შიზოფრენია ქრონიკული ფსიქიკური დაავადებაა. ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ფსიქოზის სიმპტომები, აზროვნების დარღვევა, ემოციური დარღვევები და არაადეკვატური ქცევები. ამ დაავადების დროს ცნობიერება, ისევე როგორც ბევრი ინტელექტუალური პროცესი, არ არის დარღვეული, მაგრამ ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში ირღვევა აღქმის, ყურადღების კონცენტრირებისა და მახსოვრობის უნარი. შიზოფრენიის დროს ადგილი აქვს პიროვნების გაორებას, ავადმყოფს არ შეუძლია საკუთარი მეს დიფერენცირება, ვერ არჩევს რეალობას ფანტაზიისგან, ვერ ახერხებს ემოციების მართვას. ხშირად ავადმყოფი განიცდის, რომ მისი აზრები, გრძნობები და ქმედებები ცნობილია გარშემო მყოფთათვის და რომ მათ შეუძლიათ ამაზე გავლენის მოხდენა.
შიზოფრენიის სიმპტომები (ისეთები, როგორებიცაა ჰალუცინაციები და ბოდვა) მამაკაცებს უვლინდებათ გარდატეხის ასაკში ან 25 წლამდე, ხოლო ქალებს – 23-25 წლის ასაკში. იშვიათად პირველი გამოვლენა ხდება 45 წლის შემდეგ და კიდევ უფრო იშვიათად – გარდატეხის ასაკამდე, თუმცა აღწერილია შიზოფრენიის შემთხვევები 5 წლის ბავშვებშიც. მოზარდებთან მისი პირველი ნიშნები შეიძლება იყოს მეგობრების ხშირი ცვლა, მოსწრების დაქვეითება, გაღიზიანებადობა. ვინაიდან ასეთი რამ, საზოგადოდ, ხშირია გარდატეხის ასაკში, ამ ეტაპზე დიაგნოზის დასმა ძნელდება. შიზოფრენიით დაავადებულ ახალგაზრდებთან ამ პერიოდს პროდრომულს უწოდებენ.
შიზოფრენია ერთნაირად არის გავრცელებული ორივე სქესის წარმომადგენლებში და ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფში.

აგრესიულები არიან თუ არა შიზოფრენიით დაავადებულები?

შიზოფრენიით დაავადებულები დიდად არ არიან მიდრეკილნი ძალადობისკენ. დადგენილია, რომ თუ ადამიანს დაავადებამდე არ ჰქონია მიდრეკილება ძალადობისკენ და არ ყოფილა დამოკიდებული ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე, ის დაავადების შემდეგაც ასეთივე რჩება. თუ პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული ამჟღავნებს აგრესიას, ის მეტწილად ოჯახის წევრებისკენაა მიმართული და უმთავრესად სახლში მჟღავნდება.
შიზოფრენიას ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში ის არღვევს კავშირს პიროვნებასა და სოციალურ გარემოცვასთან. პროგრესირებს აპათია და ქვეითდება ენერგეტიკული პოტენციალი.
სწორი მკურნალობის შემთხვევაში შიზოფრენიით დაავადებულს არ ახასიათებს “პიროვნების გაორება”; თითქმის არც ერთი ავადმყოფი არ არის საშიში ან აგრესიული სხვების მიმართ.

შიზოფრენიის
მიზეზები

შიზოფრენიის სპეციფიკური მიზეზები უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ, მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, ისიც გენეტიკური და ეკოლოგიური ფაქტორების შერწყმის შედეგია. დიდი ხანია ცნობილია, რომ შიზოფრენიას მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ამ დაავადებით შეპყრობილია მსოფლიოს მოსახლეობის 1%. ამათგან მხოლოდ 10%-ს ჰყავს ახლო ნათესავი (მშობელი, და ან ძმა) შიზოფრენიით დაავადებული. აღსანიშნავია, რომ მათთან, ვისი მეორე რიგის ნათესავიც (დეიდა, ბიძა, ბებია, ბაბუა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი ან მამიდაშვილი) შიზოფრენიით არის ავად, ეს დაავადება სხვებზე ხშირად გვხვდება. ერთკვერცხუჯრედოვანი ტყუპისცალებიდან ერთი თუ შიზოფრენიით არის დაავადებული, მეორის დაავადების ალბათობა 40-65%-ია.
კვლევებმა აჩვენა, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანების ტვინი რამდენადმე განსხვავდება ამ დაავადების არმქონე ადამიანების ტვინისგან.

შიზოფრენიის
სიმპტომები

შიზოფრენიის სიმპტომებს, ჩვეულებრივ, 3 კატეგორიად ყოფენ – პოზიტიურად (დადებითად), ნეგატიურად (უარყოფითად) და კოგნიტურად (შემეცნებითად).

პოზიტიური სიმპტომები

პოზიტიური სიმპტომები – ეს არის ადვილად ამოსაცნობი ქცევა, რომელიც არ ახასიათებს ჯანმრთელ ადამიანს და ძირითადად რეალობასთან კავშირის გაწყვეტას უკავშირდება. მათ მიეკუთვნება არანორმალური აზრები და მსჯელობა, ჰალუცინაციები, ბოდვა, აზროვნების დარღვევა, ასევე – მოძრაობითი დარღვევები. პოზიტიური სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს და გაქრეს. ზოგჯერ ისინი მძიმე ფორმით ვლინდება, ზოგჯერ კი ოდნავ შესამჩნევია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მკურნალობს თუ არა ავადმყოფი.

ჰალუცინაცია

ჰალუცინანაცია ისეთი მოვლენაა, როდესაც ადამიანი ხედავს, ესმის და შეიგრძნობს იმას, რასაც მის გარდა ვერავინ ხედავს, არ ესმის, ვერ შეიგრძნობს.
შიზოფრენიის დროს ყველაზე ხშირი ჰალუცინაციაა “ხმა”. ბევრ ავადმყოფს ესმის ხმა, რომელიც კარნახობს, როგორ მოიქცეს, უბრძანებს რაღაცის გაკეთებას, აფრთხილებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ, ან ხმები, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებიან (როგორც წესი, პაციენტზე). შიზოფრენიით დაავადებულს ასეთი ხმები შეიძლება ესმოდეს იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ახლობლები შეატყობენ, რომ რაღაც არ აქვს რიგზე.
გარდა სმენითისა, არსებობს სხვა სახის ჰალუცინაციებიც. მაგალითად, ხედვითი (დაავადებული ხედავს არარსებულ ადამიანებს ან საგნებს), ყნოსვითი (დაავადებულს სცემს არარსებული სუნი, თუმცა ეს შეიძლება თავის ტვინის სიმსივნური დაავადების ნიშანიც იყოს) და ტაქტილური (მაგალითად, დაავადებული გრძნობს არარსებული თითის შეხებას, მაშინ როცა გვერდით არავინ უდგას).

ბოდვა

ბოდვა – ეს არის ადამიანის უსაფუძვლო წარმოდგენა რაიმეზე, რომელიც მაშინაც კი არ იცვლება, როცა სხვები ლოგიკურად უმტკიცებენ, რომ მისი წარმოდგენა მცდარია. შიზოფრენიით დაავადებულს შესაძლოა ჰქონდეს სრულიად ანომალიური ბოდვითი იდეები, მაგალითად, დარწმუნებული იყოს, რომ მეზობელი აკონტროლებს მის ქცევას მაგნიტური ტალღების დახმარებით, ტელევიზორიდან ვიღაც გადმოსცემს სპეციალურ გზავნილს ან რადიოსადგურები ახმოვანებენ მის აზრებს. შესაძლოა განუვითარდეს განდიდების ბოდვა და თავი გამოჩენილი ისტორიული პირი ეგონოს. პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულებს ზოგჯერ ეჩვენებათ, რომ სხვები ატყუებენ მათ, ამცირებენ, ცდილობენ მათ მოწამვლას, უთვალთვალებენ ან შეთქმულებას აწყობენ მათ ან მათი ახლობლების წინააღმდეგ. ასეთ წარმოდგენებს ბოდვითი წარმოდგენები ეწოდება.

აზროვნების დარღვევები
შიზოფრენიით დაავადებულებს ახასიათებთ არანორმალური აზროვნების პროცესი. ასეთია, მაგალითად, არაორგანიზებული აზროვნება, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს აზრების სისტემატიზება ან მათი ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება. მეტყველება ამ დროს შესაძლოა იყოს არეული და გაუგებარი. კიდევ ერთი ფორმაა აზროვნების შეფერხება, როცა ადამიანი აზრის დასრულებას ვერ ახერხებს, მოულოდნელად ჩერდება აზროვნებისას. ამ დროს რომ ჰკითხოთ, რატომ გაჩერდა, გიპასუხებთ, რომ თითქოს აზრი ვიღაცამ ამოაცალა თავიდან. ზოგჯერ დაავადებულები იგონებენ ახალ სიტყვებს.

მოძრაობითი დარღვევები
შიზოფრენიით დაავადებულებს ზოგჯერ ახასიათებთ უხერხული, უსისტემო და უნებლიე მოძრაობები, გრიმასები ან უცნაური მანერები. ზოგჯერ ისინი უსასრულოდ იმეორებენ განსაზღვრულ მოძრაობას და შეიძლება, კატატონიურ – უმოძრაობისა და ურეაქციობის – მდგომარეობამდეც კი მივიდნენ. წინათ, ვიდრე შიზოფრენიის მკურნალობა დაინერგებოდა, კატატონიური სინდრომი ფართოდ იყო გავრცელებული დაავადებულებში, ახლა, საბედნიეროდ, იშვიათია.

ნეგატიური სიმპტომები

ტერმინი „ნეგატიური სიმპტომი” აღნიშნავს ნორმალური ემოციური პოტენციალისა და ქცევის ნორმალური ხარისხის დაქვეითებას. ნეგატიურ სიმპტომებს მიეკუთვნება:
-უძრავი გამომეტყველება, მონოტონური მეტყველება;
-ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უუნარობა;
-საქმეების დაგეგმვისა და შესრულების უუნარობა, დუნე და მწირი მეტყველება, საუბრის აუცილებლობის შემთხვევაშიც კი.
ხშირად შიზოფრენიით დაავადებულები პირად ჰიგიენას არ იცავენ და სხვების დახმარება სჭირდებათ.
ვინაიდან ნეგატიური სიმპტომების დამოუკიდებელი არსებობა ფსიქიკური დაავადების უტყუარი ნიშანი არ არის, ის ხშირად ერევათ სიზარმაცესა და დეპრესიულ მდგომარეობაში.

კოგნიტური სიმპტომები

კოგნიტური სიმპტომები (ანუ კოგნიტური დარღვევები) აზროვნების პროცესს ეხება და ყურადღების კონცენტრირების უუნარობას გულისხმობს. დაავადებულს შესაძლოა უჭირდეს ამოცანათა პრიორიტეტების განსაზღვრა, განსაზღვრული სახის მეხსიერებითი ფუნქციების შესრულება და აზრების დალაგება-სისტემატიზება. მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტური სიმპტომები ყველაზე მეტად ახდენს გავლენას ადამიანის ნორმალურ ცხოვრების წესზე, მათი მეშვეობით შიზოფრენიის ამოცნობა ძნელია. კოგნიტური სიმპტომები არ არის აშკარა და ხშირად მათ მხოლოდ ნეიროფსიქოლოგიური ტესტის დახმარებით აღმოაჩენენ.
კოგნიტური სიმპტომების რიცხვს მიეკუთვნება:
-მართვითი ფუნქციის სისუსტე (ინფორმაციის ათვისებისა და გადამუშავების და ამაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება ან უუნარობა);
-ყურადღების კონცენტრირების უუნარობა და პრობლემები სამუშაო მეხსიერების მხრივ (ახალმიღებული ინფორმაციის დამახსოვრებისა და მისი მაშინვე გამოყენების უნარის შესუსტება-არქონა).
ხშირად კოგნიტური დარღვევები პაციენტს ნორმალურ ცხოვრებასა და თავის რჩენაში უშლის ხელს და შესაძლოა მძიმე ემოციური სტრესის მიზეზად ექცეს.
შიზოფრენია გავლენას ახდენს გუნება-განწყობილებაზეც. ბევრს დეპრესია ეუფლება. ზოგიერთ მათგანს ასევე ახასიათებს ხასიათის აშკარა მერყეობა და ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მდგომარეობა. როდესაც ხასიათის არასტაბილურობა დაავადების უმთავრესი თავისებურებაა, მას შიზოაფექტურ აშლილობას უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ შიზოფრენიის ელემენტები და გუნება-განწყობის აშლილობა მკაფიოდ ვლინდება ერთ პიროვნებაში. გაურკვეველია, შიზოაფექტური აშლილობა განსხვავებული მდგომარეობაა თუ მხოლოდ შიზოფრენიის ქვეტიპს წარმოადგენს.

შიზოფრენიის ფორმები

განასხვავებენ შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმას და მისი მიმდინარეობის სხვადასხვა ტიპს.

პარანოიდული ფორმა
შიზოფრენიის პარანოიდული ფორმა გამოირჩევა მყარი ბოდვითი იდეების არსებობით, რომლებიც ხშირად შერწყმულია სმენით ჰალუცინაციებთან. აქ, შიზოფრენიის სხვა ფორმებთან შედარებით, ნაკლებად არის გამოხატული ნებისყოფისა და ემოციური სფეროს ცვლილებები.
პარანოიდული ფორმისთვის დამახასიათებელია ასოციაციური პათოლოგია დაუკავშირებელი, სიმბოლური აზროვნების სახით. ბოდვითი იდეებიდან აღსანიშნავია დევნის, დამოკიდებულების, ზემოქმედების იდეები. გვხვდება ჰალუცინაციების სხვადასხვა ტიპი – სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური.

ჰებეფრენიული ფორმა
შიზოფრენიის ჰებეფრენიული ფორმა, წესისამებრ, მოზარდ ასაკში იჩენს თავს. ახასიათებს აფექტური დარღვევები (ემოცია ზედაპირულია და არაადეკვატური), ბოდვითი და ჰალუცინაციური განცდები ფრაგმენტული ხასიათისაა, დამახასიათებელია ჰებოისური აშლილობანი: მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, ჯამბაზობა, აფორიაქება, მანერულობა, ემოციურ-ნებითი გასადავება, პიროვნული აქტივობის დაქვეითება, სიტუაციასთან შეუსაბამო გუნება-განწყობა. ეს ფორმა გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით და აპათიურ-აბულიური ჭკუასუსტობის განვითარებით.

კატატონიური ფორმა
შიზოფრენიის კატატონიური ფორმა მეტწილად პუბერტატულ ასაკში იწყება. ახასიათებს ფსიქომოტორული სფეროს დარღვევები, რომელიც ვარირებს სტუპორიდან ინტენსიურ აღგზნებამდე. ამ ფორმის დროს ხშირად გვხვდება ექოლალია (გაგონილი სიტყვის ან ფრაზის უნებლიე მექანიკური გამეორება), ექოპრაქსია (გარშემო მყოფთა მოძრაობების, მოქმედებებისა და ჟესტების უნებლიე გამეორება), ექომიმია (გარშემო მყოფთა მიმიკის გამეორება). კატატონიურ სტუპორს (გაშეშება, გაშტერება – სრული მოტორული შეკავება, გარეგან გაღიზიანებაზე რეაქციის მოსპობა) თან ახლავს ნეგატივიზმი და მანერულობა.

რეზიდუალური (ნარჩენი) ფორმა

შიზოფრენიის რეზიდუალური ფორმა დაავადების ქრონიკული სტადიაა და ძირითადად ვლინდება ნეგატიური სიმპტომებით: ფსიქომოტორული შებოჭილობით, აქტიურობის დაქვეითებით, ემოციის შესუსტებით, პასიურობითა და უინიციატივობით, ნებისყოფის მხრივ დარღვევებით, ბოდვით.

მარტივი ფორმა
შიზოფრენიის მარტივი ფორმა სქესობრივი მომწიფების ასაკში იჩენს თავს. თანდათანობით, მაგრამ პროგრესულად მცირდება აქტივობა და სოციალური ინტერესები, ავადმყოფი ხდება კარჩაკეტილი, განმარტოებული, უინიციატივო. უქრება ემოციები.
შიზოფრენიისგან უნდა განვასხვაოთ შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზი. ეს არის ფსიქიკური დარღვევების შედარებით კეთილსაიმედოდ მიმდინარე ჯგუფი. ამ დროს შეინიშნება შიზოფრენიის მხოლოდ ცალკეული სიმპტომები, თანაც ისინი უფრო დაავადების დამატებით ნიშნებს ჰგავს და არა მის ძირითად სურათს. ამგვარი ფსიქოზის დროს, ჩვეულებრივ, ჭარბობს ბოდვა და ჰალუცინაციები.
შიზოფრენიისაგან უნდა განვასხვაოთ შიზოტიპური დარღვევებიც, რომლებიც ვლინდება ექსცენტრული ქცევით, აზროვნებისა და ემოციის მხრივ დარღვევებით და ამით მოგვაგონებს შიზოფრენიას.

მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენიის სპეციფიკური წამალი არ არსებობს, იგი ემორჩილება მკურნალობას და მართვად დაავადებას წარმოადგენს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაავადებულები მედიკამენტების გვერდითი ეფექტების,  ადეკვატური თვითშეფასების შეუძლებლობის, არაორგანიზებული, არასისტემატიზებული და სპონტანური აზროვნების გამო წყვეტენ მკურნალობას. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მაღალია რეციდივის ან მწვავე ფსიქოზური ეპიზოდის განვითარების რისკი.
შიზოფრენიის მკურნალობა გულისხმობს:
-რეციდივის პრევენციას. მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა ეფექტური მკურნალობისთვის, უფრო მეტად კი მკურნალობის შედეგების შესანარჩუნებლად ძალზე მნიშვნელოვანია თანასწორთა მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა – ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური დაავადება აქვთ, ერთმანეთს უზიარებენ მისი მართვის გამოცდილებას.
-ოჯახურ მხარდაჭერას. შიზოფრენიით დაავადებულის ეფექტური მკურნალობისთვის მეტად მნიშვნელოვანია ოჯახური მხარდაჭერა. უცხოეთში არსებობს პროგრამა “ოჯახისაგან ოჯახს”, რომლის ფარგლებშიც ასეთი ავადმყოფების მომვლელები სასარგებლო ინფორმაციას იღებენ საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე ოჯახებისგან – ოჯახებისგან, რომლებსაც შიზოფრენიით დაავადებულ ოჯახის წევრთან ურთიერთობისა და მისი მოვლის გამოცდილება აქვთ.
-ჰოსპიტალიზაციას. პირები, რომლებსაც შიზოფრენიის მწვავე სიმპტომები აღენიშნებათ, შესაძლოა სჭირდებოდეთ ინტენსიური მკურნალობა, ჰოსპიტალიზაციის ჩათვლით. ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია მძიმე ბოდვისა ან ჰალუცინაციების, სუიციდური აზრების, საკუთარი თავის მოვლის შეუძლებლობის, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლთან დაკავშირებული მძიმე პრობლემების დროს. ჰოსპიტალიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია, რათა დაავადებულები დაზღვეულნი იყვნენ საკუთარი თავისა და სხვების დაშავებისგან.
-მედიკამენტურ მკურნალობას. შიზოფრენიის პირველადი სამკურნალო პრეპარატებია ანტიფსიქოზური საშუალებები. ეს საშუალებები ასუსტებს შიზოფრენიის პოზიტიურ სიმპტომებს. მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე ბევრ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე განსხვავებული ანტიფსიქოზური საშუალების მოსინჯვა, სანამ მოიძებნება ის ერთი პრეპარატი ან პრეპარატთა კომბინაცია, რომელიც ყველაზე უკეთ მოქმედებს მასზე.
ტრადიციული ანტიფსიქოზური საშუალებები 1950-იან წლებში გაჩნდა და ყველა მათგანს ჰქონდა შიზოფრენიის პოზიტიური სიმპტომების შესუსტების (მაგალითად, ჰალუცინაციებისა და ბოდვის) უნარი, თუმცა ამ ძველი, “ტრადიციული” საშუალებების უმრავლესობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა გვერდითი ეფექტებით. ეს საშუალებებია: ქლორპრომაზინი (თორაზინი), ფლუფენაზინი (პროლიქსინი), ჰალოპერიდოლი (ჰარდოლი), თიოთიქსენი (ნავანი), ტრიფლუოპერაზინი (სტელაზინი), პერფენაზინი (ტრილაფონი) და თიორიდაზინი (მელარილი). მათი გვერდითი მოვლენებია პირის სიმშრალე, ბუნდოვანი ხედვა, ძილქუში, შეკრულობა და მოძრაობის დარღვევა, კერძოდ, რიგიდულობა (გახევება), მოუსვენრობის განცდა და დაგვიანებული დისკინეზია.
ე.წ ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებები ხმარებაში 1990-იან წლებში შემოვიდა. როგორც ძველი, ისე ახალი პრეპარატები თანაბრად ეფექტურად ამცირებს დაავადების პოზიტიურ სიმპტომებს, მაგრამ ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებები ტრადიციულზე შედეგიანია ნეგატიური სიმპტომების (განრიდების, აზროვნების პრობლემების, უენერგიობის) დაძლევის კუთხით. ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებებია: რისპერიდონი (რისპერდალი), კლოზაპინი (კლოზარილი), ოლანზაპინი (ზუპრექსი), კვეტიაპინი (სეროკველი) და ზიპრასიდონი (გეოდონი). ყველა ეს საშუალება მეტ-ნაკლებად იწვევს ისეთ სერიოზულ გვერდით ეფექტებს, როგორებიცაა წონის მატება და დიაბეტი.
ამრიგად, ყველა მედიკამენტს ახასიათებს გვერდითი ეფექტები, მაგრამ განსხვავებული ინტენსივობისა. მათი მართვა შეიძლება პრეპარატის დოზის შეცვლით, სხვა წამალზე გადართვით ან დამატებითი პრეპარატების მიღებით უშუალოდ გვერდითი ეფექტების სამკურნალოდ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა დანიშნოს ფსიქიატრმა, პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია პრეპარატის თერაპიულ და გვერდით ეფექტებზე და გააფრთხილოს, რომ მკურნალობის შეწყვეტა, ასევე პრეპარატის დოზის ან თავად პრეპარატის შეცვლა ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება.
-ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. კვლევები მოწმობს, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები, რომლებიც სტრუქტურირებულ ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებს ესწრებიან (სამწუხაროდ, ასეთი მომსახურება საქართველოში არ არსებობს) და აგრძელებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ყველაზე უკეთ უმკლავდებიან დაავადებას. ყველაზე მძიმედ დაავადებულთათვის და მათთვის, ვისაც ფსიქიკურ დაავადებასთან ერთად ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად მოხმარებაც ახასიათებს, ეფექტური ფსიქოსოციალური მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია ასერტიული თემზე დაფუძნებული მკურნალობის პროგრამა (PACT). ეს არის ინტენსიური გუნდური ძალისხმევა ადგილობრივი თემების ფარგლებში, რომლის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საავადმყოფოდან გამოსვლასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში. PACT ხელმისაწვდომია კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, მთელი დღე-ღამე. მისი თანამშრომლები ხვდებიან მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას ყველა საჭირო დონეზე. პროფესიონალები მუშაობენ პაციენტებთან, რათა დაარწმუნონ ისინი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ზედმიწევნით შესრულებაში და დააკმაყოფილონ მათი ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნილებები (სურსათის ყიდვა ან თუნდაც ფულის მომჭირნედ ხარჯვა).
კონსულტირება ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების თაობაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამუშაო და საგანმანათლებლო უნარ-ჩვევების განვითარება მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიზოფრენიით დაავადებულის ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.

Facebook კომენტარები