ვარდისებრთა ოჯახიდანაა. წყავი მარადმწვანე ბუჩქი ან მცირეტანიანი ხეა. 1-3 (8) მ სიმაღლით, მუქი რუხი ფერის ქერქით. მისი მუქი მწვანე, ყლორტებზე მორიგეობით განლაგებული, მოკლეყუნწიანი ფოთლები ტყავისებურია, ზემოდან პრიალა, ქვემოდან უფრო მკრთალი, ღია მწვანე ფერის, მოყვანილობით მოგრძო ელიფსურია, კიდეხერხკბილა ან კიდემთლიანი, სიგრძით 5-20 სმ აღწევს, მთავარი ძარღვის ძირში 2-4 ჯირკვალი აქვს.
სურნელოვანი თეთრი ყვავილები გასულ წლის ფოთლების იღლიებიდან ამოსული 5-13 სმ სიგრძის მტევნებადაა შეკრებილი. ნაყოფი მომრგვალო-კვერცხისებრი კურკიანაა 8 მმ სიგრძით, შავი, წვნიანი რბილობით. 1000 ც თესლის წონა 110-18% გრამს შეადგენს.
გავრცელებული უმთავრესად დასავლეთ საქართველოში, უმეტესად წიფლნარ და ნაძვნარ-სოჭნარ ტყეებში მარადმწვანე ქვეტყის სახით. მცირე რაოდენობით გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლისა და კახეთის) ზოგ რაიონში.
როგორც დეკორატიულ, მარადმწვანე მცენარეს, ფართოდ იყენებენ ბაღ-პარკების მშენებლობაში.
ნედლი ფოთლები გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ მისგან გამოხდილ “წავის წყალს” გამაყუჩებელ (დასალევ) საშუალებად ხმარობენ. მისი სამკურნალო ზემოქმედება გლიკოზიდ ამიგდალინის შემცველობითაა განპირობებული, რომლის დაშლითაც კუჭში წყალბადციანმჟავა გამოიყოფა, რომელსაც მაანესთეზირებელი თვისება გააჩნია.
“წყავის წყალს” სხვადასხვა წამლების გემოს გასაუმჯობესებლადაც იყენებენ. ნაყოფი იხმარება ხილად, რომელიც მუცლის აშლისას იჩენს შემკვრელ მოქმედებას.

 

Facebook კომენტარები