ფიმოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც.

თანდაყოლილი
ფიმოზი

მუცლად ყოფნის პერიოდსა და სიცოცხლის პირველ წლებში ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს (ასოს თავზე ჩუჩა სრულად გადაეწევა მხოლოდ ახალშობილ ვაჟთა 4%-ს, 90%-თან კი ეს მხოლოდ 3 წლისთვის ხერხდება). ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია, რომელიც განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური შევიწროებით, არამედ ასოს თავზე მისი მიწებებით. თუ ჩუჩის სპონტანურ გახსნამდე ასოს თავის ან ჩუჩის ანთება განვითარდა, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ანთებითი ნაწიბურები და ფიზიოლოგიური ფიმოზი თანდაყოლილ ანომალიაში გადაიზარდოს.
ეს პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების, სმეგმის დაგროვებას. სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია. მისი ჭარბი დაგროვებისას იქმნება ხელსაყრელი პირობები დაავადებათა გამომწვევი მიკრობების გამრავლებისთვის, ამიტომ აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა – ასოს თავის რეგულარული ბანა საპნითა და თბილი წყლით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ბალანოპოსტიტი – ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელსაც ხშირად ინფექციის აღმავალი გავრცელება მოჰყვება. ამ დროს ანთებითი პროცესი შარდსადენ მილს და ზოგჯერ შარდის ბუშტსაც მოიცავს.
ძლიერი ფიმოზის დროს ჭირს შარდვა, შარდის ნაკადი სუსტდება, შარდვისას ჩუჩა იბერება. თუ ამას ანთებითი პროცესიც დაერთო, შარდის გამოყოფა მტკივნეული ხდება. შარდის შეკავებამ შესაძლოა შარდის ბუშტის ატონია გამოიწვიოს. ფიმოზი შესაძლოა გართულდეს ცისტიტით, საშარდე გზებსა და შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნით, პიელონეფრიტით.
ჩუჩის ძალით გადაწევა არ შეიძლება – შესაძლოა, ჩაიჭედოს და წინ გამოცურების უნარი დაკარგოს, რაც ძლიერ ტკივილს და სისხლის შეგუბებას გამოიწვევს. ჩაჭედვისას საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება ასოს თავის ან ჩუჩის ნეკროზი (კვდომა).
სიცოცხლის პირველ წლებში ფიზიოლოგიური ფიმოზი მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია ჩუჩისა და ასოს თავის ტუალეტი – რეგულარული გასუფთავება თბილი წყლითა და საპნით. თუ 3-6 წლის ასაკში ის სპონტანურად არ გაიხსნა, ექიმის დახმარება გარდაუვალია.
ფიმოზის რეციდივის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ჩარევიდან ერთი თვის განმავლობაში მშობელმა ბავშვს 2-3 დღეში ერთხელ უნდა გადაუწიოს ჩუჩა და თბილი წყლითა და საპნით გაუსუფთაოს.

შეძენილი ფიმოზი

შეძენილი ფიმოზი ასოს ტრავმის ან დაავადების შედეგად ვითარდება. მოზრდილ მამაკაცებს ის შესაძლოა ბავშვობიდან ჰქონდეთ შემორჩენილი ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში შეძენილი. აღნიშნულ პერიოდში, გარეთა სასქესო ორგანოების ინტენსიური ზრდის პროცესში, ზოგჯერ თავს იჩენს ერთგვარი შეუსაბამობა სასქესო ასოსა და ჩუჩის განვითარებას შორის – ჩუჩა ზომით ჩამორჩება ასოს თავს. მისი სანათური იმდენად მცირეა, რომ სრულად გადაწევა ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, დაავადება პროგრესირებს (მასტურბაციისა და სქესობრივი ცხოვრების გამო). ერექციის დროს ასოს თავი დიდდება, ჩუჩა ძნელად, გაჭირვებით იწელება, კიდეები უსკდება. ნახეთქები, წესისამებრ, ძალიან მცირე ზომისაა, არ იწვევს სისხლდენას, მაგრამ მათი შეხორცებისას დაზიანებულ უბნებში მიკრონაწიბურები წარმოიქმნება. ნაწიბუროვანი (შემაერთებელი) ქსოვილი ნაკლებელასტიკურია, ამიტომ ყოველი ახალი ნაწიბური უფრო მეტად ამძიმებს პათოლოგიურ პროცესს, უფრო მეტად ავიწროებს ჩუჩას. პროცესის პროგრესირებისდაკვალად, შესაძლოა, ჩუჩის კიდემ სქესობრივი აქტის დროს უფრო და უფრო სერიოზული და სისხლმდენი დაზიანება განიცადოს. გამოხატული ფიმოზის დროს შარდის ბუშტის დაცლაც გაძნელებულია, რაც, თავის მხრივ, იწვევს შარდის ბუშტის კედლის გადაძაბვას, გაწელვას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესის განვითარებასა და კენჭების ჩამოყალიბებას.

გართულებები

ფიმოზის გართულებათაგან აღსანიშნავია პარაფიმოზი – სასქესო ასოს თავის გაჭედვა ჩუჩაში, რის შედეგადაც ასოს თავი და ჩუჩა შუპდება. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ფიმოზის კიდევ ერთი სერიოზული გართულებაა ბალანოპოსტიტი – ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ.

მკურნალობა

ფიმოზის მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაცია აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო:
1. ჰიგიენური მოსაზრებით (არასრულფასოვანმა ჰიგიენამ შესაძლოა განაპირობოს ასოს თავის კიბოს განვითარება);
2. პარაფიმოზის – ჩუჩის ჩაჭედვის (დაბანის ან სქესობრივი აქტის დროს) – გამო. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ოპერაციული ჩარევა – მომჭერი რგოლის ჩაკვეთა. ხშირად საჭირო ხდება განმეორებითი ოპერაციაც – უშუალოდ ჩუჩის შემოჭრა.
ფიმოზის მკურნალობა ცირკუმციზიას – ჩუჩის მოკვეთას გულისხმობს. მას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ამჟამად ცნობილია ცირკუმციზიის რამდენიმე ტიპი, რომლებიც სხვადასხვა ქირურგის მიერ არის შემუშავებული. განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რომელთა დროსაც, შესაბამისად, ხდება ჩუჩის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროცედურა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისის, გენიტალური ჰერპესის და სხვ.) ალბათობასაც აქვეითებს. ცირკუმციზია აადვილებს სასქესო ასოს ჰიგიენას – სმეგმა ამ დროს გაცილებით ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა.
რაც შეეხება ცირკუმციზიის უარყოფით შედეგებს:

  • თუ პროცედურა არასრულფასოვნად და არასტერილური ხელსაწყოებით ჩატარდა, ისევე, როგორც სხვა ქირურგიული მანიპულაციების დროს, შესაძლოა, ჭრილობა ანთებითი პროცესით გართულდეს. ჭრილობის დაჩირქებას ხელს უწყობს ანალური ხვრელის სიახლოვე და პოსტოპერაციულ პერიოდში ჰიგიენის წესების დაუცველობა.
  • ცირკუმციზიას ზოგჯერ სასქესო ასოს დეფორმაცია მოსდევს. პროცედურის არასწორად ჩატარება (კანის ნაოჭის საჭიროზე მეტი ნაწილის მოკვეთა) ასოს მფარავი კანის დაჭიმვას იწვევს და პენისის დეფორმაციას განაპირობებს.

ამ გართულებათა რისკი დახელოვნებული ქირურგების ხელში მინიმუმამდე დადის, ამიტომ ნუ შეგაშინებთ ქირურგიული მანიპულაციის გართულების ალბათობა. გირჩევთ, გააცნობიეროთ ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა და ექიმ სპეციალისტს მიმართოთ.

Facebook კომენტარები