ჰერპესი (ბერძ. “მცოცავი”) ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს. ინფექციის გამომწვევია ჰერპესვირუსი. ამ ვირუსით ინფიცირებისთვის სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უმთავრესად ახალგაზრდები ავადდებიან. ვირუსი სამუდამოდ რჩება ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ უმეტესად ლატენტურ მდგომარეობაშია. ინფექციის კლინიკური გამოვლენა მასპინძლის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული: ჯანმრთელ პირებთან ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად – უსიმპტომოდაც, ხოლო მათთან, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული ან დარღვეული აქვს – მძიმედ.

ჰერპესის სახეობები
ადამიანის ჰერპესვირუსთაგან ყველაზე გავრცელებულია I ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-I ანუ აჰვ-I) და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-II ანუ აჰვ-II). ადამიანის მჰვ-I-ით ინფიცირების შედეგია სახისა და ზედა კიდურების კანის სხვადასხვაგვარი დაზიანება. მჰვ-II-ით ინფიცირება სასქესო ორგანოთა დაზიანებასა და ახალშობილთა დაავადებებს იწვევს, თუმცა ამჟამად გენიტალური ჰერპესის ყოველი მე-4 შემთხვევა პირველი ტიპის ჰერპესვირუსით არის გამოწვეული და ეს არატრადიციული სქესობრივი კავშირების შედეგია.
III ტიპის ჰერპესვირუსით (აჰვ-III ანუ ზოსტერი) ინფიცირება იწვევს ორ დამოუკიდებელ დაავადებას – ჩუტყვავილასა და სარტყლისებრ ლიქენს, იმავე სარტყლისებრ სირსველას.
IV ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-IV), იგივე ეპშტეინ-ბარის ვირუსი, შესაძლოა ინფექციური მონონუკლეოზისა (ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ანგინა, ელენთის, ღვიძლის, ლიმფური კვანძების გადიდება და ცვლილებები სისხლში) და ენის ვირუსული ლეიკოპლაკიის (ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი კერა, ახასიათებს სხვადასხვა ხარისხის გარქოვანება თეთრი ლაქებისა და ბალთების სახით) მიზეზად იქცეს.
V ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-V) ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიზეზია.
VI ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-VI), უახლესი მონაცემებით, ადრეული ასაკის ბავშვებთან უეცარ ეგზანთემას (წინწკლებიანი გამონაყარი ტანზე) იწვევს, ხოლო ზრდასრულებთან – ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსი კიდევ რამდენიმე დაავადების განვითარებაში მონაწილეობს.
1990 წელს აღმოჩენილ იქნა აჰვ-VII და აჰვ-VIII, რომელთა აქტიური შესწავლა დღემდე მიმდინარეობს. აჰვ-VII ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან ასოცირდება, აჰვ-VIII კი კაპოშის სარკომასთან (კანის ავთვისებიანი სიმსივნე).

I და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსები
ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელსაც ჰერპესული გამონაყარი ლორწოვან გარსზე (მაგალითად, ტუჩზე) აქვს. მასთან კონტაქტის შედეგად ვირუსი ლორწოვანი გარსიდან ან დაზიანებული კანიდან სხვის ორგანიზმში იჭრება. კონტაქტური გზა (პირდაპირი კონტაქტი, მათ შორის – სქესობრივიც) ჰერპესვირუსის გავრცელების უმთავრესი გზაა. გარდა ამისა, ის ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების (საერთო პირსახოცი და სხვ.) მეშვეობით, გადაედება დედისგან ნაყოფს.
მარტივი ჰერპესვირუსი იჭრება ნერვულ განგლიებში (ნერვული უჯრედების გროვა) და სამუდამოდ რჩება იქ.
ორგანიზმში ვირუსის “ვოიაჟი” უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოვიდგინოთ, თითქოს ადამიანის ორგანიზმი რკინიგზაა, ვირუსი – მატარებელი, ნერვები – რელსები, რომლებზეც ეს მატარებელი მოძრაობს, ნერვული წნულები ან განგლიები – დეპო, კანი და ლორწოვანი გარსი კი სადგური, საითაც მატარებელი მიემართება.
ინფიცირების შემდეგ ვირუსი დეპოში ხვდება. ტუჩების ჰერპესისთვის ასეთი დეპოა სამწვერა განგლია (სამწვერა ნერვების წნული), რომელიც თავის ქალას ღრუში მდებარეობს. ვუწოდოთ მას ზედა დეპო. რეციდივის შემთხვევაში ვირუსი გამოდის დეპოდან და ნერვებს, როგორც მატარებელი – რელსებს, სადგურისკენ მიუყვება – სახის კანისკენ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისკენ, ღრძილებისკენ, ყურებისკენ, შუბლისკენ, ნიკაპისკენ, ტუჩებისკენ და ა.შ. სწორედ ამ ადგილებშია მოსალოდნელი ჰერპესის რეციდივი.
გენიტალური ჰერპესის დროს ვირუსის დეპო მდებარეობს წელ-გავის ნერვულ წნულში (მცირე მენჯის ღრუში, ხერხემლის გვერდით). ეს ვირუსის ქვედა დეპოა. რეციდივის შემთხვევაში ვირუსი ამ წნულიდან გამოსული ნერვების გასწვრივ მოძრაობს და მიემართება გენიტალიების, დუდულებისა და თეძოების კანისკენ, საშოსა და ურეთრის ლორწოვანი გარსისკენ.
ორგანიზმში არ არსებობს ზედა და ქვედა დეპოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი შიდა მაგისტრალი, ამიტომ ზედა დეპოდან ქვედაში ვირუსის გადასვლა პრაქტიკულად არ ხდება.

სახისა და ტუჩების ჰერპესი
მარტივი ჰერპესით პირველი ინფიცირების შემდეგ (არ აქვს მნიშვნელობა, კლინიკურად გამოვლინდა თუ არა) დაავადების რეციდივი ასიდან 30 შემთხვევაში ხდება. წელიწადში 3-4 რეციდივია მოსალოდნელი. მას პროვოცირებას უწევს ცხელებით მიმდინარე დაავადებები, განსაკუთრებით – პნევმონია, გრიპი, მალარია, ასევე – სტრესი, მენსტრუაცია, ინსოლაცია, ტუჩების ტრავმა. ზოგჯერ რეციდივის მიზეზი უცნობი რჩება.
შემთხვევათა უმრავლესობაში გამონაყარის გაჩენამდე 1-2 საათით ადრე ვითარდება წვა, ქავილი და ტუჩის კუთხეების სიწითლე. მომდევნო 4 დღის განმავლობაში ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაწყლულდეს. დაზიანების კერიდან ვირუსი 8-9 დღის განმავლობში გამოიყოფა. რეციდივები ვითარდება ერთსა და იმავე ადგილას, უმეტესად – ტუჩის კუთხეებთან.

გენიტალური ჰერპესი
როგორც ითქვა, გენიტალურ ჰერპესს მჰვ-II და მჰვ-I იწვევს. ინფიცირება უმთავრესად ხდება უსიმპტომო ფორმით დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტის დროს. შესაძლებელია ახალშობილის ინფიცირებაც მშობიარობისას. შედარებით იშვიათია აუტოინოკულაცია – ორგანიზმის ერთი ადგილიდან მეორეზე ინფექციის გადატანა.
დაავადება ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ქალებს დაავადების მეტი შანსი აქვთ. შესაძლოა, ამაში ბრალი მიუძღვდეს მათი სხეულის ანატომიურ თავისებურებას – სქესობრივი კონტაქტის დროს შეხების ზედაპირი უფრო დიდია.
ჰომოსექსუალები და ბისექსუალი მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალი მამაკაცები.
არსებობს სასქესო ორგანოების ჰერპესის რამდენიმე ფორმა:

  • სასქესო ორგანოთა პირველადი ჰერპესი. ეს არის დაავადების პირველი ეპიზოდი, როდესაც ინფექციის გამოვლენისას ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამომუშავებული არ არის. ის რთულად და დიდხანს (2-3 კვირის განმავლობაში) მიმდინარეობს. დამახასიათებელია რეგიონული ლიმფადენიტი (ლიმფური კვანძების გადიდება). მოსალოდნელია ნევროლოგიური და ზოგადი სიმპტომების წარმოშობაც. კერძოდ, სასქესო ორგანოს პირველად ჰერპესს ახასიათებს მრავლობითი ორმხრივი გამონაყარი გენიტალიებზე ან პერიანალურ მიდამოში. მამაკაცებთან გვხვდება ურეთრიტი (შადსაწვეთის ანთება), რომელსაც შარდვის დროს ტკივილი ახასიათებს. ქალებს შესაძლოა ეროზიული ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება) განუვითარდეთ. კანზე არსებული გამონაყარი 7-15 დღის განმავლობაში ასეთი თანამიმდევრობით იცვლის სახეს: პაპულა (მშრალი მუწუკი, კვანძი) > ვეზიკულა (კანზე ამობურცული წარმონაქმნი, შეიცავს გამჭვირვალე, იშვიათად – მღვრიე ან სისხლნარევ სითხეს) > პუსტულა (ჩირქოვანი მუწუკი) > წყლული (კანის დეფექტი ქსოვილის ნეკროზის გამო) >  ქერქი. ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო გამონაყარი აქაც ჩნდება. ვითარდება საზარდულის ლიმფადენიტი (ლიმფური ჯირკვლების გადიდება), ტკივილი შარდვის დროს, გამონადენი შარდსადენი მილიდან და საშოდან. არცთუ იშვიათად გვხვდება ნევროლოგიური სიმპტომებიც. სახელდობრ, შარდის შეკავება, შეკრულობა ნერვების ადგილობრივი დაზიანების გამო. გარდა ამისა, მოსალოდნელია ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, სინათლის შიში და სხვა.
  • სასქესო ორგანოების არაპირველადი ჰერპესი არის დაავადების პირველი ეპიზოდი, როდესაც ინფექციის გამოვლენისას ვირუსის მიმართ ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია. ამ დროს ზოგადი სიმპტომები იშვიათია, გამონაყარი – ნაკლებად გამოხატული. მკურნალობის გარეშე ის 10-14 დღეში ალაგდება. ასევე იშვიათია საზარდულის ლიმფადენიტი, გამონადენი შარდსადენი გზებიდან, ტკივილი შარდვის დროს, ზოგადი და ნევროლოგიური სიმპტომები.
  • სასქესო ორგანოების ჰერპესის რეციდივი – დაავადების მეორე და მომდევნო ეპიზოდები, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა, რეგიონული ლიმფადენიტის, ნევროლოგიური და ზოგადი სიმპტომების არარსებობა ახასიათებს. ჩნდება მხოლოდ ერთეული გამონაყარი, რომელიც, წესისამებრ, ცალმხრივია.
  • უსიმპტომო ინფექცია. სასქესო ორგანოების ჰერპესი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აქვე დავაზუსტებთ: გვხვდება როგორც ჭეშმარიტად უსიმპტომო შემთხვევები, ასევე შემთხვევები, როდესაც სიმპტომებს პაციენტი არასწორად აფასებს.

ორსულები და ჰერპესი
ჰერპესვირუსით (განსაკუთრებით – II ტიპის ვირუსით) ინფიცირებამ, თუ ეს ორსულობისას მოხდა, შესაძლოა ნაყოფის ინფიცირებაც გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია გენიტალური ჰერპესის გამწვავება ორსულობის 32-ე კვირის შემდეგ. თუ მკურნალმა ექიმმა გამწვავება ამ დროს აღმოაჩინა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. თუ მშობიარობა გამონაყარის გაქრობამდე დაიწყო, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა, ვინაიდან მაღალია სამშობიარო გზებში გავლისას ნაყოფის ინფიცირების რისკი. სასქესო ორგანოების ჰერპესის დედისგან შვილზე გადაცემა კი ძალიან საშიშია – შესაძლოა, ბავშვის სიკვდილი ან მყარი ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს.
თუ ქალი ორსულობამდე იყო ინფიცირებული ჰერპესვირუსით და ორსულობისას გაუმწვავდა, დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არჩევს.

მკურნალობა
მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსის განადგურება ვერ ხერხდება – მიიღწევა არა სრული გამოჯანმრთელება, არამედ დაავადების ფარულ ფორმაში გადასვლა.
ეფექტურია პერორალურად (შინაგანად) მისაღები ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს – ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, არ დავინფიცირდეთ, რისთვისაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მივდიოთ და ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორი გვყავდეს.
ჰერპესვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი პროფილაქტიკა გამწვავებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. ფარულ პერიოდში ნებისმიერი თანმხვედრი ინფექცია, ფილტვების ანთება იქნება ეს, გაციება, გრიპი თუ სხვა, ააქტიურებს ჰერპესის ვირუსს, ამიტომ ეს რისკფაქტორი თავიდან უნდა ავიცილოთ. ლატენტურ ფაზაში მყოფ ვირუსს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ არ გააქტიურდეს – სრულფასოვან კვებით, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნით, დადებითი ემოციებით და სხვა.

Facebook კომენტარები