უვეიტი თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთებაა. თვალის პათოლოგიებს შორის მისი წილი 2,4-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. ეს დაავადება საყურადღებოა იმით, რომ უმთავრესად ახალგაზრდებშია გავრცელებული – 20-დან 40 წლამდე. ათიდან 5 შემთხვევაში იგი იძენს ქრონიკულ ხასიათს და პერიოდულად მწვავდება.
თვალის სისხლძარღვოვანი გარსი სკლერასა და ბადურა გარსს შორის მდებარეობს. იგი უმთავრესად სისხლძარღვებისგან შედგება, რომლებიც თვალს სისხლით ამარაგებს. სისხლძარღვოვანი გარსის წინა, ხილულ ნაწილს ფერადი გარსი ეწოდება, შუა ნაწილს – წამწამოვანი (ცილიარული) სხეული, უკანას – ქორიოიდეა.
ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ პათოლოგიებს:

  • ირიტი – ფერადი გარსის ანთება;
  • ციკლიტი – წამწამოვანი სხეულის ანთება;
  • ირიდოციკლიტი – ფერადი გარსისა და წამწამოვანი სხეულის ანთება;
  • ქორიოიდიტი – სისხლძარღვოვანი გარსის უკანა ნაწილის (ქორიოიდეას) ანთება;
  • ქორიორეტინიტი – ქორიოიდეასა და ბადურა გარსის ანთება;
  • პანუვეიტი – სისხლძარღვოვანი გარსის ყველა ნაწილის ანთება.

ირიტი და ირიდოციკლიტი წინა უვეიტს წარმოადგენს, ქორიოიდიტი და ქორიორეტინიტი კი – უკანა უვეიტს.

მიზეზები
უვეიტი შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტრავმამ (უმთავრესად – ბავშვებში);
  • ქიმიურმა და ფიზიკურმა ზემოქმედებამ;
  • ალერგიამ;
  • ბაქტერიებმა, ვირუსებმა, სოკოებმა და პარაზიტებმა, მათ შორის – ტუბერკულოზის მიკობაქტერიამ, სიფილისის გამომწვევმა მკრთალმა ტრეპონემამ, ტოქსოპლაზმამ, ციტომეგალოვირუსმა, ჰეპატიტის ვირუსმა და სხვა;
  • რევმატულმა დაავადებამ, მათ შორის – რევმატოიდულმა ართრიტმა, ბეხტერევის დაავადებამ, რეიტერის სინდრომმა;
  • სისტემურმა დაავადებებმა, მათ შორის – სარკოიდოზმა.

სიმპტომები და მიმდინარეობა
წინა უვეიტის დროს შესაძლოა საკმაოდ სწრაფად იჩინოს თავი:

  • თვალის სიწითლემ;
  • თვალის ტკივილმა;
  • ცრემლდენამ;
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატებამ;
  • მხედველობის დაქვეითებამ.

უკანა უვიტის დროს დაავადების სიმპტომები მოგვიანებით ვლინდება და სუსტად არის გამოხატული. ტკივილი, წესისამებრ, არ შეინიშნება. თვალები არ წითლდება. მხედველობა განუწყვეტლივ ქვეითდება ან თვალწინ ლაქები ან ნისლი ჩნდება. შესაძლოა, ავადმყოფი დამახინჯებულად ხედავდეს საგნებს და უჩიოდეს ტკივილს თვალების კაკლების უკან.
უვეიტი მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც. შემთხვევათა ნახევარში დაავადება იძენს მორეციდივე ხასიათს, ამიტომ ყველა, ვისაც კი აქვს გადატანილი მწვავე უვეიტი, უნდა იყოს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

გართულებები

უვეიტის გართულებებიდან აღსანიშნავა:

  • გუგის უკანა სინექია (შეზრდა) ან შეხორცება. ამასთან, გუგის კიდეები შეწებებულია ბროლთან. გუგები აღარ არის მრგვალი;
  • მეორეული გალუკომა (თვალშიდა სითხის გაწოვის დარღვევის გამო);
  • კატარაქტა;
  • მინისებური სხეულის დაბინდვა;
  • ბადურა გარსის შეშუპება;
  • ბადურა გარსში ახალი სისხლძარღვების გაჩენა;
  • ბადურა გარსის აშრევება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
უვეიტის დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა ჩატარდეს თვალის ბიომიკროსკოპიული კვლევა და თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპია. სხვა კვლევები, მათ შორის – გულმკერდის ორგანოთა ფლუოროგრაფია და სისხლის გამოკვლევა სხვადასხვა ინფექციაზე, ექიმს დაავადების მიზეზის დადგენაში ეხმარება.
თუ უვეიტის მიზეზი ინფექციაა, ინიშნება ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თუ დაავადების წარმოშობა გაურკვეველია – მაშინაც ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული მედიკამენტებიც და კორტიკოსტეროიდებიც). ყოველთვის ინიშნება ადგილობრივი მკურნალობა წვეთებითა და კრემებით. წინა უვეიტის განვითარების პირველ საათაბში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუგების გამაფართოებელი წვეთების გამოყენება.
რაც უფრო გვიან დაიწყება უვეიტის მკურნალობა, მით მეტად დაზიანდება თვალი და შესაძლოა, საქმე მხედველობის დაკარგვამდეც კი მივიდეს, ამიტომ თვალის უმნიშვნელო სიწითლის დროსაც კი, თუ მან 1-2 დღეში არ გაიარა, საჭიროა ოფთალმოლოგთან მისვლა.

Facebook კომენტარები