წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა მოცვისებრთა ოჯახიდან, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ ფენებშია განლაგებული. ღერო სწორმდგომია, სუსტად დატოტვილი. ფოთლები ტყავისებურია, მოკლეყუნწიანი, ელიფსური ან უკუკვერცხისებრი, სიგრძით 3 სმ, სიგანით 2 სმ, ზემოდან მუქი მწვანეა, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია ფერის, მქრქალი. ყვავილები ზარისებრი გვირგვინია, თეთრი ან ვარდისფერი, შეკრებილია მოკლე, დახრილ კენწრულ მტევნად. ნაყოფი – მრავალკურკიანი ღია წითელი ფერის სფეროსებრი, პრიალა კენკრაა, დიამეტრით 8 მმ-მდე. თესლი მორუხო-წითელი ფერის კურკაა.
ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
წითელი მოცვი გვხვდება საქართველოს მთაგორიან ადგილებში, ტყეებში, ძირითადად შერეულ ან ფიჭვნარ ტყეებში, თითქმის ალპურ ზონამდე.
სამკურნალოდ გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი; ფოთლებს აგროვებენ თოვლის დნობის დამთავრების შემდეგ, ყვავილობამდე. ფოთლებს აგლეჯენ ხელით, გაშავებულ ან ფერშეცვლილ ფოთლებს არ აგროვებენ.
ფოთლებს აშრობენ სხვენზე, თბილ შენობებში, კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. უნდა გაიფინოს ქაღალდზე ან ქსოვილზე თხელ ფენად (3-5 სმ), ხშირად აირიოს, გაშავებული ფოთლები პერიოდულად ამოირჩეს. შენახვის ვადა 3 წელია.
ნაყოფს ხელით კრეფენ გაზაფხულზე, როდესაც თოვლის დნობის შემდეგ კენკრა გამოჩნდება. მის შემადგენლობაში შემავალი ბენზოინის მჟავა,თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, კარგად ინახავს ნედლ ნაყოფს და ასევე მისგან მიღებულ პროდუქტებს.
წითელი მოცვის ფოთლები შეიცავს 9%-მდე არბუტინს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდ ჰიპეროზიდს და სათრიმლავ ნივთიერებებს, C ვიტამინს პროვიტამინ A-ს. ამ შემადგენლობიდან ძირითადია არბუტინი, რომელსაც ბაქტერიოციდური და შარდმდენი თვისებები გააჩნია.
ნაყოფი შეიცავს შაქარს 8-9%, ორგანულ მჟავებს, 2,3%-მდე. მათ შორის: ლიმონის, ვაშლის და ბენზოინის მჟავებს. იგი ასევე შეიცავს პექტონებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდ ვაქსინინს, კაროტინს და სხვა.
წითელი მოცვის ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით არსებობა განაპირობებს მის მრავალმხრივ გამოყენებას. მისი ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალება. მისი ფოთლების წყლიან გამონაწურს იყენებენ ცისტიტების, პიელიტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კერძოდ ოსტერეოქონდროზის, ნიკრისის ქარების, სახსრების რევმატული დაავადების, არასპეციფიკური ინფექციური ართრიტების დროს.
წითელი მოცვის ნაყოფს იყენებენ ავიტამინოზის დროს. ნაყოფის წყლიანი ნაყენი ითვლება გაციების დროს წყურვილის მოკვლის შესანიშნავ საშუალებად.
მისი ფოთლების ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ გაცივებული 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად 6 გრ (2 სუფრის კოვზი) ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში ანადუღარი წყლის დამატებით შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ მიღებამდე) შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ხალხურ მედიცინაში ნედლი ნაყოფი ან მისგან დამზადებული მურაბა იხმარება დაბალი მჟავიანობის, გასტრიტების, კუჭის აშლილობის, ნიკრისის ქარების, რევმატიზმის დროს. ნაყოფის წვენს სვამენ მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის დროს, იყენებენ სურავანდის საწინააღმდეგოდაც. მას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული თვისებები.
ცივ ადგილას შენახვის დროს ნაყოფი ექვსი თვის განმავლობაში ინარჩუნებს 20-30% C ვიტამინს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ნაყოფს აქვს აგრეთვე სედატიური მოქმედების უნარი, ამიტომ მისგან მომზადებული ნახარშის გამოყენება შეიძლება ჰიპერტონული დაავადების მსუბუქი ფორმების დროს.
მისი ნაყოფი როგორც შარდმდენი საშუალება გამოიყენება  რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს, აგრეთვე – სიმთვრალის დროს გამოსაფხიზლებლად. მისი წყლიანი გამონაწური ნაყოფთან ერთად ითვლება მადის აღმძვრელ საშუალებად, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამოყოფას.
გერმანიაში ფოთლების ნახარშს და ნაყენს გამოიყენებენ შარდის ბუშტის ანთების დროს. ავსტრიელების ხალხური მედიცინა კი თვლის, რომ ფოთლების ნახარში შარდსადენ გზებს დეზინფიცირებას უკეთებს.
ბულგარელები შემდეგნაირად ამზადებენ ნახარშს: წვრილად დაჭრილ ფოთლებს (3-4 ჩაის კოვზი) ხარშავენ 500 მლ წყალში  5-10 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ აცივებენ 15-20 წუთი, გადაწურავენ და სვამენ 100 მლ 3-4-ჯერ დღეში.

Facebook კომენტარები