არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მსხვილ ნაწლავს აზიანებს. ამ დროს ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება და მის ზედაპირზე მცირე ზომის ჭრილობები – წყლულები წარმოიქმნება. ამ წყლულებიდან დის სისხლი, ჩირქი და ლორწო. ანთება იწვევს კუჭში ხშირად გასვლის მოთხოვნილებას, რაც სისხლიანი ფაღარათითა და მუცლის ტკივილით მთავრდება. დაავადება თანაბრადაა გავრცელებული ქალებსა და მამაკაცებში, უმეტესად 15-დან 30-მდე და 50-დან 70 წლამდე ვითარდება, თუმცა მისგან არც ერთ ასაკში არ ვართ დაზღვეულნი.

მიზეზები
მიუხედავად იმისა, რომ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი კარგა ხანია მეცნიერთა ყურადღების საგანია, მისი მიზეზები ბოლომდე არ აუხსნიათ, თუმცა დადგენილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის აღმოცენებას.

1. მემკვიდრეობა
მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ დაავადების შემთხვევები ხშირია ერთსა და იმავე ოჯახებში, ასევე – განსაზღვრული ეთნიკური წარმომავლობის პირებში. გარდა ამისა, გამოვლინდა გენეტიკური მარკერები, რომლებიც ხშირადაა ასოცირებული არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტთან.

2. გარეგანი ფაქტორები
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის აღმოცენებაში გარეგანი ფაქტორების როლის შესახებ მრავალი მეცნიერული ჰიპოთეზა არსებობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კვების თავისებურებები. ერთ-ერთი თეორია ასეთია: ვინაიდან მსხვილი ნაწლავი მრავალი საკვები ნივთიერების ზემოქმედებას განიცდის, ადვილი შესაძლებელია, მათ ანთების პროვოცირება მოახდინონ, – თუმცა აღნიშნული მოსაზრება მეცნიერულად ვერ დადასტურდა. ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს ძუძუთი კვების დამცავ ეფექტზე. არსებობს მონაცემები ინფექციის როლზე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის განვითარებაში.

3. იმუნური ფაქტორები
არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს აუტოიმუნურ პათოლოგიათა რიცხვს მიაკუთვნებენ. ამ ტიპის დაავადებების დროს ირღვევა იმუნური სისტემის ფუნქცია, რის შედეგადაც ის თავისივე ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილთან იწყებს ბრძოლას. ამ მოსაზრებას ადასტურებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს არა მარტო მსხვილი ნაწლავის, არამედ ორგანიზმის სხვა სისტემებისა და ორგანოების დაზიანებაც.

კლინიკური ნიშნები
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავრცობილია მსხვილი ნაწლავის დაზიანება. ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი, რომლის დროსაც სისხლსა და ლორწოსთან შერეული თხიერი განავალი გამოიყოფა. სისხლმდინარე კერა ვლინდება რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევის დროსაც. დაავადებას, ჩვეულებრივ, თან სდევს მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობაც ზომიერიდან ძალიან ძლიერამდე მერყეობს. როგორც უკვე ითქვა, სხვადასხვა პაციენტთან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მოიცავს მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილს – სწორი ნაწლავიდან განივ კოლინჯამდე. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ სწორ ნაწლავზეც (პროქტიტი). ამ შემთხვევაში შესაძლოა დაავადების ერთადერთი გამოხატულება სწორი ნაწლავიდან სისხლდენა იყოს. ზოგჯერ შეინიშნება სწორი ნაწლავის ტკივილი, დეფეკაციის ცრუ სურვილი. ზოგჯერ პროცესი მოიცავს სწორ ნაწლავსა და სიგმურ კოლინჯს (პროქტოსიგმოიდიტი), კოლინჯის მთელ მარცხენა ნახევარსა და მთელ მსხვილ ნაწლავს (პანკოლიტი). ბუნებრივია, რაც უფრო დიდ ფართობსაა მოდებული პათოლოგიური ცვლილებები, მით უფრო მნიშვნელოვანია კლინიკური სიმპტომატიკა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დაავადების გავრცობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი მიმდინარეობის სიმძიმეც. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მსუბუქი ფორმის დროს კუჭის მოქმედება დღე-ღამეში ოთხჯერადზე ნაკლებია, განავალში სისხლის მინარევი შესაძლოა არც იყოს, ზოგადი ინტოქსიკაცია გამოხატული არ არის, ტემპერატურა ნორმალურია, სისხლში ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ დასტურდება (ედსი ნორმალურია). გამოხატულია ზომიერი მუცლის ტკივილი ან კუნთების სპაზმი. შეინიშნება კუჭის მოქმედების ცრუ სურვილი (ცრუ ჭინთვები, ტენეზმები), რომლის შედეგადაც განავალი არ გამოიყოფა ან გამოიყოფა ძალიან მცირე ოდენობით. ზომიერი სიმძიმის ფორმის დროს კუჭის მოქმედების ანუ დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 4-ს აღემატება, თუმცა ინტოქსიკაციის ნიშნები მინიმალურია, ცხელება 38-39°C-ს აღწევს, ტკივილი ზომიერია, ვლინდება ანემია, თუმცა არცთუ მკვეთრი. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მძიმე ფორმას ახასიათებს ხშირი (დღე-ღამეში 6-ზე მეტი) დეფეკაცია და ინტოქსიკაციის სიმპტომები – ცხელება, ტაქიკარდია (გულის აჩქარება), ანემია და ედსის მატება. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს დაავადების ელვისებური ფორმა, რომლის დროსაც კუჭის მოქმედებათა რიცხვი დღე-ღამეში 6-ს აღემატება. განავალი მუდმივად სისხლიანია. ვლინდება მკვეთრი ინტოქსიკაცია. მუცელი მტკივნეულია. ანემია მკვეთრია. ანთებითი პროცესი სცდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს და ვრცელდება ქვემდებარე შრეებზე, რაც არღვევს მსხვილი ნაწლავის კედლის ელასტიკურობას. მოსალოდნელია მისი მკვეთრი გაფართოებაც, რასაც მედიცინაში ნაწლავის ტოქსიკურ დილატაციას უწოდებენ. ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია შესაძლოა მისი პერფორაციის (კედლის გახვრეტის) მიზეზად იქცეს. სათანადო მკურნალობის გარეშე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ელვისებური ფორმა სიკვდილით სრულდება.

ზოგადი სიმპტომები

სამწუხაროდ, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მხოლოდ ნაწლავის დაავადება არ არის. ის სისტემური პათოლოგიაა, რომელმაც შესაძლოა ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება გამოიწვიოს. ზოგჯერ ზოგადი გამოხატულება, მაგალითად, სახსრების ტკივილი, დაავადების პირველი ნიშანიც კია და უსწრებს ნაწლავისმხრივ ჩივილებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში დაავადების დიაგნოსტიკა რთულდება. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ზოგად გამოვლინებათაგან უნდა აღინიშნოს:

  • აფთოზური წყლულები პირის ღრუში;

თვალების მხრივ:

  • ირიტი ან უვეიტი (ფერადი გარსის ანთება);
  • ეპისკლერიტი;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ:

  • სახსრების ანთება ანუ ართრიტი, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ერთი დიდი ან რამდენიმე წვრილი (მტევნის ან ტერფის) სახსარი;
  • ხერხემლის სვეტის ართრიტი ანუ მაანკილოზებელი სპონდილიტი;
  • ხერხემლის სვეტის ქვედა ნაწილის და გავა-თეძოს ართრიტი;

კანის მხრივ:

  • ერითემა (კანქვეშა ქსოვილის ანთება) ქვემო კიდურებზე;
  • განგრენული პიოდერმია (კანის ჩირქოვანი მტკივნეული დაწყლულება).

არცთუ იშვიათია:

  • ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
  • აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;
  • თითების დეფორმაცია;
  • სანაღვლე გზების ანთება, მასკლეროზებელი ქოლანგიტი.

დიაგნოსტიკა
როდესაც ექიმი არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის არსებობას ეჭვობს, ის პაციენტს განსაზღვრულ გამოკვლევებს უნიშნავს. უპირველეს ყოვლისა, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, რათა დადასტურდეს ანემიისა და ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. დაავადების დიაგნოსტიკისთვის უმნიშვნელოვანესია ენდოსკოპიური კვლევა, კერძოდ, კოლონოსკოპია, რომლის დროსაც სპეციალური ხელსაწყოს – კოლონოსკოპის მეშვეობით მთელი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანს ათვალიერებენ. ამ პროცედურის დროს შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის ქსოვილის აღება მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის ანუ ბიოფსიის ჩატარება. მიკროსკოპიული კვლევით მიღებული მონაცემები დიაგნოზის დადასტურებაში გვეხმარება. სადიაგნოზოდ გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კონტრასტული (ბარიუმის ფაფით) რენტგენოლოგიური გამოკვლევაც, თუმცა ის ისეთი ინფორმაციული არ არის, როგორიც კოლონოსკოპია.

იზრდება თუ არა მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს?
ამჟამად მიიჩნევა, რომ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი მაღალია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ამ პათოლოგიით მოავადე პაციენტთა 90%-ს მსხვილი ნაწლავის კიბო არ უვითარდება. რისკი იმატებს, როცა დაავადების ხანგრძლივობა 10 წელს აღემატება და მთელი მსხვილი ნაწლავია დაზიანებული. ამ შემთხვევაში პაციენტმა ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს კოლონოსკოპია, რათა დროულად გამოვლინდეს სიმსივნის სიმპტომები.

მედიკამენტური მკურნალობა
მედიკამენტური მკურნალობის მიზანია ანთების ლიკვიდაცია, ვინაიდან დაავადების კლინიკური ნიშნების აღმოცენებას სწორედ ის განაპირობებს. წარმატებული მკურნალობით შესაძლებელია არა მარტო სიმპტომების ლიკვიდაცია, არამედ ხანგრძლივი რემისიის ანუ იმ მდგომარეობის მიღწევა, როდესაც დაავადების ნიშნები აღარ ვლინდება. ანთების ლიკვიდაციისთვის სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებია რეკომენდებული. მათი ეფექტიანობა სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვანაირია. შესაბამისად, ექიმს დრო სჭირდება იმ საშუალების შესარჩევად, რომელიც კონკრეტული პაციენტისთვის იქნება ეფექტური. გარდა ამისა, ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ რეკომენდებული ზოგიერთი პრეპარატის გვერდით ეფექტს. მათი დანიშვნისას სარგებლობა, რომელიც მკურნალობას მოაქვს, უნდა აღემატებოდეს მკურნალობასთან დაკავშირებულ შესაძლო დისკომფორტს. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მოიცავს სულფასალაზინის პრეპარატებსა და კორტიკოსტეროიდებს. გარდა ამისა, გამოიყენება იმუნოსუპრესიული (იმუნური სისტემის დამთრგუნველი) საშუალებები, რომლებიც ასევე თრგუნავს ანთებით პროცესს. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება იმ პრეპარატების გამოყენებაც, რომლებიც უშუალოდ ანთებით პროცესზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ დაავადების ნიშნების ლიკვიდაციას უწყობს ხელს. მათ სიმპტომურ საშუალებებს უწოდებენ. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფაღარათო ან შემკვრელი საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები, რკინის პრეპარატები. ამ ღონისძიებათა უეფექტობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა – დაზიანებული ნაწლავის ამოკვეთა.

არატრადიციული საშუალებები

ზოგჯერ, ტრადიციული სამკურნალო საშუალებების უეფექტობის ან გვერდითი ეფექტების გამო, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით დაავადებულები შვებას სხვა საშუალებებში ეძებენ. არსებობს მონაცემები ამ კუთხით სხვადასხვა ბიოაქტიური დანამატის (ბად), პრობიოტიკებისა (ბაქტერიული პრეპარატების) და თევზის ქონის ეფექტიანობის შესახებ, თუმცა ეს საშუალებები ოფიციალურად აღიარებული არ არის.

როდის მივმართოთ ექიმს
ჩვეულებრივ შემთხვევებში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ, როგორც ითქვა, ის შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს, ამიტომ აუცილებელია, დროულად მივმართოთ ექიმს, თუ:

  • კუჭის მოქმედება უჩვეულოდ გახშირდა;
  • დაერთო მუცლის ტკივილი;
  • განავალში სისხლის მინარევია;
  • მიუხედავად დიეტისა, ფაღარათი არ წყდება;
  • ამ ნიშნებს ერთვის ცხელება.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს
ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის შეცვლა დაავადების სიმპტომების შემსუბუქებასა და გამწვავებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მართალია, ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რომ ამა თუ იმ საკვებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის გამორიცხვა სიმპტომებს ამსუბუქებს.
გირჩევთ:

  • ერიდოთ რძესა და მის პროდუქტებს. ისინი ამძიმებენ დაავადების მიმდინარეობას, ვინაიდან ამ დროს ხშირია რძის გადამამუშავებელი ფერმენტის – ლაქტაზის დეფიციტი.
  • შეარჩიოთ თქვენთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული – მართალია, ისინი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისას ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა დიარეა და მეტეორიზმი გააძლიეროს. მიიღეთ მხოლოდ ის ხილ-ბოსტნეული, რომელსაც კარგად იტანთ.
  • ამოიღეთ რაციონიდან საკვები, რომლის მიღებაც დისკომფორტს გიქმნით. ეს შეიძლება იყოს ლობიო, ციტრუსები, ყავა, კოლა, ალკოჰოლი.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით.
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. უმჯობესია, ეს იყოს წყალი. მინერალური წყალი მხოლოდ უგაზო შეგიძლიათ დალიოთ.
  • რაკი იძულებული ხართ, შეზღუდოთ განსაზღვრული პროდუქტები, მიიღეთ პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი გაცილებით ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით, თუ თავს აარიდებთ სტრესს და რეგულარულად შეასრულებთ მსუბუქ ვარჯიშს.
არასპეციფიკური წლულოვანი კოლიტის დიაგნოზი იმას არ ნიშნავს, რომ სასოწარკვეთილებას უნდა მიეცეთ. მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ეს დაავადება, მაგრამ მკურნალობისა და ექიმთა რეკომენდაციების შესრულების წყალობით მათი სიცოცხლე სრულფასოვანია.

Facebook კომენტარები