ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის გავრცელება ორსულობის დროს ასეთია: 10 000 ორსულზე ერთი შემთხვევა. დაავადება, ჩვეულებრივ, ვითარდება ორსულობის 34-36-ე კვირას. წინათ ამ დაავადებით დედისა და ნაყოფის სიკვდილიანობა, შესაბამისად, 80 და 75%-ს აღწევდა. ბოლო ხანს ეს მაჩვენებლები 18 და 23%-მდე შემცირდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობაა.

მიზეზები
მიზეზი დაუდგენელია. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექცია, ინტოქსიკაცია და პრეეკლამფსია. ზოგიერთ ავტორს მიაჩნია, რომ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და პრეეკლამფსია ერთი და იმავე დაავადების გამოვლინებაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ორსულობის თანმხლები ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის დროს გამოხატულია სიყვითლე, ტკივილი ეპიგასტრიუმისა და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, პრეეკლამფსიის სიმპტომები: არტერიული ჰიპერტენზია, პროტეინურია, აგრეთვე – ქავილი, გულისრევა და პირღებინება. იმ ორსულებთან, ვისი ნაყოფიც მამრობითი სქესისაა, ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია 3-ჯერ უფრო ხშირია. ასიდან 30-60 შემთხვევაში დისტროფია ერწყმის პრეეკლამფსიას, ხოლო 9-25 შემთხვევაში – მრავალნაყოფიან ორსულობას. არცთუ იშვიათია თანმხლები მწვავე პანკრეატიტიც. ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს ირღვევა ფიბრინოგენი და შედედების II, VII, IX და X (K-ვიტამინდამოკიდებული) ფაქტორები, ამიტომ ამ დროს ხშირად აღინიშნება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის მთავარი გართულება სწორედ ღვიძლის მწვავე უკმარისობაა, არცთუ იშვიათად – მძიმე ფორმისა.

ლაბორატორიული
მაჩვენებლები

ამ დროს აღირიცხება:
-ლეიკოციტოზი – 20-30 ათასამდე;
-ამინტრანსფერაზების აქტივობის მომატება – 3-10-ჯერ;
-ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება – 5-10-ჯერ;
-ჰიპოგლიკემია – ხშირად გამოუცნობი;
-შრატში ამინმჟავების რაოდენობის შემცირება;
-პროთრომბინის დროის მომატება (ზოგჯერ – 25 წმ-ზე მეტად);
-თრომბოციტოპენია – მაჩვენებელი იშვიათად ეცემა 100 000 მკლ-ზე დაბლა.
იმის გამო, რომ ღვიძლის მწვავე დისტროფიის პირველი ნიშნები შეიძლება გულისრევა, ღებინება და სიყვითლე იყოს, ყველა ორსულს, ვისაც კი ასეთი სიმპტომები აქვს, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა. უპირველეს ყოვლისა, გამორიცხავენ A, B, C, D და E ჰეპატიტებს, ციტომეგალოვირუსულ ინფექციას და ინფექციურ მონონუკლეოზს, აფასებენ ღვიძლის ფუნქციას. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის დადგენის ყველაზე ზუსტი მეთოდი ბიოფსიაა, მაგრამ მას მხოლოდ მძიმე შემთხვევებში მიმართავენ. დიაგნოსტიკისთვის იყენებენ კვლევის ულტრაბგერით მეთოდს, რომელიც ყოველთვის ინფორმაციული არ არის. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფიის საბოლოო დიაგნოზი ეფუძნება კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირების გარეშე და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას.

მკურნალობა
ტარდება მეტაბოლური დარღვევების კორექცია და ნაყოფის მდგომარეობის შეფასების შემდეგ მშობიარობა დაუყოვნებლივ სრულდება. ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია სასწრაფო მშობიარობის ჩვენებაა. თუ საშვილოსნოს ყელი მწიფეა და უკუჩვენება არ არის დადასტურებული, აღძრავენ მშობიარობას; თუ ყელი მოუმწიფებელია, ტარდება საკეისრო კვეთა. ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი გაუტკივარების საკითხი, ვინაიდან ზოგადი საანესთეზიო საშუალებები ჰეპატოტოქსიკურია. თუ სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებლები და თრომბოციტების დონე ნორმის ფარგლებშია, ნაჩვენებია რეგიონული (ეპიდურალური ან სპინალური) ანესთეზია. შედედების პარამეტრების შედარებისას აუცილებელია განისაზღვროს სისხლდენის დრო. დაბოლოს, ღვიძლის მწვავე ცხიმოვან დისტროფიას ზოგჯერ თან ახლავს მძიმე ჰიპოგლიკემია, ამიტომ ცნობიერების დარღვევისას ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩვენებია გლუკოზის კონტროლი.

Facebook კომენტარები