ტრიმეკორი MR

შემადგენლობა
ტრიმეკორი MR-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდის 35 მგ-ს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური, იშემიის საწინააღმდეგო საშუალება.

მოქმედების მექანიზმი
ტრიმეკორი MR არეგულირებს იშემიურ და ჰიპოქსიურ უბნებში უჯრედების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის რაოდენობის შემცირებას, უზრუნველყოფს მემბრანული იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, კალიუმისა და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტს და უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.ტრიმეკორი MR აფერხებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის პროცესს, ზრდის გლუკოზის დაჟანგვას, ხელს უწყობს გლიკოლიზისა და ჟანგვითი დეკარბოქსილირების პროცესებს შორის თანაფარდობის აღდგენას. აღნიშნული მექანიზმებით ტრიმეტაზიდინი უზრუნველყოფს მიოკარდიუმის იშემიისგან დაცვას. ცხიმოვანი მჟავების ჟანგვითი პროცესების გლუკუზის დაჟანგვით ჩანაცვლება საფუძვლად უდევს პრეპარატის ანტიანგინალურ მოქმედებას. ტრიმეტაზიდინი ხელს უწყობს იშემიის დროს გულის კუნთის და ნეიროსენსორული ორგანოების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ამცირებს უჯრედშიდა აციდოზს, გულის იშემიურ და რეპერფუზიულ ქსოვილებში ამცირებს პოლინუკლეარული ნეიტროფილების მიგრაციასა და ინფილტრაციას, ხელს უწყობს მიოკარდიუმის დაზიანებული უბნის შემცირებას, ამასთან არ მოქმედებს ჰემოდინამიკაზე. გულის იშემიური დაავადების დროს ტრიმეტაზიდინი აუმჯობესებს კორონარულ რეზერვს და ამით აფერხებს ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული იშემიის განვითარებას, ზღუდავს არტერიული წნევის მკვეთრ მერყეობას, არ მოქმედებს გულის რიტმზე. პრეპარატი ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს, ამცირებს ნიტრატებისადმი მოთხოვნილებას, პაციენტებში იშემიური დისფუნქციით, აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის ფუნქციას. პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 5 საათში მიიღწევა მაქსიმალური კონცენტრაცია. ტრიმეტაზიდინი გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ძირითადად თირკმლების საშუალებით. T1/2 – 7 სთ, ხანდაზმულ პაციენტებში T1/2 შეადგენს 12 სთ-ს.

ჩვენებები
– კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
– ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულური დარღვევები თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება);
– ოფთალმოლოგია: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური დარღვევები.

მიღების წესები და დოზები
ტრიმეკორი MR ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ ჭამის დროს, დილას და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ღებინება. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ლაქტაციის პერიოდში, ტრიმეკორის დანიშვნის აუცილებლობისას, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად. ტრიმეკორი MR განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვის და არა შეტევების კუპირებისთვის. პრეპარატი არ გამოიყენება არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის საწყისი თერაპიის მიზნით. არ არის რეკომენდებული ტრიმეკორი MR-ის გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, როცა კკ ნაკლებია 15 მლ/წთ და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს. ტრიმეტაზიდინის სხვა მედიკამენტებზე გავლენა და დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და აქტიური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობაზე.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი

III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები