ქლამიდიური ეტიოლოგიის დაავადების შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში გვხვდება. ქლამიდიების ძველთაძველი მოდგმის სამ წარმომადგენელს (pneumoniae, psittaci, trachomatis) შეუძლია, ადამიანის ორგანიზმში ორგანულ დაზიანებათა მთელი წყება გამოიწვიოს. ეს იშვიათი მიკროორგანიზმი ერთდროულად აზიანებს გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებს, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, გულისა და სისხლძარღვების ინტიმას, სახსრების სინოვიურ ჩანართებს, კბილებს, მხედველობისა და სმენის ორგანოებს. სინათლის მიკროსკოპში ძნელად გასარჩევ ორგანიზმს მედიკოსები დიდხანს არ აქცევდნენ ყურადღებას, რადგან ავადმყოფებს არ ჰქონიათ მძიმე ანამნეზი და არც მიკრობის აღმოჩენის ისტორია ყოფილა ხმაურიანი. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ნუსხაში ქლამიდიოზს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია, ხოლო აშშ-ში სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიად არის აღიარებული. ქლამიდიას ვერც ვირუსებს მივაკუთვნებთ და ვერც ბაქტერიებს, რადგან აგებულებითა და ფუნქციობით გაცილებით რთულია პირველზე და მარტივია მეორეზე. ამ მიკროორგანიზმით მსოფლიოში ყოველწლიურად 90 მილიონი ადამიანი ინფიცირდება.

გადაცემის გზები

ქლამიდიით ინფიცირება, ჩვეულებრივ, სქესობრივი კონტაქტის დროს ხდება. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2 კვირიდან 1 თვემდეა. ბავშვებიც შეიძლება დაინფიცირდნენ ქლამიდიოზით – გადაედოთ დაავადებული დედისგან სამშობიარო გზების გავლის დროს. ასევე შესაძლოა დაავადების გადაცემა საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით. მაგალითად, დადგენილია, რომ ქლამიდია ინფიცირების უნარს ინარჩუნებს საყოფაცხოვრებო ნივთებზე, მათ შორის – ბამბის ქსოვილზე, 2 დღე-ღამის განმავლობაში 18-190C ტემპერატურის პირობებში.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ქლამიდიოზი უმეტესად უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებით მიმდინარეობს. ქალებში თავს იჩენს ისეთი კლინიკური სიმპტომებით, როგორიც არის ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი საშოდან. ნორმალური გამონადენისგან მას განასხვავებს უსიამოვნო სუნი ან მოყვითალო ფერი. მოსალოდნელია აგრეთვე:
-ყრუ ტკივილი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების საპროექციო მიდამოში;
-ქავილი და წვა (შესაძლოა, შარდვის დროსაც), ტკივილი მცირე მენჯის არეში;
-ტკივილის გაძლიერება მენსტრუაციის წინ;
-მენსტრუაციათა შორის სისხლდენა.
გარდა ამისა, ქალი შესაძლოა უჩიოდეს ზოგად სისუსტეს და მსუბუქ ტემპერატურულ რეაქციას, რაც ინტოქსიკაციის სიმპტომს წარმოადგენს.
-მამაკაცებში ქლამიდიური ინფექცია თავდაპირველად ვლინდება როგორც შარდსადენის მსუბუქი ანთება – ურეთრიტი, რომელიც გახანგრძლივებულ, ქრონიკულ სახეს იღებს და გრძელდება არა უმცირეს რამდენიმე თვისა. შარდვისას შესაძლოა იგრძნობოდეს ქავილი და წვა. მოსალოდნელია სხვადასხვა ხასიათის ყრუ ტკივილიც სათესლე ჯირკვლის, სათესლე პარკის, შარდსადენისა და წელის მიდამოში. სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 37 გრადუსამდე მოიმატოს და განვითარდეს საერთო სისუსტე, რაც ასევე ინტოქსიკაციის შედეგია. შესაძლოა, აღინიშნებოდეს შარდის შემღვრევა მასში ჩირქოვანი ძაფების არსებობის გამო, შარდვისა და ეაკულაციის შემდეგ – სისხლიანი გამონადენი. ზოგჯერ ქლამიდია დიდხანს რჩება ლორწოვანზე იზოლირებული მიკროკოლონიების სახით. ამას მედიცინაში მატარებლობას უწოდებენ. ამ შემთხვევაში კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა ორგანოთა არავითარ დაზიანებას არ ავლენს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი კლინიკურად ჯანმრთელია, მხოლოდ მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული მეთოდების საშუალებით თუ აღმოაჩენენ ქლამიდიებს. ეს მდგომარეობა იმუნური სისტემის მხრივ ქლამიდიების გამრავლების დათრგუნვით არის განპირობებული.
ქლამიდიოზის გართულებებია:
-რეიტერის დაავადება (ურეთროოკულოსინოვიური სინდრომი). მისთვის დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა: ურეთრიტი, კონიუნქტივიტი და ართრიტი. ამ სინდრომის დროს მოსალოდნელია კანის დაზიანებაც.
-ურეთრის სტრიქტურა – შარდსადენის შევიწროება ურეთრის ლორწოვანი გარსის ნაწიბუროვანი ცვლილების გამო. ამ გართულების მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციული ჩარევაა.
-ორქიეპიდიდიმიტი, რომელიც იწვევს სპერმაგენეზის (სპერმატოზოიდების წარმოების) შეფერხებას და შესაძლოა, მამაკაცის უშვილობის მიზეზად იქცეს.
-ქრონიკული პროსტატიტი, რომელიც გავლენას ახდენს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილზე და ცვლის პროსტატის სეკრეტის რაოდენობასა და ხარისხს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე.
-ქალებში – მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებები. ქლამიდიური ინფექცია შესაძლოა შეიჭრას საშვილოსნოში, საშვილოსნოს დანამატებში, საშვილოსნოს მილებში და გამოიწვიოს ანთებითი პროცესი – ენდომეტრიტი, სალპინგოოოფორიტი, სალპინგიტი. ქლამიდიოზისთვის დამახასიათებელია საშვილოსნოს მილებში ნაწიბურებისა და შეხორცებების წარმოქმნა, რაც შესაძლოა საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უშვილობის მიზეზად იქცეს.
-ქლამიდიოზი ხშირად იწვევს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას, ხოლო მშობიარობის დროს, როგორც გითხარით, დიდია რისკი იმისა, რომ დაავადებული დედისგან ქლამიდიოზი ბავშვსაც გადაედოს.

ქლამიდიოზის დიაგნოსტირება

ქლამიდიოზის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. დაავადება ზოგჯერ კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ზოგჯერ კი სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფი ყურადღებას არც კი აქცევს. ზოგჯერ ქლამიდიოზის კლინიკური სიმპტომატიკა 10-14 დღეში თავისთავად ქრება, მაგრამ ეს მოჩვენებითი განკურნებაა. სინამდვილეში დაავადება გადადის ქრონიკულ სტადიაში და ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს. როგორც მამაკაცებისთვის, ისევე ქალებისთვის ინფექციის განვითარების უკანასკნელ წერტილს წარმოადგენს უნაყოფობა, ხოლო თუ მაინც მოხერხდა დაორსულება, სპონტანური აბორტის ალბათობა დიდია. ქლამიდიოზის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ მიკროსკოპიულ, სეროლოგიურ მეთოდებს, დნმ-მეთოდს, იმუნოფერმენტულ ანალიზს, ქლამიდიების გამოყოფას უჯრედების კულტურაში, პოლიმერულ ჯაჭვურ რეაქციას.

ქლამიდიოზის მკურნალობა

ქლამიდიოზი მკურნალობას ძნელად ემორჩილება. ქლამიდიურ ინფექციას ერთსა და იმავე დროს აქვს როგორც ბაქტერიისთვის, ასევე ვირუსისთვის დამახასიათებელი თვისებები, ახასიათებს როგორც უჯრედშიდა, ასევე უჯრედგარე განვითარების რთული ციკლი. ცხოველმყოფელობის პროცესში ქლამიდიები ინერგებიან ორგანიზმის უჯრედებში და არღვევენ მათ. ამას თან სდევს ანთებითი რეაქციები, რომლებიც იწვევს შეხორცებით პროცესებს და იმუნური სისტემის გამოფიტვას. ვინაიდან Chlamydia trachomatis
უჯრედშიდა პარაზიტია, მედიკამენტების არჩევანი შემოიფარგლება იმ საშუალებებით, რომლებსაც უჯრედში შეღწევის უნარი შესწევს. ამის კვალობაზე, ანტიბიოტიკებიდან გამოიყენება მაკროლოდებს. თუმცა ქლამიდიების სპეციფიკური უჯრედშიდა გამრავლების გამო მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა მათი განადგურების შესაძლებლობას. ქლამიდიოზის მკურნალობის მთავარი პრინციპია ინდივიდუალური მიდგომა, დაფუძნებული ანამნეზსა და ზედმიწევნითი კლინიკური გამოკვლევის მონაცემებზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი და ადგილობრივი იმუნიტეტის ამაღლებას. ამისთვის საჭიროა ვიტამინების მიღება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და დიეტა. ანტიბიოტიკებთან ერთად ქლამიდიოზის მკურნალობის სქემაში შესაძლოა ჩართულ იქნეს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნომოდულატორები. ურეთრიდან ჭარბი გამონადენის შემთხვევაში – ადგილობრივი ანტიმიკრობული პრეპარატები. აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობა პაციენტის ყველა სქესობრივ პარტნიორს. მკურნალობის პერიოდში სქესობრივი ცხოვრება არ არის რეკომენდებული ან დასაშვებია მხოლოდ პრეზერვატივის გამოყენებით. მკურნალობის პერიოდში ასევე თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმლის მიღებისგან. რეკომენდებულია, შეიზღუდოს რძის პროდუქტები.

განკურნების კრიტერიუმები
განკურნების კრიტერიუმებია:
-სასქესო ორგანოების მორფოლოგიურ ცვლილებათა არარსებობა;
-ქლამიდიოზის კლინიკური სიმპტომების გაქრობა;
-ლეიკოციტური რეაქციის მყარი ნორმალიზება.

ქლამიდიოზის პროფილაქტიკა
უკანასკნელ ხანს ქლამიდიოზი ხშირად გვხვდება სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებთან – გონორეასთან, ურეაპლაზმოზთან, მიკოპლაზმოზთან, ტრიქომონიაზთან, კანდიდოზთან, ათაშანგთან ერთად, ამიტომ შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ აუცილებელია ანალიზის ჩაბარება ფარულ სასქესო ინფექციებზე. საპროფილაქტიკოდ კი საჭიროა რიგი ღონისძიება:
-სქესობრივი კავშირის ჰიგიენის, კერძოდ, ბარიერული საშუალებების გამოყენების პროპაგანდა.
-აუცილებელია, დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა საქმის კურსში ჩააყენოს სქესობრივი პარტნიორი, რათა დროული მკურნალობით მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი იმ გართულებათა განვითარების საფრთხე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

Facebook კომენტარები