ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.

მწვავე ფარინგიტი

მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა. დამოუკიდებელი დაავადების სახით გვხვდება ინფექციური აგენტებისა და სხვადასხვა გამღიზიანებლის (პირით ხანგრძლივი სუნთქვა, თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, სიცივეში ხმამაღალი საუბარი, ძალიან ცხელი და ცივი საკვების მიღება და სხვ.) უშუალო ზემოქმედებისას, თუმცა მეტწილად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებასთან (გრიპი, სასუნთქი გზების კატარი, სხვადასხვა ინფექციური დაავადება) არის შერწყმული.
მწვავე ფარინგიტს იწვევს ვირუსული (ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, გრიპის ვირუსი და სხვა) და ბაქტერიული ინფექცია (Haemophilus influenzae; Moraxella catarrhalis; Corynebacterium diphtheriae; A, C, G ჯგუფის სტრეპტოკოკი, დიპოლოკოკი; გონოკოკი; Mycoplasma pneumoniae; Chlamydia pneumoniae და სხვა). ვირუსული წარმოშობის მწვავე ფარინგიტი გვხვდება შემთხვევათა 70%-ში, ბაქტერიული – 30%-ში. ხელშემწყობი ფაქტორებია ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი გადაცივება, ცხვირის ღრუს, ცხვირის წიაღებისა და ცხვირ-ხახის პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.
მწვავე ფარინგიტის დროს ხდება ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ინფილტრაცია, სისხლძარღვთა გაფართოება და ეპითელიუმის დესკვამაცია. ანთებითი პროცესი შესაძლოა გავრცელდეს სასმენი მილის ლორწოვან გარსზე. ლორწოვანი გარსის მხრივ საპასუხო რეაქცია უფრო მეტად გამოხატულია ლიმფური ქსოვილის დაგროვების ადგილას ანუ ხახის უკანა კედელზე, ხახა-სასის რკალზე. ხახის უკანა კედლის ფოლიკულები ამ დროს შეშუპებულია, ახლომდებარე ფოლიკულები ერწყმის ერთმანეთს, წარმოიშობა გრანულები (გრანულოვანი ფარინგიტი).
მწვავე ფარინგიტის დიაგნოსტიკა არ არის რთული, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ანალოგიური კლინიკური სურათი შეიძლება გამოიწვიოს დიფტერიამ, კატარულმა ანგინამ და სხვა ინფექციურმა დაავადებებმა. ხახის უკანა კედლიდან და ნუშურა ჯირკვლების ზედაპირიდან აღებული ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი კლინიკურ სურათთან ერთად მწვავე ფარინგიტის დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას იძლევა.

სიმპტომები და მიმდინარეობა
მწვავე ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხახის ფხაჭნისა და წვის შეგრძნება, სიმშრალე, სუსტი ტკივილი ყლაპვის დროს (ტკივილი ნერწყვის ყლაპვის დროს მეტადაა გამოხატული, ვიდრე საკვების ყლაპვის დროს), ყურების დაგუბება. ზოგჯერ ავადმყოფი ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას უჩივის. სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს სუბფებრილური. ზოგადი მდგომარეობა, როგორც წესი, ნაკლებად იცვლება, თუმცა ანთების გამოხატული ფორმის დროს მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება და თავის ტკივილი.
ფარინგოსკოპიით ხახის ლორწოვანი გარსი, სასის ნუშურები ჰიპერემიულია, მოჩანს ლორწოვან-ჩირქოვანი ნადები. ზოგჯერ ხახის უკანა კედელზე შესამჩნევია ცალკეული ფოლიკულები წითელი მარცვლების სახით. ნაქი შეშუპებულია. უმცროსი ასაკის ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. ხშირად იგი შერწყმულია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებასა და მწვავე კატარულ რინიტთან. ირღვევა ცხვირით სუნთქვა. მწვავე ფარინგიტი მოითხოვს დიფერენცირებას კატარული ანგინისგან.

მკურნალობა

მწვავე ფარინგიტს, წესისამებრ, ადგილობრივად მკურნალობენ ანტისეპტიკური სავლებით, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღდეგო აეროზოლებით (ბიოპაროქსით, სტოპანგინით, ჰექსასპრეით და სხვა). იკრძალება გამაღიზიანებელი (ცხელი, ცივი, მჟავე, ცხარე, მარილიანი და სხვა) საკვები, მოწევა, ალკოჰოლი, ხმამაღალი ლაპარაკი.
ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ჩირქოვანი და რევმატული გართულებების თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები. არჩევითი პრეპარატია პენიცილინი (ფენოქსიმეთილპენიცილინი), რადგან A ჯგუფის სრტეპტოკოკი მის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა.

ქრონიკული
ფარინგიტი

ქრონიკული ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას იწვევს ხშირი მწვავე ფარინგიტი, ქრონიკული სურდო, ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები, ქრონიკული ტონზილიტი. დიდ როლს ასრულებს მის განვითარებაში ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, რომლებიც ვენურ სისტემაში შეგუბებით მოვლენებს იწვევს, კლიმატური პირობები (ცივი ამინდები) და მავნე ჩვევები, სახელდობრ, ნიკოტინი და ალკოჰოლი.
განასხვავებენ ქრონიკული ფარინგიტის სამ ფორმას: კატარულს, ჰიპერტროფიულსა და ატროფიულს.
კატარული და ჰიპერტროფიული ფორმების დროს კლინიკური სურათი ერთნაირია:

  • ნახველის დაგროვება და ამოხველების სურვილი, განსაკუთრებით – დილაობით;
  • ლორწოვანი ამ დროს ჰიპერემიულია, შესივებული, ხახის უკანა კედელზე შეიმჩნევა წითელი ფოლიკულები, რომლებიც დაფარულია ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტით.
  • ატროფიული ფორმის დროს ავადმყოფი უჩივის:
  • ყელის სიმშრალეს, ფხაჭნისა და უცხო სხეულის შეგრძნებას;
  • ხმის დაღლას;
  • ხველას.

მკურნალობა
ფარინგიტის მკურნალობა კონსერვატიული და ადგილობრივია. იგი უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფვხრაა საჭირო (მაგალითად, ალკოჰოლსა და ნიკოტინზე უარის თქმა). კატარული და ჰიპერტროფიული ფორმების დროს ყელში გამოსავლებად უნიშნავენ სოდის, ევკალიპტის ან მარილის წყალხსნარს, ანთებით უბანზე წასასმელად – კორალგოლის 1-, 2-, 3-, 5-, 10%-იან ხსნარებს, პროტალგოლს, იოდგლიცერინს. ატროფიული ფორმების დროს სავლებად ტუტე ხსნარებს იყენებენ, წასასმელად კი – იოდგლიცერინს. მიმართავენ ზეთოვან ინჰალაციასაც.

Facebook კომენტარები