თირკმელი შედგება პარენქიმისგან (თირკმლის ქსოვილი, სადაც იფილტრება შარდი) და მენჯფიალოვანი სისტემისგან, რომელიც შარდს აგროვებს და შარდსადენში გადაისვრის. პარენქიმა შეიცავს ურიცხვ კაპილარულ გორგალს (გლომერულებს), რომელთა მეშვეობითაც გამოიწოვება სისხლის თხევადი ნაწილი. ეს უკანასკნელი გადამუშავდება და შარდად გარდაიქმნება. პროცესის არსი ასეთია: გორგლების ფორების დიამეტრი იმდენად მცირეა, რომ ერითროციტებსა და ცილებს არ ატარებს, მაგრამ ატარებს სისხლის პლაზმაში არსებულ ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს (ეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებია). ინფექციებთან მრავალჯერადი ან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა შესაძლოა `დაიბნეს~ და თირკმლის გორგლებში არსებული უჯრედების საწინააღმდეგოდ ამოქმედდეს. ამის შედეგად თირკმელებში ვითარდება აუტოიმუნური ბუნების ანთება, რომელიც თირკმლის გორგლებს ანუ ორგანიზმიდან თირკმელებში მავნე ნარჩენების გადამტან სისტემას აზიანებს. გორგლის კედლებში წარმოიქმნება ნაპრალები, სადაც ძვრებიან ერითროციტები და ცილები. სწორედ ამ დროს ჩნდება შარდში ცილები (პროტეინურია) და სისხლი (ჰემატურია). ამ დაავადებას გლომერულონეფრიტს უწოდებენ (ბერძ. ნეპჰროს – თირკმელი, ლათ. გლომერულუს – გორგლები). ამრიგად, გლომერულონეფრიტი თირკმელების გორგლების დიფუზური იმუნური ანთებაა.
გლომერულონეფრიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ეს უკანასკნელი ზოგჯერ მწვავე ფორმის გართულებაა, ზოგჯერ კი პირველადად აღმოცენდება.

მიზეზები. მწვავე გლომერულონეფრიტი შესაძლოა განვითარდეს ინფექციური დაავადების შემდეგ. ეს ინფექცია უმეტესად სტრეპტოკოკულია (მაგალითად, ანგინა, ტონზილიტი, ქუნთრუშა), შედარებით იშვიათად – ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული ბუნებისა. კიდევ უფრო იშვიათია გლომერულონეფრიტის განვითარება შრატის, ვაქცინის ან წამლის შეყვანის, საკვების, მტვრის და სხვა ნივთიერებათა მიმართ აღმოცენებული ალერგიული რეაქციის შემდეგ. დიდ როლს ასრულებს გაციება. ბოლოდროინდელი გამოკვლევები ავლენს მჭიდრო კავშირს ჰიპერტონიულ დაავადებასა და გლომერულონეფრიტს შორის.
თუ ანგინის, ფილტვების ანთების, ტონზილიტის ან რომელიმე სხვა ინფექციური დაავადების გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილი, აგიწიათ სიცხემ, მოიმატა არტერიულმა წნევამ და თავი იჩინა ჰიპერტონიისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა, შესაძლოა, საქმე მწვავე გლომერულონეფრიტთან გვქონდეს. ისიც სათქმელია, რომ თირკმელებში ფილტრაციის სისტემის მოშლის გამო ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის რეჟიმი იცვლება, რაც შეშუპებას იწვევს და შესაძლოა, გულისმიერი ასთმისა და ფილტვების შეშუპების მიზეზადაც იქცეს. მწვავე გლომერულონეფრიტის დროს არცთუ იშვიათად მცირდება შარდის გამოყოფა, ვითარდება მაკროჰემატურია და შარდი ხორცისნარეცხისფერი ხდება. შესაძლოა, თავი იჩინოს ტკივილმა მუცლისა და წელის არეში და შეტევითი ღებინებაც კი განვითარდეს.

მწვავე სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის სადიაგნოზო კრიტერიუმებად მიიჩნევა:
კავშირი სტრეპტოკოკულ ინფექციასა და დაავადების გამოვლინებას შორის;
მიკრო ან მაკროჰემატურია – სისხლიანი შარდი (ჰემატურიის გარეშე ეს დაავადება მეტად იშვიათია. ასეთ დროს დიაგნოზს თირკმლის ბიოფსიის საფუძველზე სვამენ);
პროტეინურია – შარდში ცილების არსებობა;
შეშუპება – დაავადების დასაწყისში შუპდება სახე, ქუთუთოები, ხელები, შეშუპება თანდათან იმატებს და ქვედა კიდურებზეც ვრცელდება, ბავშვებს შესაძლოა ასციტიც განუვითარდეთ;
არტერიული წნევის მატება;
ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება), ანურია (შარდის გამოყოფის შეწყვეტა).
ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს სიმპტომები გაცილებით სუსტი, ნაკლებ შესამჩნევია. ეს დაავადება შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ მკურნალობის გარეშე პროგნოზი მეტად არასახარბიელოა  – დაავადება გულის ან თირკმლის უკმარისობამდე მიგვიყვანს.
ყველამ, ვისაც კი ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, უნდა იცოდეს: ეს დაავადება იმუნური ხასიათისაა, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ორივე თირკმელს აზიანებს. ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს თირკმელების ფუნქცია თანდათანობით ირღვევა. ეს წყვილი ორგანო ვეღარ უმკლავდება ძირითად დანიშნულებას – ზედმეტი სითხისა და ცხოველქმედების პროდუქტებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას. ორგანიზმში მიმდინარე ყოველგვარი ანთებითი პროცესი, მათ შორის – გლომერულონეფრიტი, ქსოვილის სკლეროზირებას იწვევს: თირკმლის ქსოვილზე, იმ ადგილას, სადაც იმუნური ანთება მძიმედ მიმდინარეობს, ისეთივე ნაწიბურები ჩნდება, როგორიც ნაჭრილობევზე. სკლეროზირებული ქსოვილი ვეღარ მუშაობს, თანაც მისი გაჯანსაღება შეუძლებელია, მას აღარაფერი ეშველება.

დიაგნოსტიკა. დაავადების დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, ყურადღებით ინახოს, ხომ არ არის შარდში ცილა, ერითროციტები ან ლეიკოციტები. დიაგნოსტირების გადამწყვეტი მეთოდია თირკმელების ბიოფსია.

მკურნალობა. მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს:
1) ფიზიკური დატვირთვის განსაკუთრებულ რეჟიმს – 2-3-კვირიან წოლით რეჟიმს დაავადების აქტიურ ფაზაში და  ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას რემისიის პერიოდში;
2) დიეტოთერაპიას, რომლის მთავარი პრინციპებია:
3 კვების რაციონიდან ავადმყოფისთვის ალერგენული სურსათის ამოღება;
3 ცილების ოდენობის შეზღუდვა;
3 ნატრიუმის შემცველი სურსათის შეზღუდვა (უმარილო დიეტა), ვინაიდან ეს ელემენტი შეშუპებისა და ჰიპერტონიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია;
3 კალიუმის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება (ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის დამახასიათებელი ჰიპოკალიემია);
3) სიმპტომურ თერაპიას დიურეტიკების, ჰიპოტენზიური და სხვა პრეპარატების გამოყენებით;
4) პრეპარატებით აქტიურ ზემოქმედებას თირკმლის გორგლების დაზიანების გამომწვევი იმუნური რეაქციის სხვადასხვა რგოლზე. მაგალითად, ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი, ამპიოქსი) 2-3 კვირის განმავლობაში თრგუნავს ანტიგენურ (სტრეპტოკოკულ თუ სხვა) კომპონენტს, იმუნოდეპრესიული საშუალებები (პრედნიზოლონი, ციტოსტატიკები და ანტიმეტაბოლიტები) – ანტისხეულების გამომუშავებას, ანტიკოაგულაციური და ანტიაგრეგატული პრეპარატები (ჰეპარინი, მეტინზოლი და სხვა) თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას) აფერხებს. იმუნოდეპრესანტები ზოგჯერ მეტად საშიშ უკუეფექტს იწვევს, ამიტომ მათი დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მითითებათა ზედმიწევნით შესრულება. იმუნოდეპრესანტები მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა (სამწუხაროდ, სპონტანური რემისიის არარსებობა მწვავე გლომერულონეფრიტის ათიდან 8-9 შემთხვევაში აღინიშნება). შარდმდენებს, ჩვეულებრივ, 5-7 დღით უნიშნავენ, მაგრამ უმარილო დიეტისადმი რეზისტენტული შეშუპების შემთხვევაში მათი დოზა და მიღების ხანგრძლივობა იზრდება. უკეთესი ეფექტისთვის ინიშნება შარდმდენების სხვადასხვა კომბინაცია. ჰიპოტენზიურ საშუალებებს იყენებენ მაშინ, როდესაც უმარილო დიეტა უეფექტოა ანდა ეფექტი საკმარისი არ არის.

პროფილაქტიკა. თუ ადამიანს ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს, მას ეკრძალება ხანგრძლივი მივლინებები, ღამის მორიგეობა, მუშაობა ტოქსიკურ და სხვა მავნე პროდუქტებთან. არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებლები თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების საშიშროებაზე მიუთითებს. გლომერულონეფრიტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინფექციური დაავადებების (განსაკუთრებით – ტონზილიტის) დროული და მართებული მკურნალობა.

 

 

Facebook კომენტარები