ქრონიკული ტონზილიტი ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, რომელიც მთელ ორგანიზმს ედება, მაგრამ მეტწილად სასის ტონზილებს (ნუშურა ჯირკვლებს, იმავე გლანდებს) აზიანებს. ბოლო ხანებში ამ დაავადების გახშირების ტენდენცია შეიმჩნევა. სტატისტიკური მონაცემებით, თუ 1980 წელს ქრონიკული ტონზილიტი მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს აღენიშნებოდა, XXI საუკუნეში ამ მაჩვენებელმა 42%-ს მიაღწია.
ქრონიკული ტონზილიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ბავშვები ავადდებიან. პათოლოგიას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ზუსტად, იგი მწვავდება შემოდგომაზე და ზამთარში, როცა ჰაერის ტემპერატურა დაბალია, ადამიანი იოლად ცივდება და თან გრიპის ეპიდემიაცაა მოდებული.

მიზეზები
მიზეზებს შორის, პირველ ყოვლისა, უნდა ვახსენოთ:
-ხშირი ანგინა;
-ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს (ე.წ. ბატონები);
-ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ის ფაქტორებიც, რომლებიც ცხვირით სუნთქვას აძნელებს (ადენოიდები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია და ა.შ.);
-ახლომდებარე ქსოვილებში განლაგებული ინფექციური კერები – კარიესული კბილები, ჩირქოვანი სინუსიტები, ქრონიკული ადენოიდიტი და სხვანი.
ქრონიკული ტონზილიტის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითებას (სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასუსტებული, გამოფიტული ორგანიზმი ადვილად ავადდება) და ალერგიულ მდგომარეობას, რომელიც ზოგჯერ წინ უძღვის, ზოგჯერ კი, პირიქით, მოსდევს ქრონიკულ ტონზილიტს.
ქრონიკული ტონზილიტი მთელი ორგანიზმის ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, თავდაპირველად განვმარტავთ, რა ფუნქცია აკისრია სასის ტონზილებს. როდესაც ინფექცია ორგანიზმში ზემო სასუნთქი გზებიდან იჭრება, პირველ რიგში სწორედ ნუშურები ინფიცირდება და ინფექციის შესახებ ინფორმაციას აწვდის მთელ ორგანიზმს, ის კი ამის შედეგად მიკრობებისა თუ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ეს ერთ-ერთი თავდაცვითი ფუნქციაა, რომლის წყალობითაც ადამიანი უფრო იოლად უმკლავდება დაავადებას. ქრონიკული ტონზილიტის დროს კი ორგანიზმი მუდმივ მზადყოფნაშია, ესე იგი, საჭიროა თუ არა, მაინც დაძაბულია. ამავე დროს, დაავადებული ჯირკვლები თავადვეა ინფექციისთვის ღია კარი. მათგან მიკრობები სისხლძარღვოვანი და ლიმფური გზებით ორგანიზმში ხვდება, მის მუდმივ ინტოქსიკაციასა და ალერგიზაციას იწვევს და, ამის კვალობაზე, უამრავი დაავადების პროვოცირებას ახდენს.
ამგვარად, ქრონიკული ტონზილიტი მხოლოდ ლოკალური პროცესებით არ შემოიფარგლება, განსაკუთრებით – დეკომპენსაციური ფორმის დროს; იგი ხშირად იქცევა ისეთი დაავადებების მიზეზად, როგორებიცაა რევმატიზმი, რევმატოიდული პოლიართრიტი, გახანგრძლივებული სეპტიკური ენდიკარდიტი, ნეფრიტი და ა.შ.

რა ხდება ამ დროს სასის ტონზილებში

ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში გროვდება ჩამოფცქვნილი ბრტყელი ეპითელიუმი და ფიბრინი ბაქტერიებსა და ლიმფოციტებთან ერთად, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჩირქი. ამ ხაჭოსებრ ჩირქოვან მასას საცობებს ვუწოდებთ. ლაკუნებში, სადაც ვირუსებისა და ბაქტერიების არსებობისა და გამრავლებისთვის შესანიშნავი პირობებია, მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და ზიანდება ტონზილების ლიმფოიდური ქსოვილი. ხშირი გამწვავების შემთხვევაში პროცესი ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე და წარმოიქმნება შეხორცებები. მიკრობები და ვირუსები ლიმფური გზით მთელ ორგანიზმში ვრცელდება და, როგორც უკვე ითქვა, ზოგად ინტოქსიკაციას იწვევს.

ქრონიკული ტონზილიტის კლინიკა და მიმდინარეობა

განასხვავებენ ქრონიკული ტონზილიტის რამდენიმე ფორმას: ლაკუნურს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფოლიკულურს (ამ დროს ჯირკვლებში წარმოიქმნება ჩირქოვანი კერები და იქცევა აბსცესებად, რომლებიც შეიძლება გაიხსნას და გართულებათა მთელ წყებას დაუდოს სათავე). არსებობს ქრონიკული ტონზილიტის ისეთი ფორმებიც, როცა ხშირი ანთების შედეგად ფოლიკულური ქსოვილი თითქმის გადაგვარდება და ისე პატარავდება, რომ დათვალიერებისას არც კი ჩანს. კლინიკური გამოვლინებები სწორედ ამ ფორმებზეა დამოკიდებული. ძირითადად კი ავადმყოფები უჩივიან:
-უსიამოვნო შეგრძნებას საყლაპავსა და ყელში, განსაკუთრებით – ყლაპვის დროს;
-ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას;
-უსიამოვნო სუნს პირში;
-დათვალიერებისას ადვილი შესამჩნევია, რომ ტონზილების ზედაპირი დაღარულია; შეინიშნება ჩირქოვანი საცობებიც.
ტკივილი, თუ ქრონიკული ტონზილიტი არ გამწვავდა, ფაქტობრივად, არ შეიგრძნობა.
ტემპერატურა მაშინ იმატებს, როცა პროცესი შორს არის წასული (დაახლოებით 38 გრადუსამდე). ასეთ დროს შეიმჩნევა ზოგადი ინტოქსიკაციის სხვა ნიშნებიც:
-ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა;
-ადვილად დაღლა, გულისა და სახსრების ტკივილი.
ქრონიკული ტონზილიტის მიმდინარეობა დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული.
-კომპენსირებული ტონზილიტის დროს პროცესი ლოკალიზებულია სასის ნუშურებში. აღინიშნება ადგილობრივი ცვლილებები (მათზე უკვე ვისაუბრეთ). დამახასიათებელი სიმპტომია ჩირქოვანი საცობების წარმოქმნა ლაკუნებში (ნუშურა ჯირკვლის ზედაპირზე არსებულ ჩაღრმავებებში). აღსანიშნავია, რომ პროცესის სიმძიმეს ტონზილების სიდიდე არ განსაზღვრავს. გადიდებული ნუშურა შესაძლოა არავითარ საფრთხეს არ გვიქმნიდეს, ხოლო მცირე ზომისა დიდი ზიანის მომტანი იყოს. ჩირქოვანი საცობების ამოყრა არც სავალდებულოა და არც უკუჩვენება აქვს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას: ეს არის სიგნალი, რომელიც ექიმთან მისვლის აუცილებლობაზე მიუთითებს. მკურნალობა კომპენსირებული ფორმის დროს უპირატესად კონსერვატიულია.
-ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის შემთხვევაში ინფექცია სცილდება სასის ტონზილების ფარგლებს და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. ახასიათებს ხშირი გამწვავება და ქრონიკული ინტოქსიკაციის მოვლენები: საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, დაბალი სიცხე. ზოგჯერ მოსდევს გართულება გულის, თირკმელების, სახსრების, ნერვული სისტემის მხრივ. ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს ნაჩვენებია ტონზილექტომია.

ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობა

ქრონიკული ტონზილიტის დროს აუცილებელია ხახიდან ნაცხის აღება, რათა გაირკვეს, რომელი მიკროორგანიზმით არის განპირობებული პროცესი. ამის მიხედვით არჩევენ ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომლის მიმართ მიკროორგანიზმი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. მკურნალობა სამ მიმართულებას ითვალისწინებს:
-ანტიბიოტიკების მიღებას;
-სასის ტონზილების გამორეცხვას ანტიბიოტიკის ხსნარით;
-ფიზიოთერაპიას, რაც ძირითადად ლაზერითა და ულტრაბგერით ზემოქმედებას გულისხმობს.
ლაზეროთერაპია განსაკუთრებით შედეგიანია გამორეცხვასთან კომბინაციისას. თერაპიული ლაზერის სხივი ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, რაც დაავადებულ ორგანოს ნორმალური ფუნქციის აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.
მკურნალობის მოცულობა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა. ლაკუნებს ვაკუუმის პირობებში გამორეცხავენ. ეს ნუშურა ჯირკვლის ღრმა უბნებს პათოლოგიური შიგთავსისგან ათავისუფლებს და წინასწარ შერჩეული ანტიბიოტიკის ხსნარით გამორეცხვის საშუალებას იძლევა.
ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობის დროს დიდ ყურადღებას აქცევენ ორგანიზმის თავდაცვითი ძალების სტიმულირებას (ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაციონალურ კვებას, გაკაჟებას, სამკურნალო ფიზკულტურას). საჭიროების შემთხვევაში იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებსაც ნიშნავენ.

ქირურგიული მკურნალობა

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ოპრაციული ჩარევა საჭიროა ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს. ტონზილექტომია ნაჩვენებია მაშინაც, როცა აღინიშნება:
-ხშირი (წელიწადში 2-3-ჯერ მაინც) ანგინა;
-სასის ნუშურების დამახასიათებელი ადგილობრივი ცვლილებები: სასის რკალების ჰიპერემია, შეშუპება, ჩირქოვანი საცობები ლაკუნების შესავალთან, რომლებიც ზოგჯერ უბრალო დათვალიერების დროსაც ჩანს, ზოგჯერ კი წინა რკალზე შპადელის მიჭერისას ხდება საჩინო, შეხორცებები ნუშურა ჯირკვალსა და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს შორის;
-პროცესის სხვა ორგანოზე ან ორგანოებზე გადასვლის დამადასტურებელი სიმპტომები;
-ანამნეზში – ერთი ან ორი პარატონზილური აბსცესი.
ამ ნიშნების არსებობისას ტონზილექტომიას (ტონზილების ამოკვეთას) მიმართავენ. დროული ოპერაციული ჩარევა ხსნის ალერგიულ ფონსა და ინტოქსიკაციას, კარდიული გამოვლინებები კი ან მაშინვე გაივლის, ან თანდათან, 4-6 თვეში.
დაგვიანებისას ანთებითი პროცესი ზედა სასუნთქი გზების ლიმფადენოიდურ ქსოვილზე ვრცელდება და ამავე დროს ყალიბდება გულის შეუქცევადი ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები.
ტონზილექტომიას უკუჩვენებაც აქვს.
აბსოლუტური (მუდმივი) უკუჩვენებებია:
-სისხლის დაავადებები (ჰემოფილია, ლეიკოზი, ვერლჰოფის დაავადება და სხვ.);
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, ფილტვებისა და ღვიძლის გამოხატული დეკომპენსაცია;
-შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები.
ჩამოთვლილ შემთხვევებში ნუშურების ამოკვეთა არამც და არამც არ შეიძლება.
დროებითი უკუჩვენებებია:
-მწვავე ინფექციური დაავადებები;
-აქტიური ტუბერკულოზი;
-მენსტრუაციის პერიოდი;
-ორსულობის უკანასკნელი თვეები;
-ანტიკოაგულანტებით, ბარბიტურატებით, სალიცილატებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი.
წლამდე ასაკისა და 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს ოპერაცია მკაცრი ჩვენებით უნდა ჩაუტარდეთ.
ტონზილები მთლიანად უნდა ამოიკვეთოს.
წინათ არსებობდა ასეთი მეთოდი – ტონზილოტომია: სპეციალური ინსტრუმენტით მხოლოდ დაზიანებულ ნაწილს აჭრიდნენ, მაგრამ პროცესი, წესისამებრ, გრძელდებოდა, შენარჩუნებული უბანიც ჩირქდებოდა და მისი მოცილება აუცილებელი ხდებოდა, ამიტომ დღეს ამ მეთოდს აღარ მიმართავენ.

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია გულისხმობს 10-14-დღიან დამზოგველ რეჟიმს, შესაბამისი დიეტის დაცვას, ექიმის მიერ დანიშნული ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი პრეპარატების გამოყენებას.
ოპერაციის შემდეგ 10-14 დღის განმავლობაში მიმდინარეობს მოცილებული ტონზილების უბნის ეპითელიზაცია – ნაოპერაციევი, გაშიშვლებული არე ეპითელური ქსოვილით იფარება. ნაოპერაციევი მიდამო უფრო მეტად რომ არ გაღიზიანდეს (რაც აღდგენით პროცესებს შეუშლის ხელს), პაციენტმა პირველ დღეებში უნდა მიიღოს მხოლოდ გრილი, თხევადი ან ფაფისებრი საკვები (ფაფები, პიურე, კისელი, იოგურტი). მომდევნო პერიოდში რაციონი ფართოვდება, თუმცა საკვები არ უნდა იყოს უხეში, გამაღიზიანებელი, მეტისმეტად ცხიმიანი.

ტონზილექტომიის გართულებები

ტონზილექტომიის მთავარი გართულება სისხლდენაა. მის აღსაკვეთად სისხლმდინარ უბანს ელექტროპინცეტით ამუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ ავადმყოფები ტონზილექტომიის შემდეგ ხშირად უჩივიან ყელის სიმშრალეს. ეს იმიტომ, რომ ოპერაციის დროს ღიზიანდება ხახის ლორწოვანი გარსი. ეს შეგრძნება დროებითია და როცა ორგანიზმი ახალ პირობებში მუშაობას მიეჩვევა, გაივლის.

Facebook კომენტარები