შიდსი აბრევიატურაა, რომელიც ასე იშიფრება: შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. ამრიგად, სინდრომის მიზეზია ადამიანის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის დეფიციტი, რასაც, თავის მხრივ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) იწვევს. მას შიდსის ვირუსსაც უწოდებენ. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ (დამცავ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი. ინფიცირებულ პირს ადვილად ემართება სხვადასხვა ინფექციური თუ სიმსივნური დაავადება, რასაც, წესისამებრ, ლეტალურ დასასრულამდე მიჰყავს.
ხშირად აივ ინფექციას და შიდსს ერთად მოიხსენიებენ, ამიტომ განვმარტავთ მათ შორის განსხვავებას. თანამედროვე კლასიფიკაციით, აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინ “შიდსით” აღინიშნება ორგანიზმის ინფიცირების შედეგად აღმოცენებული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომლის დროსაც ვლინდება დაავადების კლინიკური ნიშნები, იცვლება სისხლში CD4 ლიმფოციტების რაოდენობა. აივინფიცირებიდან შიდსის აღმოცენებამდე დაახლოებით 5-8 წელი გადის.

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება მსოფლიოში
გაეროს შიდსის პროგრამის 2006 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველდღიურად 15-დან 24 წლამდე ასაკის 6000-ზე მეტი ახალგაზრდა ინფიცირდება ვირუსით.
რეგისტრირდება ბავშვთა აივინფიცირების 2000-მდე შემთხვევა.
შიდსთან დაკავშირებული დაავადებებით იღუპება 15 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 39,5 მლნ ადამიანი. მათ შორის:
-მოზრდილები – 37,2 მლნ;
-ქალები – 17,7 მლნ;
-15 წლამდე ასაკის ბავშვები – 2,3 მლნ.
გარდაიცვალა 25 მლნ ადამიანზე მეტი.
მხოლოდ 2006 წელს დაინფიცირდა 4,3 მლნ ადამიანი.
გარდაიცვალა 2,9 მლნ.
საქართველოში რეგისტრირებული 1156-ზე მეტი შემთხვევის უკან დგას დაახლოებით 3500 არარეგისტრირებული შემთხვევა, ეს კი ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის უკვე სოლიდური მაჩვენებელია.

აივ ინფექცია/შიდსის რისკფაქტორები

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებია:
-ნარკომანიის ფართო გავრცელება;
-საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა;
-მოსახლეობის მაღალი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები;
-ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებების ნაკლებობა;
-სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
-პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება და/ან არასისტემატური მოხმარება;
-შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე.

შიდსის ვირუსის გადაცემის გზები

აივ ინფექციის წყაროა აივინფიცირებული ან შიდსით დაავადებული ადამიანი როგორც დაავადების უსიმპტომო პერიოდში, ასევე კლინიკური სურათის გაშლის შემდეგ.
აივი აღმოჩენილია ადამიანის არაერთ ბიოლოგიურ სითხეში. მას განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს:
-სისხლი;
-სპერმა/პრეეაკულარული სითხე;
-ვაგინალური სეკრეტი;
-თავზურგტვინის სითხე;
-დედის რძე.
შიდსის ვირუსი გადაეცემა:
-სქესობრივი – როგორც ჰეტერო-, ისე ჰომოსექსუალური (ვაგინალური, ანალური, ორალური) – კონტაქტით;
-აივინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით;
-აივინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით;
-აივინფიცირებული დედისგან ნაყოფს ან ახალშობილს – მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
შიდსის ვირუსი არ გადაედება:
-ჰაერწვეთოვანი გზით, შესაბამისად, არ არის საშიში აივინფიცირებულთან საუბარი, მის გვერდით ყოფნა, როცა ის ახველებს ან აცემინებს, მისი კოცნა;
-საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტითა და აბაზანით სარგებლობა, აივინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტით მგზავრობა;
-მწერებისა და ცხოველების საშუალებით.
გარემოში აივი ადვილად ინაქტივირდება. სიმშრალეში იგი უმეტესად რამდენიმე საათში კვდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სამი დღეც გაძლოს. ქსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღეს ძლებს, 370C-ზე – 11 დღეს, ხოლო 56-600C-ზე 30 წუთში იღუპება. ვირუსი ადვილად ემორჩილება ქიმიური საშუალებებით სტერილიზაციას.

შიდსის ვირუსის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე

ორგანიზმში შეჭრის შემდეგ შიდსის ვირუსი ახდენს თავისი გენეტიკური მასალის ინტეგრირებას ადამიანის გენეტიკურ მასალაში. ამით ის სხვა ვირუსებისგან განსხვავდება და სწორედ ამის ბრალია, რომ ამ დაავადებისგან განკურნება ვერ ხერხდება. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ძირითადი სამიზნე ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებია – CD4+ ლიმფოციტები. ინფიცირებისას ვირუსის გარსის ცილა უერთდება სამიზნე უჯრედის CD4 მოლეკულას, რასაც მოჰყვება ვირუსის შესვლა უჯრედში და მისი გენეტიკური მასალის ინტეგრაცია მასპინძლის გენეტიკურ მასალაში. შემდეგ ხდება ახალი ვირიონების აწყობა.
აივ ინფექციის იმუნოპათოგენეზში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას და მათი ფუნქციის დათრგუნვას, რასაც მოჰყვება იმუნური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა – იმუნოსუპრესია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისთვის დამახასიათებელია დაავადების ხანგრძლივი ლატენტური ანუ ფარული პერიოდი, პათოლოგიურ პროცესში ნერვული სისტემის ჩართვა და სუსტი იმუნური პასუხი. აივ ინფექციის პროგრესირების კვალდაკვალ CD4+ ლიმფოციტების რიცხვი პროგრესულად მცირდება, ამიტომ დაავადების ლაბორატორიული მეთვალყურეობისას CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა ვირუსულ დატვირთვასთან ერთად მნიშვნელოვანი მარკერია.
გარდა ამისა, შიდსის ვირუსის რეპლიკაციის თითოეული ციკლის დროს წარმოქმნილი შტამები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება უჯრედული ტროპიზმით, ანტიგენურობით, წამლების მიმართ მგრძნობელობით და სხვა მახასიათებლებით. მაღალი მუტაგენურობა აივს საშუალებას აძლევს, ეფექტიანად აიცილოს თავიდან ანტივირუსული იმუნური პასუხი, რაც ვირუსის პერსისტენციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აივის მუტაციის ამგვარი უნარი დაბრკოლებას უქმნის ვაქცინის შემუშავებას და განაპირობებს წამლების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.

აივ/შიდსის სიმპტომები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ორგანიზმში მოხვედრა ინფიცირებას იწვევს, თუმცა დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ არ მჟღავნდება. ეს არის აივინფიცირების სტადია, რომელიც შეიძლება 2-დან 8-10 წლამდე გაგრძელდეს. ჩივილები მას არ ახასიათებს, პაციენტი თავს ჯანმრთელად გრძნობს.
შემდგომ იწყება შიდსის ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის სტადია და თავს იჩენს დაავადების კლინიკური ნიშნებიც.
შიდსის სიმპტომთაგან აღსანიშნავია:
-გახანგრძლივებული ფაღარათი;
-ოფლიანობა;
-წონის კლება;
-ცხელება – ტემპერატურა შესაძლოა მერყეობდეს 37 0C-ის ფარგლებში, შესაძლოა აღინიშნებოდეს მაღალი ცხელებაც;
-ლიმფური კვენძების გადიდება – ლიმფადენოპათია.
ყველა ჩამოთვლილი სიმპტომის ერთდროული არსებობა არ არის აუცილებელი, მაგრამ როცა ერთდროულად დასტურდება დასახელებულთაგან თუნდაც ორი სიმპტომი, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ პაციენტს აქვს შიდსი და საჭიროა შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.
შიდსი იმუნური სისტემის მკვეთრ დათრგუნვას გულისხმობს. ეს აისახება დაავადების სახელწოდებაშიც (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი). დაბალი იმუნიტეტის ფონზე კი მოსალოდნელია ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება. ამ დროს ვლინდება ნებისმიერი ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი თუ პარაზიტული ინფექცია. ოპორტუნისტული ინფექციებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ტუბერკულოზი, პნევმოცისტური პნევმონია, ჰერპესული ინფექციები, კანდიდოზი, კრიპტოკოკული მენინგიტი, ტოქსოპლაზმოზი, ზოგიერთი სიმსივნე.

შიდსი და
ბაქტერიული
ინფექციები

შიდსის დროს განვითარებულ ბაქტერიულ ინფექციათაგან უნდა გამოვყოთ პნევმონია – ფილტვების ანთება. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა პნევმოცისტური პნევმონია. პნევმოცისტურ პნევმონიას, სხვა ბაქტერიული პნევმონიებისგან განსხვავებით, ახასიათებს სუნთქვის ძლიერი უკმარისობა და ღარიბი რენტგენოლოგიური მონაცემები. სხვა შემთხვევებში კი პნევმონიის სურათი ფილტვების ანთების ზოგადი სურათის ანალოგიურია. პაციენტი უჩივის ხველას, ტემპერატურის მომატებას, სუნთქვის გაძნელებას, ცხელებას.
შიდსის დროს განვითარებულ ბაქტერიულ ინფექციათაგან აღსანიშნავია აგრეთვე ტუბერკულოზი. შეიძლება შეგვხვდეს მისი როგორც ლიმფური კვანძების, ასევე ფილტვის ფორმა.

შიდსი და
ვირუსული
დაავადებები

შიდსთან ასოცირებულ ვირუსულ დაავადებათაგან აღსანიშნავია ჰერპეს-ზოსტერი ანუ შემომსარტყლავი ჰერპესი, მარტივი ჰერპესი და მისი გენერალიზებული ფორმა, რომლის დროსაც ჰერპესული გამონაყარი თითქმის მთელ სახეს მოიცავს. მნიშვნელოვანი პრობლემაა ციტომეგალოვირუსული ინფექციაც.

შიდსი და
სიმსივნური
დაავადებები

შიდსის დროს ხშირია კაპოშის სარკომა და თავის ტვინის პირველადი ლიმფომა. კაპოშის სარკომას იწვევს მე-8 ტიპის ჰერპესვირუსი, რომელიც ასევე ცნობილია კაპოშის სარკომასთან ასოცირებული ჰერპესვირუსის სახელით. კაპოშის სარკომა კანის ავთვისებიანი სიმსივნეა. ის შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილზე განვითარდეს, ხშირად ჩნდება სახეზე, კიდურებზე, კანთან ერთად შესაძლოა დააზიანოს ლორწოვანიც. პირის ღრუში კაპოშის სარკომის ელემენტები ყველაზე ხშირად განლაგებულია მაგარ სასაზე, იშვიათად – ენაზე. კანზე ელემენტები წარმოადგენს ცისფერ ან მეწამული ფერის პაპულებს ან კვანძებს. ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში კი კაპოშის სარკომამ შესაძლოა განგრენაც გამოიწვიოს. კაპოშის სარკომას მკურნალობენ ონკოლოგები.

შიდსი და ნერვული
სისტემის დაზიანება

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის დროს ხშირია მენინგიტი – ტვინის გარსების ანთება. კლინიკური გამოვლენის მხრივ შიდსის დროს განვითარებული მენინგიტი სხვა დროს განვითარებულისგან არაფრით განსხვავდება. მას ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, კისრის კუნთების რიგიდულობა (ძლიერი დაჭიმვა). შიდსის დროს მენინგიტი უმეტესად ტუბერკულოზური და სოკოვანი გენეზისაა, კერძოდ, კრიპტოკოკული, რომლითაც მსოფლიოში აივინფიცირებულთა 10% იღუპება (კრიპტოკოკოზი სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც კრიპტოკოკი იწვევს; ხშირად მიმდინარეობს მენინგიტის ფორმით; ახასიათებს კანზე გამონაყარის არსებობა). ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება ტოქსოპლაზმოზის დროსაც, რაც თავის ტვინში მრავლობითი კისტის წარმოქმნას იწვევს. აივინფიცირებულებთან ტოქსოპლაზმოზი უმთავრესად ვლინდება ენცეფალიტის ან დისემინირებული დაავადების სახით. ცერებრული (ტვინის) ტოქსოპლაზმოზი, წესისამებრ, ვლინდება თავის ტკივილითა და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით, კერძოდ მონოპარეზით (ცალი კიდურის დამბლა), ჰემიპარეზით (სხეულის ნახევრის დამბლა), ეპილეფსიური გულყრებით. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის აივასოცირებული დემენცია ანუ ჭკუასუსტობა. ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტიკაში გვეხმარება როგორც სისხლის სეროლოგიური ტესტები, ასევე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

შიდსი და
პარაზიტული
ინფექციები

პარაზიტული ინფექციებიდან შიდსის დროს გვხვდება კრიპტოსპორიდია, იზოსპორიდია, მიკროსპორიდია, ასევე – ტოქსოპლაზმოზი, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ყველაზე ხშირად – სწორედ ტოქსოპლაზმოზი. ჩვენ მიერ დასახელებულ დაავადებათა ნაწილი საკმაოდ კარგად არის ცნობილი მოსახლეობისთვის ფართო გავრცელების გამო. ამის თვალსაჩინო მაგალითებია თუნდაც ტუბერკულოზი და ჰერპესული ინფექცია.
როდესაც ადამიანს აქვს შიდსის ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და, ამასთან ერთად, მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის რისკის ჯგუფს, აუცილებლად უნდა იქნეს ნავარაუდევი აივ ინფექცია/შიდსი და ჩატარდეს სათანადო გამოკვლევა.

შიდსის
დიაგნოსტიკა

არსებობს შიდსის დიაგნოსტიკისთვის მოწოდებული რამდენიმე სახის ანალიზი. ისინი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ერთია შიდსის ანტისხეულების კვლევა, მეორე – უშუალოდ ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა სისხლში.
სისხლში ანტისხეულების აღმოჩენა შესაძლებელია ინფიცირებიდან, სულ ცოტა, 8 კვირის შემდეგ, გენეტიკური მასალის აღმოჩენა კი, რაც პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით – PCR (პი-სი-არ) კვლევით ხორციელდება, ინფიცირებიდან დაახლოებით ერთ კვირაშია შესაძლებელი.
უნდა ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში შიდსის სადიაგნოზო კვლევად მიღებულია ანტისხეულების გამოკვლევა, ხოლო გენეტიკური მასალის კვლევა უმთავრესად მკურნალობის მეთვალყურეობისთვის გამოიყენება. პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია უტარდებათ შიდსით დაავადებული დედების ახალშობილებს, რათა ინფიცირება დროულად გამოვლინდეს.

შიდსის
მკურნალობის
პრინციპები

შიდსისგან განკურნება დღეს შეუძლებელია, თუმცა თანამედროვე მკურნალობის წყალობით შიდსი ქრონიკულ, მართვად დაავადებად იქცევა. ამჟამად შიდსს მკურნალობენ ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. ჩვეულებრივ, 3 ან 4 მედიკამენტის კომბინაციით. ეს მედიკამენტები სხვადასხვა ეტაპზე თრგუნავენ შიდსის ვირუსის რეპლიკაციის ციკლს. ანტირეტროვირუსული მკურნალობა ყველა აივინფიცირებულს არ ენიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი რეკომენდაციების თანახმად, მკურნალობა ტარდება, თუ პაციენტს აქვს შიდსის კლინიკური ნიშნები ან CD4 ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა 1 მმ3 350-ზე ნაკლებია. უნდა ითქვას, რომ ამერიკისა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მკურნალობას ამჟამად დაავადების უფრო ადრეული სტადიიდანვე იწყებენ, როდესაც CD4 ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 500-ზე ნაკლებია. დროულად დაწყებული ანტირეტროვირუსული მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია. ის თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას, ანელებს დაავადების პროგრესირებას და ინფიცირებულს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. გარდა ამისა, ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვანია აივის ახალი შემთხვევების პრევენციისთვის. კერძოდ, სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირების გზით საგრძნობლად მცირდება ინფექციის გადაცემის რისკი. ახლახან დასრულდა მასშტაბური მულტიცენტრული რანდომიზებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ადრეული მკურნალობა აივის სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობას 96%-ით ამცირებს.
შიდსის მკურნალობას პროფილაქტიკური მიზანიც აქვს. იგი ტარდება მაშინაც, თუ ადამიანს – წესისამებრ, მედპერსონალს – შემთხვევით ეჩხვლიტა შიდსით დაავადებულის შპრიცი. ასეთ დროს სასწრაფოდ იწყება და ერთი თვის განმავლობაში 2-3 მედიკამენტის კომბინაციით ტარდება პროფილაქტიკური მკურნალობა – ეგრეთ წოდებული ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა.
მკურნალობა ენიშნება ყველა ინფიცირებულ ორსულს, რათა მოხერხდეს ნაყოფის ინფიცირების თავიდან აცილება. საზოგადოდ, აივ ინფექციის დედისგან შვილზე გადაცემა მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მის აღმოსაფხვრელად შემუშავდა სპეციფიკური ღონისძიებები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოშიც. აივინფიცირებული დედისგან შვილზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკს საგრძნობლად ამცირებს პროფილაქტიკური ღონისძიებების პაკეტი, რომელიც მოიცავს აივინფიცირებული ორსულებისა და მათი ახალშობილების პროფილაქტიკურ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, მშობიარობას საკეისრო კვეთის გზით და ახალშობილის ხელოვნურ კვებას.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორ მოქმედებს ნაყოფზე შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული თერაპია? ორსულებს მკურნალობენ მხოლოდ იმ ანტირეტროვირუსული პრეპარატებით, რომლებსაც ტერატოგენული ეფექტი არ გააჩნია. ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დამტკიცებულია მასშტაბური რანდომიზებული კვლევებით და მათ რეკომენდაციას უწევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გაიდლაინები. ამ მედიკამენტების გამოყენება ნაყოფის არავითარ პათოლოგიას არ იწვევს.
შიდსის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა. კერძოდ, აუცილებელია შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების ყოველდღიური მიღება. არამც და არამც არ შეიძლება მკურნალობის რეჟიმის დარღვევა, ზოგიერთ დღეს პრეპარატების მიღებაზე უარის თქმა. მკურნალობის რეჟიმის დარღვევა შესაძლოა შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის მიზეზად იქცეს, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი არ განსაზღვრავს რეზისტენტობას მკურნალობის მიმართ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიც.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას, შიდსი მომაკვდინებლიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცეს.
განასხვავებენ აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის შემდეგ მიმართულებებს:
-ანტირეტროვირუსული მკურნალობა (არვ);
-ოპორტუნისტულ ინფექციათა მკურნალობა;
-იმუნოკორექცია და იმუნორეაბილიტაცია.
ანტირეტროვირუსული მკურნალობა იწყება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ყველა აივინფიცირებულს არვ არ სჭირდება. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით, იგი:
1. თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას;
2. ახანგრძლივებს ინფიცირებულის სიცოცხლეს და ანელებს დაავადების პროგრესირებას;
3. სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირების გზით ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს;
4. აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს.
არვ თერაპიის ფონზე ადვილია ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რასაც დიდი თერაპიული, მორალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს როგორც პაციენტისთვის, ისე სახელმწიფოსთვისაც. არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური ფორმების განვითარებას, ამიტომ აუცილებელია პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტად დაცვა, ასევე გვერდითი ეფექტების დროულად გამოვლენა და მათთან ბრძოლა.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას, მკურნალობა ამბულატორიულად მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში კი ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს, წესისამებრ, წელიწადში სამჯერ უტარდებათ გამოკვლევა იმუნური სისტემის მდგომარეობისა და ვირუსული დატვირთვის დასადგენად. მდგომარეობის მონიტორინგი აუცილებელია მკურნალობის დაწყების მომენტის განსაზღვრისთვის.

შიდსის
საწინააღმდეგო
ვაქცინა

ამჟამად მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შიდსის საწინააღმდეგო თერაპიული და პროფილაქტიკური ვაქცინის შესაქმნელად, ასევე – იმ მიდგომების შესამუშავებლად, რომლებიც ინფექციისგან განკურნებას უზრუნველყოფს. ერთგვარი წინსვლის მიუხედავად, საბოლოო წარმატების შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

შიდსით
დაავადებულის
სიცოცხლის
ხანგრძლივობა

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულია ფართო კვლევა, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყანა მოიცვა. არსებული მონაცემებით, ადამიანს, რომელსაც შიდსის დიაგნოზი 25 წლის ასაკში დაუსვეს, შეუძლია საშუალოდ კიდევ 53 წელი იცოცხლოს. შეიძლება ითქვას, რომ “შიდსი დაბერდა”.

შიდსის
პროფილაქტიკა

ამჟამად შიდსის მკურნალობისადმი ყველაზე რეალისტური და იმედისმომცემი მიდგომაა მკურნალობა პრევენციისთვის. მისი მთავარი პრინციპია რისკის ჯგუფების ფართო გამოკვლევა აივ ინფექციაზე და გამოვლენილი აივინფიცირებულების ჩართვა სამკურნალო ღონისძიებებში, რაც გაანეიტრალებს აივ ინფექციის რეზერვუარის მნიშვნელოვან ნაწილს და მოკლე დროში მკვეთრად შეამცირებს ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვს. როგორც ითქვა, ამ მიდგომის ეფექტურობა უკვე დაადასტურა მასშტაბურმა რანდომიზებულმა კვლევამ.
სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკური ღონისძიებები ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება:
-ბიოსამედიცინო მიმართულება გულისხმობს სამედიცინო მანიპულაციების უსაფრთხოებას, დონორთა სისხლისა და/ან ორგანოების ტესტირებას, სტერილიზაცია-დეზინფექციის პრინციპების დაცვას;
-ქცევითი სფეროს მიმართულება მოიცავს აივ ინფექცია/შიდსის გადაცემასთან დაკავშირებულ სარისკო ქცევებს. შიდსის ვირუსით ინფიცირების სარისკო ქცევის მქონე ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან: ნარკომანები, მეძავები, ჰომოსექსუალები, ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები, პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ აივ ინფექცია/შიდსის მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნებში, იძულებით ადგილნაცვალი პირები (ლტოლვილები), სისხლის ხშირი რეციპიენტები,  პირები,  რომელთაც ჩაიტარეს სამედიცინო მანიპულაცია არასაკმარისად გასტერილებული სამედიცინო იარაღებით. რისკჯგუფს მიეკუთვნება გარკვეული პროფესიის სამედიცინო პერსონალი (ქირურგები, გინეკოლოგები, სისხლის ლაბორატორიის თანამშრომლები, რომელთაც კონტაქტი აქვთ სისხლთან, ასევე ექთნები, რომლებიც ატარებენ სამედიცინო მანიპულაციებს და სხვა).
შიდსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:
-თავი ვარიდოთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს;
-არასოდეს გამოვიყენოთ სხვის მიერ ნახმარი შპრიცი;
-არ გამოვიყენოთ სხვისი სააბაზანო აქსესუარები;
-არ გამოვიყენოთ სხვისი საპარსი ან მაკრატელი;
-არ შევეხოთ სისხლით დაბინძურებულ ნივთებს.

შიდსი ბავშვებში

დღეს საქართველოში პედიატრიული შიდსის შესახებ ინფორმაციული დეფიციტია. ამის შედეგად დაავადების გამოვლენა და მკურნალობა გვიანდება, რაც მეტად სავალალოა, ვინაიდან აივ ინფექცია განსაკუთრებული აგრესიულობით სწორედ ბავშვებთან გამოირჩევა. ბავშვებში აივინფიცირების მაღალი დონე უპირატესად რეპროდუქციული ასაკის ქალთა ინფიცირების მატებას უკავშირდება. თუ ეპიდემიის დასაწყისში აივინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა საგრძნობლად აღემატებოდა ქალებისას, უკანასკნელ ხანს თანაფარდობა შეიცვალა: მსოფლიოს ყველა რეგიონში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება აივინფიცირებულ ქალთა რიცხვი, განსაკუთრებით კი იქ, სადაც აივ ინფექციის გავრცელების მთავარ გზას ჰეტეროსექსუალური კონტაქტი წარმოადგენს. ასეთია აღმოსავლეთ აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მრავალი ქვეყანა.

აივ ინფექციის
კლინიკური
თავისებურებანი
ბავშვთა ასაკში

დაავადების აშკარა გამოვლენამდე პერიოდი ბავშვებთან უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ზრდასრულებთან და შეადგენს 3-5 წელს. გაცილებით ნაკლებია სიცოცხლის ხანგრძლივობაც კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ. პერინატალური ინფიცირების შემთხვევაში კლინიკური ნიშნების გამოვლენის საშუალო ასაკი 2,5 წელია. თუ სიმპტომატიკა გამოვლინდა სიცოცხლის პირველსავე წელს, ბავშვი უმეტესად ერთ წლამდე იღუპება. ბავშვებთან, რომლებიც დაინფიცირდნენ დედისგან (ვერტიკალური ტრანსმისიით) მუცლადყოფნის დროს, არ არის აღწერილი მწვავე მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომი. სპეციფიკურ სიმპტომად მიიჩნევა რძიანა, რომელსაც, მკურნალობის მიუხედავად, განმეორებითობა ახასიათებს. რძიანა შეიძლება აივ ინფექციის პირველ სიმპტომად მოგვევლინოს. ბავშვებს ახასიათებთ ზრდა-განვითარების შეფერხება, მრავლობითი დარღვევა ქალა-სახისა და ტვინის ნაწილებში. აივინფიცირებულ ახალშობილებს აქვთ სახის თავისებური ნაკვთები: წინ წამოწეული შუბლი, ბრტყელი ცხვირი, ეგზოფთალმი (თვალბუდიდან წამოწეული თვალები) მოცისფრო სკლერების ფონზე და მიკროცეფალია. როდესაც ეს სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, შიდსი ვლინდება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ხოლო მცირედ გამოხატული ცვლილებების შემთხვევაში – 1 წლიდან. აივინფიცირებულ ბავშვებთან ხშირია ვირუსული ინფექციები, ოტიტი და პნევმონია, ქრონიკული გასტროენტერიტი და ტუბერკულოზი. გარდა ამისა, ხშირად შეინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება, მორეციდივე ცხელება, დიარეა და გენერალიზებული დერმატიტი. დაავადების ეს გამოვლინებები ცუდად ემორჩილება მკურნალობას და ხშირად სიცოცხლისთვის საშიში ხდება. მრავალ აივინფიცირებულ ბავშვს აქვს ნევროლოგიური პათოლოგია, უმეტესად – ენცეფალოპათია ან გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთი ბავშვების ორგანიზმში მიმდინარეობს კალციფიკაციის პროცესები. შიდსის დროს ყბაყურა ჯირკვლის დაზიანება მხოლოდ პედიატრიულ პრაქტიკაშია აღწერილი. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ კაპოშის სარკომა ბავშვებისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ უკანასკნელ ხანს ასეთი შემთხვევებიც იქნა აღწერილი.
თუ პაციენტს აღენიშნება შიდსზე საეჭვო სიმპტომატიკა ან მიეკუთვნება რისკის ჯგუფს, აივ-ანტისხეულებზე გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ამით თავიდან ავიცილებთ არა მარტო დიაგნოსტიკურ შეცდომას და უშედეგო მკურნალობას, არამედ პაციენტთან კონტაქტში მყოფ პირებსაც ავარიდებთ ინფიცირების საფრთხეს.

როდის მიიჩნევა
ბავშვი
აივინფიცირებულად

ჯანმოს ახალი რეკომენდაციების თანახმად, იქ, სადაც არ არსებობს სპეციალური გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა, ბავშვი შეიძლება აივ ინფექციაზე საეჭვოდ მივიჩნიოთ, თუ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სამი სიმპტომი ან მდგომარეობა:
-სასუნთქი გზების ორი ან მეტი ინფექცია, რომელსაც დასჭირდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში;
-პერსისტული (14 დღეზე ხანგრძლივი) დიარეის ერთი ან მეტი ეპიზოდი ან მწვავე დიარეის ორი ან მეტი ეპიზოდი განვლილი ორი თვის განმავლობაში;
-პირის ღრუს კანდიდოზი (რძიანა);
-ლიმფური კვანძების გადიდება ორ ან სამ სხვადასხვა (კისრის, იღლიის, საზარდულის) რეგიონში;
-წონის მერყეობა (ზედიზედ ორი თვის განმავლობაში წონის მრუდის მატების შეჩერება ან კლება).

აივ ინფექცია/შიდსის
პროფილაქტიკა
ბავშვებთან

აივ ინფექციის დედისგან შვილზე ვერტიკალური გადაცემა 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან თანდაყოლილი აივ ინფექციის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები გვთავაზობენ აივის დედისგან შვილზე გადაცემის თავიდან აცილების სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს:
-მშობლებში აივ ინფექციის პირველად პროფილაქტიკას;
-აივდადებით ქალებში არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას;
-ნაყოფისა და ახალშობილისთვის აივის გადაცემის პრევენციას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
აივდადებითი ქალისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია ითვალისწინებს:
-დედისა და ახალშობილის პროფილაქტიკურ მკურნალობას ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით;
-ოპტიმალურ სამეანო ღონისძიებებს (საკეისრო კვეთა);
-ჩვილის უსაფრთხო კვებას (ძუძუთი კვებისგან თავის შეკავებას, თუ უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური ხელოვნური კვება).

Facebook კომენტარები