ყელში გაჭედილმა ან სასუნთქ გზებში მოხვედრილმა უცხო სხეულმა, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ფილტვებში გადასვლას და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას, შესაძლოა, დახრჩობა გამოიწვიოს. ეს უცხო სხეული შეიძლება იყოს საკვები, სითხე, პირნაღები მასა, ენა და სასუნთქ გზებში გაჭედილი ნებისმიერი მცირე ზომის საგანი.
სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას პირველი სიმპტომია მწვავე, შეტევითი ხასიათის ხველა. ადამიანი შფოთავს, ხელები ყელთან მიაქვს, სუნთქვა და მეტყველება თანდათან უსუსტდება და შესაძლოა, შეუწყდეს კიდეც, ხრიალებს, ლურჯდება. მოსალოდნელია კრუნჩხვა და გულის წასვლა.

პირველი დახმარება უცხო სხეულით დახრჩობის დროს. თუ ადამიანი ახველებს, ხელი არ შეუშალოთ, რადგან ხველა უცხო სხეულის სასუნთქი გზებიდან ამოგდების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუ არ ახველებს, აუცილებლად გაუწიეთ დახმარება: უკან დაუდექით, ხელები წელზე შემოხვიეთ, ცალი ხელი მომუჭეთ და ისე მიადეთ კუჭის ზემოთ, რომ ცერი შიგნით მოხვდეს, მეორე კი მუშტს მჭიდროდ შემოაჭდეთ და მკვეთრი მოძრაობით მიაწექით დაზარალებულს შიგნით და ზევით. ეს მოძრაობა გაიმეორეთ 5-ჯერ, მკვეთრად და რიტმულად. შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ, ვიდრე უცხო სხეული არ ამოვარდება. ბავშვებზე ასეთი ბიძგები შედარებით მსუბუქად უნდა განხორციელდეს. თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა, ზეწოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ ადამიანი უცხო სხეულით იხრჩობა, ახლომახლო კი არავინ არის, ზემოთ აღწერილი მანევრი თვითონ უნდა ჩაიტაროს: ზემოთ მითითებულ წერტილს საკუთარი მუშტით რამდენიმეჯერ მიაწვეს ან მუცლით გადააწვეს მყარ საგანს (სკამის საზურგეს) და რამდენიმე მკვეთრი, ბიძგისებური მოძრაობა გააკეთოს.
წყალში დახრჩობა. წყალში დახრჩობისას სიკვდილის მიზეზი ყოველთვის სასუნთქი გზების დახშობა არ არის – შესაძლოა, სიკვდილი გულის გაჩერებამ ან წყალში დიდხანს ყოფნით გამოწვეულმა ჰიპოთერმიამ განაპირობოს. არის შემთხვევები, როდესაც დახრჩობა შიშისგან სუნთქვის რეფლექსური გაჩერებით არის გამოწვეული.
სწრაფი დახრჩობისას ხდება ზედა სასუნთქი გზების სპაზმი და ფილტვები ვერ ასწრებს წყლით ავსებას, კანი ფერმკრთალია, ზედა სასუნთქი გზებიდან ქაფიანი გამონადენი არ აღინიშნება.
შედარებით ნელი დახრჩობისას ხდება ფილტვებით წყლის ასპირაცია. ასეთ შემთხვევაში კანი ციანოზურია, ვენები – დაბერილი, პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა ქაფიანი მასა.
დახრჩობისას კლინიკური სიკვდილი 3 წუთში დგება, ამიტომ ხელოვნური სუნთქვა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, გულის გაჩერების შემთხვევაში კი სასწრაფოდ გაკეთდეს გულის მასაჟი.
როგორც კი დაზარალებულს ნაპირზე გამოიყვანენ, მყისვე უნდა ჩატარდეს მანიპულაცია კუჭის წყლისგან დასაცლელად: დაზარალებულს აბრუნებენ გვერდზე (ან გადაიწვენენ მუხლებზე), სწრაფად და საგულდაგულოდ უთავისუფლებენ  პირის ღრუსა და ცხვირს ლორწოს, ქვიშის, სილისა და პინაღები მასებისგან, შემდეგ ბიძგისებურად აწვებიან მკერდის ძვლის ქვემოთ.
თუ გული გაჩერებული არ არის, ატარებენ მხოლოდ ხელოვნურ სუნთქვას, გულის გაჩერების შემთხვევაში კი ერთდროულად უნდა ჩატარდეს გულ-ფილტვის მასაჟი – გულის არეში ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელებით 4 ზეწოლა და შემდეგ ერთი ჩაბერვა პირში. ეს პროცედურა პულსის გაჩენამდე და სუნთქვის აღდგენამდე გრძელდება.
მტკნარ (მდინარის, ტბის) წყალში დახჩობისას წყალი ქვედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება სისხლში, ამიტომ ტრაქეისა და ბრონქების წყლისგან დაცლაზე დრო არ დაკარგოთ, პირდაპირ სუნთქვისა და გულის მუშაობის აღსადგენ ღონისძიებებს შეუდექით.
მარილიან (ზღვის) წყალში დახრჩობისას სასუნთქი გზები შეიძლება წყლით იყოს გადავსებული, რაც ხელოვნურ სუნთქვას ხელს შეუშლის, ამიტომ ნაყლაპი სითხის ამოსაღებად დაზარალებულს სწრაფად კიდებენ თავქვე.
ცივ წყალში დახრჩობისას ვლინდება ჰიპოთერმიის ეფექტი: მცირდება ნივთიერებათა და ჟანგბადის ცვლა, რის გამოც კლინიკური სიკვდილის დრო იმდენად ხანგრძლივდება, რომ სარეანიმაციო ღონისძიებები წყალში დიდხანს ყოფნის შემდეგაც კი ეფექტურია.
გახსოვდეთ: პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიც რომ იყოს, მაინც უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან სასუნთქ გზებსა და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო შესაძლოა მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუარესდეს.

 

 

Facebook კომენტარები