წითელი ქარი კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციური დაავადებაა. კერძოდ, მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული ანთება ახასიათებს. ის, ჩვეულებრივ, კანის ლიმფურ სისტემაში ვრცელდება. დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ იმ ეგვიპტელი მკურნალის პატივსაცემად, რომელიც, გადმოცემით, ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს კურნავდა.
ჩირქმბადი სტრეპტოკოკით გამოწვეული ეს ინფექცია თავდაპირველად პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში მისი ლოკალიზაცია შეიცვალა. ამჟამად ის უმთავრესად ქვედა კიდურებს აზიანებს. ასეთი ლოკალიზაცია აქვს პროცესს ასიდან 85 შემთხვევაში. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზია წითელი ქარის რისკის მქონე პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა.
წითელი ქარი უფრო მეტად ქალებს ემართებათ, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცებთან აგრესიულობით გამოირჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ განსხვავებას სხვადასხვა სქესის პირთა შორის დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების განსხვავებული სიხშირე განაპირობებს.
დაავადება ნებისმიერი ასაკის პირთა შორის გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ჩვილებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და ხანში შესულებს შორის, პიკი კი 60-80 წელზე მოდის.
ახასიათებს სეზონურობა – გაზაფხულ-შემოდგომაზე შეინიშნება მისი მატების ტენდენცია.

მიზეზები

წითელი ქარის მთავარი მიზეზი სტრეპტოკოკული ინფექციაა. სახეზე ლოკალიზაციისას გამომწვევი უმეტესად A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკია, ხოლო ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციისას – სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები. სტრეპტოკოკის ტოქსინები იწვევს მწვავე ანთებას, რაც ამ დაავადებისთვის პათოგნომურია. იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში. აღწერილია ატიპური ფორმები, რომლებიც სხვა მიკოორგანიზმებით არის გამოწვეული. ასეთ დროს სტანდარტული ანტიბიოტიკები უეფექტოა.
ინფექციის ძირითად წყაროს წითელი ქარით ან სტრეპტოკოკული ინფექციის სხვა ფორმით დაავადებულები წარმოადგენენ. არ არის გამორიცხული დაავადების გავრცელება ადამიანებისგან, რომლებიც წითელი ქარით დაავადებულნი არა (კლინიკა არ ვლინდება), მაგრამ მისი გამომწვევი ჰემოლიზური სტრეპტოკოკის მატარებელნი კი არიან.
დაავადების კონტაგიოზურობა (გადამდებობა) უმნიშვნელოა. წითელი ქარის გამომწვევი ბაქტერიები ჰაერის მეშვეობით არ ვრცელდება. დაავადება ვითარდება მხოლოდ დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად (შედარებით ხშირად ზიანდება სახისა და მუხლის მიდამო). შესაძლებელია ორგანიზმში არსებული სტრეპტოკოკული ინფექციის კერიდან მიკრობის ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით გავრცელებაც.
უნდა ითქვას, რომ წითელი ქარის განვითარებისთვის, კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრასთან ერთად, აუცილებელია სხვა ფაქტორების თანაარსებობაც, კერძოდ:
-სპეციფიკური იმუნიტეტის არასრულფასოვნება;
-ჰემოლიზური სტრეპტოკოკისადმი გაძლიერებული მგრძნობელობა;
-არასპეციფიკური დაცვის მექანიზმის აქტივობის დაქვეითება;
-მიკრობის შეჭრის ადგილას კანის საწყისი ფუნქციური ან მორფოლოგიური არასრულფასოვნება.
ამ ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში მიკრობი კანში კიდეც რომ შეიჭრას, განვითარდება მხოლოდ ბანალური ჩირქოვანი პროცესი ფურუნკულის, აბსცესის ან ფლეგმონის სახით.
ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია. სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს ბაქტერიების წყარო ხშირად ცხვირ-ხახაა. ცნობილია, რომ სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის შემთხვევათა მესამედში პაციენტს სტრეპტოკოკული ფარინგიტი აქვს გადატანილი. გარდა ამისა, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა – ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

დაავადების სიმპტომატიკა დამოკიდებულია მის ფორმაზე, მიმდინარეობაზე, გართულებებზე.
ცნობილია დაავადების რამდენიმე კლინიკური ფორმა:
-ერითემული;
-ბულოზური;
-ფლეგმონოზური;
-ნეკროზული.
მიმდინარეობის მიხედვით წითელი ქარი შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი 6-7 დღეა, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე საათამდეც შემცირდეს. ზოგჯერ დაავადების დასაწყისს წინ უძღვის საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება შესაბამის კიდურში, რეგიონული ლიმფური კვანძების მტკივნეულობა. უმეტესად კი დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, შეცივნებით, საერთო სისუსტით, ზოგჯერ – გულისრევითა და ღებინებით, პირველსავე საათებში შეინიშნება ტემპერატურის მომატება 39-40 0ჩ-მდე. მძიმე შემთხვევაში ავადმყოფს ცნობიერება ებინდება, ბოდავს, ხშირად აღებინებს, პულსი და სუნთქვა უხშირდება. პაციენტთა უმრავლესობას უდიდდება ღვიძლი და ელენთა.
წითელი ქარის ერითემული ფორმისთვის დამახასიათებელია:
-კანის შეწითლება;
-შეშუპება;
-კანის გაცხელება;
-დაჭიმულობა;
-მტკივნეულობა.
შეწითლებული უბნის საზღვრები გეოგრაფიული რუკის მსგავსადაა დაკბილული.
შეშუპების ხარისხი პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტად ის გამოხატულია სახეზე – ქუთუთოებზე, ტუჩებზე, ასევე – სასქესო ორგანოების არეში და მუცლის წინა კედელზე.
წითელი ქარის ბულოზური ფორმისთვის, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმტომებისა, დამახასიათებელია კანზე ბუშტუკების გაჩენა.
ფლეგმონოზური ფორმის შემთხვევაში გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები კანის ჩირქოვანი დაზიანებით.
ნეკროზულ ფორმას ახასიათებს დაავადების მძიმე მიმდინარეობა კანის დანეკროზებით.
არსებობს ასევე წითელი ქარის:
-პირველადი ფორმა – ამ დროს პროცესი უმეტესად სახეზე ლოკალიზდება;
-განმეორებითი ფორმა – დაავადება ვლინდება წინა დაავადების გადატანიდან 2-3 წლის შემდეგ, ხშირად – პროცესის სხვაგვარი ლოკალიზაციით; კლინიკური გამოვლინებითა და მიმდინარეობით პირველადისგან არ განსხვავდება;
-მორეციდივე ფორმები, რომლებიც ვითარდება პირველადი დაავადების გადატანის შემდეგ რამდენიმე დღიდან 1,5-2 წლამდე პერიოდში. ამ დროს პროცესი უმეტესად ქვედა კიდურებზე ლოკალიზდება, იშვიათად – ზედაზე.
ლორწოვან გარსებზე პროცესი დაზიანებული კანიდან გადადის. ცხვირის, ხახის, ხორხის იზოლირებული დაზიანება თითქმის არ გვხვდება.
რეციდივის განვითარებას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი:
-პირველადი პროცესის არასრული და არასწორი მკურნალობა;
-კანის ქრონიკული დაავადებები;
-ქრონიკული სტრეპტოკოკული ინფექციის კერები;
-მუშაობის არახელსაყრელი პირობები, გაციება, მიკროტრავმები და სხვა.
რეციდივები მსუბუქად მიმდინარეობს, ზოგჯერ ცხელება არც კია გამოხატული ან ხანმოკლეა. ასევე უმნიშვნელოა ადგილობრივი სიმპტომებიც.

გართულება

წითელი ქარი ასიდან 4-8 შემთხვევაში რთულდება. გართულებებს მიეკუთვნება:
-აბსცესი;
-ფლეგმონა;
-კანის წყლულები;
-ნეკროზები;
-ფლებიტი და თრომბოფლებიტი;
-იშვიათად – სეფსისი, პნევმონია, ნეფრიტი, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
გართულებული წითელი ქარის მკურნალობა გაცილებით რთულია, ამიტომ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით საეჭვო ნიშნების შემჩნევისთანავე ავადმყოფმა ექიმს უნდა მიმართოს.

დიაგნოსტიკა

დაავადების კლასიკურ შემთხვევებში დიაგნოზის დასადასტურებლად და სამკურნალოდ სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევა არ არის საჭირო, ხოლო მაშინ, როცა დაავადება ატიპურად მიმდინარეობს ან სავარაუდოა, გამომწვევი ატიპური მიკროორგანიზმი იყოს, შესაძლოა საჭირო გახდეს კანიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ჩვეულებრივ, არც ინსტრუმენტული გამოკვლევა ტარდება. ის მხოლოდ მაშინ მიიჩნევა საჭიროდ, როცა პროცესი სახსარზე ან ძვალზე ვრცელდება.

მკურნალობა

წითელი ქარის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, ჯერადობაზე (პირველადია, განმეორებითი თუ რეციდივი), ინტოქსიკაციის გამოხატულებაზე ადგილობრივი ნიშნების ხასიათსა და გართულებების არსებობა-არარსებობაზე. კომპლექსური თერაპია მოიცავს:
-ანტიბიოტიკოთერაპიას;
-ჰორმონთერაპიას;
-არასპეციფიკური მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენებას;
-ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
პირველადი და განმეორებითი წითელი ქარისა და იშვიათი რეციდივების დროს მიზანშეწონილია პენიცილინთერაპია. ეფექტურია აგრეთვე ამპისიდი, ტეტრაციკლინისა და ერითრომიცინის აბები. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 7-10 დღე. თუ ავადმყოფი ანტიბიოტიკს ვერ იტანს, მკურნალობენ ნიტროფურანებით, ფუროზოლინით, ფურადონინით და სხვ.
მძიმე ფორმებისა და ხშირი რეციდივების შემთხვევაში რეკომენდებულია ნახევრად სინთეზური პენიცილინი – ოქსაცილინი, ამპიცილინი, კომბინირებული ანტიბიოტიკები – ოლეტეტრინი და მისი ანალოგები. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8-10 დღეა.
მეტისმეტად ხშირი რეციდივების, გამოხატული ნარჩენი მოვლენებისა და რეგიონული ლიმფადენიტის დროს პირველი კურსის ჩამთავრებიდან 7-10 დღის შემდეგ მიზანშეწონილია მეორის ჩატარება სხვა ანტიბიოტიკით 6-7 დღის განმავლობაში.
ხშირი რეციდივის და ანამნეზში წამლისმიერი დაავადებების შემთხვევაში რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდები – 20-30 მგ-დან დოზის თანდათანობითი შემცირებით.
ჰორმონთერაპიის უკუჩვენებაა დაზიანებულ კერაში კანის ნეკროზი და აბსცესი.
რეკომენდებულია აგრეთვე ასკორბინმჟავა რუტინთან ერთად, B ჯგუფის ვიტამინები, ნიკოტინმჟავა. წამლისმიერი გართულებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება დიმედროლი, პიპოლფენი, ტავეგილი.
განსაზღვრულ ჩვენებათა შემთხვევაში რეკომენდებულია ბიცილინპროფილაქტიკა ბიცილინ-5-ით. მას აქვს ანტიჰისტამინური თვისებები, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს. ბიცილინპროფილაქტიკას ატარებენ დაავადების სრულფასოვანი კომპლექსური მკურნალობის შემდეგ.
ფიზიოთერაპიული პროცედურები ტარდება დაავადების მწვავე პერიოდში. გამოჯანმრთელების პერიოდში შეშუპებათა არსებობისას მიზანშეწონილია პარაფინი და ელექტროფორეზი კალციუმქლორიდით, ხშირი რეციდივის შემთხვევაში – ოზოკერიტი, ელექტროფორეზი ლიდაზით და სხვა. მყარი ნარჩენი მოვლენებისას ფიზიოთერაპიული პროცედურები შეიძლება გაიმეორონ 3-4, 6-7, 12-14 თვის შემდეგაც.

პროგნოზი

ჩვეულებრივ, კარგია, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას პაციენტთა 20%-ს დაავადების რეციდივები აღენიშნება.

პროფილაქტიკა

წითელი ქარის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია:
-პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
-კანის თანმხლები დაავადებებისა და პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა;
-სტრეპტოკოკული ინფექციის ქრონიკული კერების სანაცია და სხვა.

Facebook კომენტარები