ხეჭრელი ბუჩქიანი დაბალტანიანი ხეა ხეჭრელისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 2-5 მ, ძველ ტოტებზე მუქი ნაცრისფერი ქერქი აქვს, ხოლო ყლორტებზე მოწითალო-ყავისფერია. ქერქის გარე ფენის ჩამოფხეკის შემდეგ შეიმჩნევა მუქი-ჟოლოსფერი კორპისებრი ფენა. სწორედ კორპის ფენის საშუალებით შეიძლება იგი ადრე გაზაფხულზე გამოვარჩიოთ ხეჭრელთა სხვა სახეობის ბუჩქებისაგან. ფოთლები მორიგეობითია, უკუკვერცხისებრი ან ელიფსური, ყუნწიანი, სიგრძით 3-8 სმ. სიგანით 1,5-4,5 სმ, კიდემთლიანი, 7-10 წყვილი ძარღვით. ყვავილები წვრილია ორსქესიანი, მოკლე ყვავილის ყუნწით, ზარისები, მომწვანო-თეთრი ფერის ხუთფურცლიანი გვირგვინით, მოთავსებულია ფოთლის უბეებში და ქმნიან 2-7 ყვავილიან ჯგუფს. ნაყოფი სფეროსებრია, კურკიანი, წვნიანი, დიამეტრით 8 მმ. დამწიფებამდე წითელია, ხოლო სრული სიმწიფის დროს მოიისფრო-შავია, 3 კვერცხისებრი კურკით. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფება აგვისტო-სექტემბერში. ხეჭრელი უხვთესლიანია და სწრაფად მრავლდება. ბუჩქზე ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ყვავილები, ასევე უმწიფარი და მწიფე ნაყოფიც.
საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული: ტყეებში, ტყის პირებზე, მდინარის ხეობებში, მთაში.
სამკურნალოდ გამოიყენება ხეჭრელის ქერქი. მას ამზადებენ  წვენის ინტენსიური მოძრაობის პერიოდში – აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე.
იმ ადგილებში, სადაც ხეჭრელი დიდი რაოდენობითაა, ჭრიან ტოტებს უკეთებენ წრიულ ნაჭდევებს და აცლიან 1 სმ სისქის ქერქს ხის სპეციალური პატარა ნიჩბებით. ნედლეულს აშრობენ კარგ ამინდში ჩრდილში სხვენზე, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის მქონე ნაგებობებში. ცუდ ამინდში კი აშრობენ დამატებით გამთბობი ხელსაწყოების დახმარებით. ყოვლად დაუშვებელია ახალი ქერქის გამოყენება. გამშრალი ქერქი უნდა შეინახოს არანაკლებ 1 წლისა და გახურდეს 100 გრადუს ტემპერატურაზე 1 სთ-ის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება.
ხეჭრელის ქერქი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (8%-მდე), მათ შორის გლუკოფრანგულინს, ემოდინს და იზოემოდინს, აგრეთვე ტრიტენპენოიდულ გლიკოზიდებს, ქრიზოფანის მჟავას და სხვა.
ხეჭრელის ქერქი გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. მასში არსებული ანტრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, ამიტომ ქერქი ხშირად იხმარება სპასტიკური კოლიტებისა, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს კუჭნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს და სხვა.
ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს ხეჭრელის თხევად და მშრალ ექსტრაქტებს. მართალია ხეჭრელის პრეპარატების მიღება არ არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, მაგრამ მისი ხანგრძლივი დროით მიღების შედეგად ორგანიზმი ეჩვევა მას და მისი მოქმედების ეფექტი მცირდება; ხეჭრელის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება ფეხმძიმე ქალებისათვის დაუშვებელია.
ხეჭრელის ქერქის ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. სვამენ 1/2 ჭიქას დილას და საღამოს.

 

Facebook კომენტარები