, ტკივილს შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს; ფერმკრთალია, ამცივნებს და ცივი ოფლი ასხამს, გრძნობს თავბრუხვევას, თვალწინ უტრიალებს მუქი რგოლები; სუნთქვა სუსტია და ზერელე; ხელის დაჭერისას მუცელი შებერილი, მაგარი და მტკივნეულია. ავადმყოფმა შესაძლოა ემბრიონის პოზა მიიღოს; მუცელზე შესაძლოა ჩალურჯებული ადგილები ემჩნეოდეს.
რა არ უნდა გააკეთოთ: არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი! არ აჭამოთ! წყალი არ დაალევინოთ!

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემდეგ
-აუცილებლად დაიცავით დიეტა და ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის დანიშნულება, დანიშნულ დროს მიიღეთ მის მიერ გამოწერილი სამკურნალო პრეპარატები.
-რეგულარულად ეჩვენეთ ექიმს მკურნალობის შედეგების კონტროლი¬სთვის, რათა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა აღარ გაგრძელდეს და გართულებები თავიდან ავიცილოთ.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის პროფილაქტიკა
-თავი არიდეთ იმ ფაქტორებს (მაგალითად, სმასა და თამბაქოს წევას), რომლებიც კუჭის სეკრეციას აძლიერებს.
-მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ზრდის განავლის მოცულობას და დივერტიკულოზისა და ბუასილის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

Facebook კომენტარები