ჰემატურია ანუ შარდში სისხლის არსებობა მეტად საყურადღებო სიმპტომია. მკურნალობას მოითხოვს არა თავად ჰემატურია, არამედ მისი გამომწვევი დაავადება.
განასხვავებენ ჰემატურიის ორ ფორმას:

  • მაკროჰემატურიას – შარდი ხორცის ნარეცხისფერია (მუქი ყავისფერი ან შავი);
  • მიკროჰემატურიას, რომლის დროსაც შარდში ვიზუალური ცვლილებები არ შეინიშნება და შარდში ერითროციტების აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიულადაა შესაძლებელი.

ჰემატურია შეიძლება იყოს მუდმივიც და პერიოდულიც, ანუ დროდადრო იჩინოს თავი დამოუკიდებლად ან შარდში ცილების გაჩენასთან ერთად. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ თირკმელებისა და საშარდე გზების ჰემატურია.
ზოგიერთი ჯანმრთელი ადამიანისთვის მიკროჰემატურია ნორმაა და ვითარდება გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ასეთ დროს მკურნალობა, წესისამებრ, არ არის საჭირო, საკმარისია დასვენება და შრომის რეჟიმის მოწესრიგება.

ჰემატურიის მიზეზები

ჰემატურიას სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მიზეზი აქვს. ის შესაძლოა აღმოაჩნდეს ახალშობილსაც, რაც თირკმელების ან საშარდე გზების განვითარების თანდაყოლილ მანკზე (პოლიკისტოზზე, ჰიდრონეფროზზე და სხვა), მეტაბოლურ დარღვევებზე, ახალშობილთა ჰემორაგიულ დაავადებაზე, თირკმელკენჭოვან დაავადებაზე, თირკმელების ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს.
2-6 წლის ბავშვებთან ჰემატურიის მიზეზად შესაძლოა იქცეს ტრავმა ან გარეთა სასქესო ორგანოების დაზიანება, უცხო სხეული საშარდე გზებში, მწვავე ნეფრიტი, ჰემორაგიული ცისტიტი, ვასკულიტი, თირკმლის სიმსივნე, საშარდე გზების განვითარების მანკი, მეტაბოლური ნეფროპათია, თრომბოპათია და სხვა.
საშუალო სასკოლო ასაკის ბავშვებთან ჰემატურია შესაძლოა გამოიწვიოს ცისტიტმა, ურეთროპროსტატიტმა, თირკმლის ტრავმამ, მწვავე და ქრონიკულმა ნეფრიტმა, კოლაგენოზებმა, იმუნურმა ნეფროპათიამ, მწვავე პიელონეფრიტმა, კოაგულოპათიამ, ნეფროიდულმა კიბომ, ზოგიერთმა პრეპარატმა (სულფანილამიდებმა და სხვა).
უფროსკლასელებში ჰემატურია შესაძლოა იყოს საშარდე ტრაქტის კიბოს, თირკმლის არტერიის ემბოლიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების და სხვათა ნიშანი.
სისხლი შარდში შესაძლოა გამოჩნდეს თირკმლის მენჯიდან ან ფიალიდან კენჭის შარდსადენში და იქიდან შარდის ბუშტში გადასვლისას, რასაც ძლიერი ტკივილიც ახლავს თან. კენჭის დაბადების შემდეგ სისხლი, წესისამებრ, ქრება. ამ შემთხვევაში სპეციალური მკურნალობა არ არის საჭირო.
პიელონეფრიტისა და საშარდე სისტემის სხვა ინფექციების დროს სისხლდენის წყარო შესაძლოა იყოს ანთებითი და შეშუპებული თირკმლის მენჯის კაპილარები და შარდსადენი. ლაბორატორიული ანალიზით ხდება ანთების გამომწვევი მიკროფლორის გამოვლენა. ანთებითი პროცესის აღმოფხვრის შემდეგ ჰემატურია წყდება. ამ შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით, მაგრამ წინასწარ უნდა დადგინდეს მიკრობების მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან მიკროფლორა ზოგიერთი პრეპარატისადმი გამძლეა.
ჰემატურია შესაძლოა განვითარდეს თირკმლისა და საშარდე გზების სიმსივნის დროს. შარდში სისხლი მაშინ გამოიყოფა, როცა სიმსივნური წარმონაქმნი ჭყლეტს მეზობლად განლაგებულ რბილ ქსოვილებს, სისხლძარღვებს, საშარდე გზებს, ასევე – სიმსივნის დაშლის შემთხვევაშიც. მკურნალობა ხშირად ოპერაციულია (იღებენ მთელ თირკმელს).
ზოგჯერ ჰემატურია გლომერულონეფრიტის სიმპტომია, რომელიც გორგლოვანი ნეფრიტის სახელწოდებითაცაა ცნობილი. გლომერულონეფრიტი თირკმლის დაავადებაა, რომლის დროსაც მიმდინარეობს გლომერულების (ნეფრონებში მდებარე მინიატურული გამფილტრავი მოწყობილობის) ანთება. გლომერულონეფრიტის დროს ჰემატურიასთან ერთად შარდში ცილების რაოდენობის მატებაც შეინიშნება.
ჰემატურიის მიზეზი შესაძლოა იყოს ასევე ჰემოფილია, თრომბოციტოპენიური პურპურა და თრომბოციტოპენიის სხვა ფორმები.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ჭეშმარიტი ჰემატურია და ფსევდოჰემატურია: ზოგჯერ შარდს მოწითალო ფერს აძლევს ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ამიდოპირინი, ფენილსალიცილატი, რიფამპიცინი) ან საკვები (ჭარხალი). შარდის მოწითალო შეფერილობის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს ჰემოგლობინურია და მიოგლობინურია – შარდში ჰემოგლობინის და პიგმენტ მიოგლობინის არსებობა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ჰემატურიის დიაგნოსტიკა ხდება ავადმყოფის ჩივილების, ასაკისა და გამოკვლევის (ლაბორატორიულისა და ინსტრუმენტულის) მონაცემების საფუძველზე. საშარდე სისტემაში სისხლმდენი არის დასადგენად ტარდება სამი ჭიქის სინჯი: ლაბორატორიაში შარდის თითოეულ ულუფას ცალ-ცალკე იკვლევენ ლეიკოციტების, ერითროციტების, ჩირქის, ლორწოს, სისხლის არსებობაზე. თუ სისხლი აღმოჩნდა მხოლოდ პირველ ულუფაში, ხოლო დანარჩენებში – არა, სავარაუდოდ, მიზეზი შარდსადენის დაზიანებაა. თუ პირველ ულუფაში სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენ ორში – კი, შეიძლება ვიეჭვოთ შარდის ბუშტის ყელის, ურეთრის ბოლო ნაწილის ან წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება. თუ სისხლი სამივე ულუფაში აღმოჩნდა, სავარაუდოა თირკმლის, შარდის ბუშტის სიმსივნე, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ჰემორაგიული ცისტიტი.
აუცილებელია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ექოსკოპიური კვლევა. ზოგჯერ ტარდება უროგრაფია, თირკმლის ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, თირკმლის ბიოფსია.
ჰემატურიის მკურნალობა გულისხმობს იმ დაავადების მკურნალობას, რომლის სიმპტომსაც წარმოადგენს ჰემატურია. ამ დაავადებისგან განკურნება, წესისამებრ, ჰემატურიის გაქრობას იწვევს.

Facebook კომენტარები