შორსმხედველობა ანუ ჰიპერმეტროპია თვალის რეფრაქციის პათოლოგიაა, რომელსაც თვალის ოპტიკური ძალის უკმარისობა ახასიათებს. ნორმის დროს რქოვანას ფოკუსური მანძილი დაახლოებით 23 მილიმეტრია. თვალის ზედაპირიდან ამ მანძილზე მდებარეობს ბადურა გარსი. ასეთი თვალი საგნების მკვეთრ გამოსახულებას ხედავს (თუ ადამიანს თვალის სხვა პათოლოგია არ აქვს). ჰიპერმეტროპიისას საგნების გამოსახულება ბადურა გარსის უკან ფოკუსირდება, რაც გამოწვეულია ან თვალის მოკლე (23 მილიმეტრზე ნაკლები სიგრძის) ღერძით, ან რქოვანასა და ბროლის სუსტი გარდამტეხი ძალით. ხშირად ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის. ანატომიური აგებულების წყალობით ჰიპერმეტროპიულ თვალს შეუძლია, ბადურაზე შეკრიბოს მხოლოდ თვალში შესვლამდე კრებადი მიმართულების სხივები, რის გამოც ერთი მკვეთრი წერტილის ნაცვლად ბადურა გარსზე სინათლის ბუნდოვანი ლაქა პროეცირდება.

სიმპტომები

შორმხედველობის დროს ჩივილები დამოკიდებულია ჰიპერმეტროპიის ხარისხზე. განასხვავებენ მის სამ ხარისხს – სუსტს, საშუალოსა და მაღალს.
სუსტი ჰიპერმეტროპიისას თვალი ფუნქციას ნორმალურად ასრულებს, ვინაიდან ბადურაზე საგნების მკვეთრი გამოსახულების არარსებობისას ირთვება აკომოდაციის მექანიზმი, რომლის წყალობითაც შორსმხედველი ადამიანები ხშირად არ უჩივიან მხედველობის გაუარესებას და სიმპტომებიც არასპეციფიკურია – შორსმხედველი ბავშვები ცუდად სწავლობენ სკოლაში, სწრაფად იღლებიან მხედველობითი დატვირთვისას, ჭირვეულობენ.
ახალგაზრდა ასაკში სუსტი და საშუალო ხარისხის ჰიპერმეტროპიისას თვალის ოპტიკური სისტემის სისუსტე როგორც შორ, ისე ახლო მანძილზე მხედველობის აკომოდაციით კომპენსირდება, ამიტომ ჰიპერმეტროპთა უმეტესობა შორსაც და ახლოსაც კარგად ხედავს, თუმცა ახალგაზრდა ჰიპერმეტროპებთან აკომოდაცია მუდამ დაჭიმულია, ცილიარული კუნთი თითქმის არ დუნდება. ხშირად კუნთის დაძაბვა სპაზმშიც გადადის, რომელიც შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ დაფაროს ჰიპერმეტროპია და თვალი ემეტროპიული ან მიოპიური (ახლომხედველი) გახადოს. რეფრაქციის სახეობის დასადგენად სუბიექტური წესით გამოკვლევისას ამ გარემოებამ შესაძლოა შეცდომა გამოიწვიოს, რის შედეგადაც პლუსიანის ნაცვლად მინუსური მინები დაინიშნება. ექიმი პაციენტის კვლევისას ამ გარემოებას აუცილებლად ითვალისწინებს.
საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიისას პაციენტებს აქვთ ტიპური ჩივილები მხედველობის გაუარესების გამო:
-ცუდი ხედვა ახლო მანძილზე;
-ცუდი ხედვა შორ მანძილზე (ჰიპერმეტროპიის მაღალი ხარისხის შემთხვევაში);
-თვალების სწრაფად დაღლა კითხვისას;
-თვალების დაძაბვა მუშაობისას (თავის ტკივილი, თვალების წვა);
-ბავშვებში – სიელმე ან ზარმაცი თვალი;
-თვალის ხშირი ანთებითი დაავადებები – ბლეფარიტი, ჯიბლიბო, ქალაზიონი, კონიუნქტივიტი.

მიზეზები

მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. ორივე შემთხვევას საფუძვლად უდევს თვალის ზემოხსენებული ანატომიური ცვლილება – თვალის მოკლე წინა-უკანა ღერძი ან გარდამტეხი აპარატის სისუსტე. პათოლოგიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტრესს, მძიმე მხედველობით გადაძაბვას, სხვადასხვა დაავადებას.
განსხვავდება თუ არა ხანში შესულთა შორსმხედველობა ახალგაზრდობისას აღმოცენებულისგან?
ასაკობრივი შორსმხედველობა ანუ პრესბიოპია თვალის იმ ასაკობრივი ცვლილებების შედეგია, რომლებიც თითქმის ყველა ადამიანს აღენიშნება 40 წლის შემდეგ. ამ ასაკისთვის იწყება ბროლის გამკვრივების პროცესი. ის კარგავს ელასტიკურობას, უჭირს სიმრუდის შეცვლა ახლომდებარე საგნების ცქერისას. კითხვისას მხედველობა რამდენიმე წუთში ინისლება და თვალი იღლება, ასოები ირევა, იგრძნობა უსიამოვნო ზეწოლა თვალებზე, ტკივილი წარბების გასწვრივ. ტექსტამდე მანძილის გაზრდა შვებას ჰგვრის ადამიანს, ქრება მხედველობის დანისვლის შეგრძნება და ასოები კვლავ მკაფიოდ ჩანს. ჩივილები მძაფრდება საღამოობით, დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათების სიმკვეთრეს და მიმართულებას (მუშაობისას სჯობია, შუქი უკნიდან ეცემოდეს სამუშაო ადგილს). ფოკუსური მანძილის ზრდის გამო ადამიანი იძულებული ხდება, კომფორტული ხედვისთვის ტექსტი თვალს ნორმაზე მეტად დააცილოს ან სათანადო, ეგრეთ წოდებული პლუსიანი სათვალე გამოიყენოს. უარესდება ახლო მანძილზე ხედვა, ძნელდება ახლომდებარე მცირე ზომის საგნების გარჩევა. აღნიშნული პროცესი დაახლოებით 60 წლამდე პროგრესირებს, რის გამოც სათვალეც იცვლება საშუალოდ +1 დიოპტრიდან +3 დიოპტრიამდე.
პრესბიოპია, ჰიპერმეტროპიისგან განსხვავებით, არ არის პათოლოგია, ის ნორმალური ასაკობრივი მოვლენაა.

მკურნალობა
ჰიპერმეტროპიის კორექციის შედეგი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე – პაციენტის ასაკზე, საქმიანობის ტიპზე, თანმხლებ დაავადებებზე. მკურნალობა შეიძლება წარიმართოს როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მეთოდებით.
კონსერვატიული მკურნალობის საფუძველია დაავადების დროული დიაგნოსტიკა სრულფასოვანი ოფთალმოლოგიური კვლევით. დიაგნოსტიკის შემდეგ ხდება მხედველობის კორექცია სათვალით ან კონტაქტური ლინზებით, რომლებიც ოფთალმოლოგმა უნდა შეარჩიოს. რეკომენდებულია თვალის აკომოდაციაზე პასუხისმგებელი კუნთების ვარჯიში. ამ მიზნით ოფთალმოლოგის მეთვალყურეობით ტარდება ლაზერული სტიმულაცია, მხედველობის ვიდეოკომპიუტერული კორექცია, ვარჯიშები. აუცილებელია ზოგადგამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სრულფასოვანი (ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი) საკვები. ძალიან კარგია მოცვისა და E ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება.
მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიდან აღსანიშნავია მიკროქირურგიული და ექსიმერლაზერული ტექნოლოგიების უნიკალური კომბინაცია – LASIK მეთოდი და ფოტორეფრაქციული კერატექტომია.

პროფილაქტიკა

მხედველობის დარღვევათა პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:
-განათების რეჟიმის დაცვა – სამუშაო, რომელიც მხედველობის დატვირთვას მოითხოვს, მხოლოდ კარგი განათების პირობებში უნდა შესრულდეს;
-მხედველობითი და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმის დაცვა, რაც გულისხმობს მხედველობის დაძაბვისა და ფიზიკური აქტივობის მონაცვლეობას;
-თვალების რეგულარული ვარჯიში – სპეციალური ვარჯიშები ყოველ 20-30 წუთში ერთხელ უნდა შესრულდეს.

Facebook კომენტარები