ტაქიკარდია

ტაქიკარდია გულის რიტმის დარღვევა – გულის შეკუმშვათა გახშირებაა. ზრდასრულ ადამიანს მოსვენებისას გული წუთში 60-90-ჯერ უცემს. ეს ნორმაა. არც ამ მაჩვენებლის 100 დარტყმამდე მომატება მიიჩნევა პათოლოგიად. ახალშობილის გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 120-140-ს აღწევს. 5-6 წლისთვის მაჩვენებელი წუთში 90-მდე მცირდება.

ტაქიკარდიის მიზეზები

ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიც და პათოლოგიურიც.

ფიზიოლოგიური ტაქიკარდია
ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ვითარდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მომატებისას, სტრესულ ვითარებაში (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ფონზე), სიმაღლეზე ასვლისას, გადაძღომისას, აღმგზნები სასმელების (ჩაი, ყავა, ენერგეტიკული კოქტეილები, ალკოჰოლი) და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას. ამრიგად, ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ორგანიზმის რეაქციაა (ერთგვარი ადაპტაცია) გარეგან გამღიზიანებლებზე.

პათოლოგიური ტაქიკარდია
პათოლოგიური ტაქიკარდია, ფიზიოლოგიურისგან განსხვავებით, თავს იჩენს ფიზიოლოგიური და ემოციური სიმშვიდის დროსაც. ის შეიძლება იყოს როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა გამოხატულება (მიოკარდიტისა, გულის მანკისა, მიოკარდიუმის ინფარქტისა, კარდიოსკლეროზისა, ფილტვისმიერი გულისა), ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებისაც (თირეოტოქსიკოზისა, ანემიებისა, ნევროზებისა, ინფექციური დაავადებებისა, ისეთი მწვავე მდგომარეობებისა, როგორიცაა სისხლდენა, თირკმლის ჭვალი და სხვა).

ტაქიკარდიის სახეები

სინუსური ტაქიკარდია
გულის შეკუმშვისთვის აუცილებელი იმპულსების მთავარი გენერატორი სინუსური კვანძია. როდესაც მისი აქტივობა ამა თუ იმ მიზეზით იმატებს, ვითარდება სინუსური ტაქიკარდია. ეს იმას ნიშნავს, რომ სინუსური კვანძი დროის განსაზღვრულ შუალედში უფრო მეტი იმპულსის გენერირებას ახდენს და, შესაბამისად, იმატებს გულის შეკუმშვათა რიცხვიც.
სინუსური ტაქიკარდიის ძირითადი ნიშნები ასეთია:
-ნარჩუნდება ნორმალური სინუსური რიტმი;
-ტაქიკარდიის ეპიზოდი თანდათანობით იწყება და სრულდება;
-გულის შეკუმშვათა მაჩვენებელი წუთში 90-ს აჭარბებს.

ექტოპიური ტაქიკარდია

როდესაც ტაქიკარდია აღმოცენდება სინუსური კვანძის გარეთ არსებული აღგზნების კერიდან (მიზეზი შეიძლება იყოს სინუსური კვანძის დაზიანება ან მისი ფუნქციობის დათრგუნვა) ანუ გული იკუმშება სინუსური კვანძის გარეთ არსებული სხვა კერის მიერ გენერირებული იმპულსის პასუხად, ექტოპიურ ტაქიკარდიაზე საუბრობენ. იმისდა მიხედვით, სად მდებარეობს ეს კერა, წინაგულებსა თუ პარკუჭებში, განასხვავებენ პარკუჭზედა (წინაგულოვან, ატრიოვენტრიკულურ და სუპრავენტრიკულურ) და პარკუჭოვან ტაქიკარდიას. ტაქიკარდიის ეს ფორმები, წესისამებრ, შეტევების (პაროქსიზმების) სახით მიმდინარეობს. ექტოპიური აქტივობის პაროქსიზმები უმეტესად ერთბაშად აღმოცენდება და ერთბაშადვე სრულდება. გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღე-ღამემდე.

სიმპტომები

ტაქიკარდიის ძირითადი სიმპტომები, რომელთა გამოც ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, ასეთია:
-გადატვირთვა, ბიძგები და “ჩავარდნები” გულის მუშაობაში;
-თავბრუხვევა, მხედველობის დაბინდვა, გონის დაკარგვა (ერთი ან რამდენიმე ეპიზოდი);
-მოსვენებისას ხშირი პულსი, რომელიც 5 წუთზე მეტხანს გრძელდება.

დიაგნოსტიკა

ტაქიკარდიის ერთი ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოთ ექიმ კარდიოლოგს ან არითმოლოგს, რომელიც დაადგენს ტაქიკარდიის მთავარ მიზეზს და მკურნალობის სწორ ტაქტიკას შეგირჩევთ. ტაქიკარდიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
-გასინჯვა;
-ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) გამოკვლევა;
-ეკგ-ის დღეღამური მონიტორინგი;
-ლაბორატორიული გამოკვლევა (სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა).
საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება:
-გულის ექოსკოპიური გამოკვლევა;
-ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა;
-კორონაროგრაფია;
-გულის რიტმის დამოუკიდებელი კონტროლი შინ.

პროფილაქტიკა

ტაქიკარდიის პროფილაქტიკა გულისხმობს ღონისძიებებს, რომლებიც განამტკიცებს ორგანიზმის ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს მდგომარეობას, რომელიც ტაქიკარდიის აღმოცენებას ხელს არ შეუწყობს. ამისთვის საჭიროა: უარი თქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყავაზე, შავ და მწვანე ჩაიზე, ენერგეტიკულ სასმელებზე. ასევე საჭიროა შრომა-დასვენების რეჟიმის დაბალანსება, ძილის მოწესრიგება და რეგულარული ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ორგანიზმის შესაძლებლობისამებრ, განსაზღვრული ვარჯიშების სისტემატური ჩატარება.

მკურნალობა

ტაქიკარდიის მკურნალობის მთავარი პრინციპებია:
-ტაქიკარდიის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა;
-ემოციური მდგომარეობის კონტროლი და კორექცია;
-კონსერვატიული მკურნალობა – ანტიარითმიული პრეპარატების მიღება. შეიძლება სხვა ჯგუფის მედიკამენტებთან კომბინაციაც. თერაპია თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა ინდივიდუალურად, საფუძვლიანი გამოკვლევისა და ტაქიკარდიის ფორმის განსაზღვრის შემდეგ.
მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ზოგჯერ მკურნალობის რადიკალურ მეთოდებსაც მიმართავენ. ესენია:
-რადიოსიხშირული აბლაცია;
-ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა;
-კარდიოდეფიბრილატორის ჩადგმა.
გახსოვდეთ, პარკუჭოვანი ტაქიკარდია არითმიის სახიფათო ფორმაა და სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს! თვითმკურნალობა დაუშვებელია ტაქიკარდიის ნებისმიერი ფორმის დროს!

პაროქსიზმული ტაქიკარდია

პაროქსიზმული ტაქიკარდია შეტევისებურად დაწყებული და უეცრად შეწყვეტილი გულის შეკუმშვათა მძაფრი გახშირების (150-200 დარტყმა წუთში) სინდრომია. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს, რამდენიმე საათს, დღეს, კვირას, ზოგჯერ მეორდება. პაროქსიზმული ტაქიკარდია ვითარდება გულის ორგანული დაზიანების (მაგალითად, მიტრალური მანკის) დროს, მაგრამ შესაძლოა თვალსაჩინო მიზეზის გარეშეც აღმოცენდეს. აღგზნებადობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგია, თუმცა იმპულსის გენერატორი კერა სინუსის კვანძის გარეთ მდებარეობს (წინაგულში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში ან პარკუჭში). პაროქსიზმული ტაქიკარდიის შეტევას ძლიერი გულისცემისა და სულხუთვის შეგრძნება სდევს თან. გულის მუშაობის დიდი და მცირე პაუზა თანაბარი ხდება, პირველი ტონი ტკაცუნაა, მეორე – მოყრუებული. მანამდე არსებული შუილი აღარ ისმის. სისხლის სისტოლური წნევა იკლებს, დიასტოლური იმატებს. ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები დამოკიდებულია ტაქიკარდიული იმპულსის შექმნის ადგილზე (კერის ლოკალიზაციაზე). პაროქსიზმული ტაქიკარდიის მეტად ხანგრძლივ შეტევას მოსდევს გულის უკმარისობა ფილტვის, ღვიძლისა და სხვათა შეშუპების სახით, რაც შეტევის დასრულების შემდეგ მალევე გაივლის.

Facebook კომენტარები