დისპლაზია ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევაა. ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია. ის ჩვენში სამხარეო პათოლოგიად მიიჩნევა – საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში იყო აღრიცხული.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ემბრიონის განვითარების მე-4-5 კვირას იწყება, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევა შეიძლება მოხდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი გენეტიკური დეფექტია. თუ ბავშვის დედას ან მის რომელიმე ნათესავს ჩვილ ასაკში ან ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ასეთი გადახრის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა დიდია. განსაზღვრულ როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები და ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული დარღვევები.
ორთოპედიაში დისპლაზიური სინდრომის ცნება გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან შერწყმული სახსრების ჰიპერმობილურობის (ჭარბი მოძრაობის) სახით. დისპლაზია დამოუკიდებელი დიაგნოზი არ არის. ის მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.

დისპლაზიის ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ბარძაყის თავის ამოვარდნილობა. განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილების ურთიერთდამოკიდებულების დარღვევის სამ ძირითად ფორმას: ბარძაყის წინარეამოვარდნილობას, ბარძაყის ქვეამოვარდნილობას და ბარძაყის ამოვარდნილობას. განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს დისპლაზიური, მოუმწიფებელი მენჯ-ბარძაყის სახსარი (ხშირად ბარძაყის თავი ცდომის გარეშეა და საგანგებო მკურნალობას არ მოითხოვს).
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობაა. ის უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და გოგონებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ვაჟებში. ხშირია ჯდომით წინმდებარეობით დაბადებულ და მცირეწონიან (2500 გ-ზე ნაკლები წონის) ახალშობილებში. ჯდომით წინმდებარეობისას სახსრებში, განსაკუთრებით – მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოძრაობის მოცულობა მცირდება, რაც სახსრის განუვითარებლობის წინაპირობას წარმოადგენს, მცირე მასა კი, როგორც წესი, შერწყმულია კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან, რაც სახსრის არასწორი განვითარების ალბათობას ზრდის. გარდა ამისა, ბარძაყის ამოვარდნილობის რისკფაქტორია საშვილოსნოს გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოში შეხორცებითი პროცესები და სხვა, რამაც მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის მოძრაობის შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს).

დაავადების ნიშნები. ბარძაყის თავის ამოვარდნილობა შეიძლება დაკვირვებულმა დედამაც შეამჩნიოს. მისი ნიშნები ასეთია:

  • ბავშვს ცალი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს;
  • ბარძაყზე დამატებითი ნაოჭი ჩნდება;
  • დუნდულა კუნთისა და საზარდულის ნაოჭები ასიმეტრიულია
  • მენჯ-ბარძაყის განზიდვისას ბარძაყების მდებარეობა ასიმეტრიულია
  • განზიდვისას ისმის ტკაცუნი ხან მენჯ-ბარძაყის, ხან მუხლის სახსრებში.

ეს არის თანდაყოლილი ამოვარდნილობის უტყუარი ნიშნები, რომელთა აღმოჩენისთანავე დედამ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მიუყვანოს ორთოპედს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების გამო ბავშვი შესაძლოა დაკოჭლდეს.

დიაგნოსტიკა. ბავშვი ორთოპედმა უნდა გასინჯოს და საეჭვო შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექსკოპიურ კვლევაზე გაგზავნოს. ეს კვლევის უვნებელი მეთოდია, რომელიც 6 თვემდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ამის შემდეგ რენტგენული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკისთვის ნაჩვენებია ფართო შეხვევა: ბავშვს ფეხებს შორის უნდა ამოვუფინოთ დიდი ზომის საფენი, რაც უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის სახსრის განზიდვას და ბარძაყის თავის სწორ მდებარეობას ტაბუხის ფოსოში. სახსრების სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური მოცულობა (რაც ჩვილის მჭიდროდ შეხვევისას გამორიცხულია), მოსვენებისას კი ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნება.

მკურნალობა. თუ ორთოპედი ამოვარდნილობის დიაგნოზს დაადასტურებს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. იყენებენ ფართო შეხვევას, გამბჯენებს (სპეციალური არტაშნით), პავლიკის თასმას, თაბაშირის ნახვევს, რაც ქმნის პირობებს სახსრის ყველა ელემენტის (ბარძაყის თავის, ტაბუხის ფოსოს) განვითარებისთვის. გამბჯენების ტარების ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე თვიდან 1 წლამდე მერყეობს. მთავარია, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყდეს. ასევე ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, თუმცა ისინი მკურნალობის მხოლოდ დამხმარე მეთოდებია.
რაც უფრო ადრე დაიწყება კონსერვატიული მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციას, რომლის მიზანიც ბარძაყის ძვლის თავის გასწორება და მენჯ-ბარძაყის სახსრის ელემენტების ანატომიური ურთიერთმდებარეობის აღდგენაა. ქირურგიული ჩარევის მოცულობა ინდივიდუალურია (ზოგჯერ რამდენიმე ოპერაცია ხდება საჭირო). ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ხანგრძლივი ფიქსაცია, შემდეგ – აღდგენითი მკურნალობა სახსრის ადეკვატური ფიზიკური დატვირთვით, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ფიზიოთერაპია.
თუ ბარძაყის თავის ამოვარდნილობას არ ვუმკურნალეთ ან მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, 20 წლისთვის ან მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელია სახსრის ტკივილი და კოჭლობა, მოგვიანებით კი შესაძლოა კოქსართროზი განვითარდეს. ეს მეტად მძიმე დაავადებაა, თან სდევს ძლიერი ტკივილი, კოჭლობა, სახსრის მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა, რაც საბოლოო ჯამში ინვალიდობას იწვევს. მისი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური სახსრის ჩადგმით, თანაც რაც უფრო გვიან გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული განკურნების შანსი.

ვარჯიშები. მასაჟიც და ვარჯიშიც მაგარ, ბრტყელ ზედაპირზე უნდა შესრულდეს. ყველაზე მოხერხებული ზეწარგადაფარებული მაგიდაა. მასაჟი კეთდება დღეში ერთხელ, მაშინ, როცა ბავშვი კარგ გუნებაზეა. კურსი 10-15 სეანსს მოიცავს, შემდეგ კეთდება 3-თვიანი შესვენება და კურსი მეორდება. მასაჟი ბავშვისთვის დატვირთვაა, ამიტომ შესვენება აუცილებელია. სამკურნალო კომპლექსი ტარდება დღეში 2-3-ჯერ, თითოეული ვარჯიში მეორდება 10-15-ჯერ.

  • ველოსიპედი:  ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და მოახდინეთ პედლების ტრიალის იმიტაცია.
  • ფეხების გაშლა-მოხრა: ერთი ფეხი მოხრილია მუხლში, მეორე – გაშლილი და ასე რიგრიგობით.
  • მოახრევინეთ ბავშვს ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში, გააკეთეთ ბრუნვითი მოძრაობები – ცალი ხელით მენჯ-ბარძაყის სახსარი შეაკავეთ, მეორე ხელი მუხლში მოჰკიდეთ და მსუბუქი მიწოლით აბრუნეთ ბარძაყი გარედან შიგნით.
  • ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და ფრთხილად განუზიდეთ. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, რათა პატარას ტკივილი არ მიაყენოთ.

საუკეთესო ვარჯიშია იატაკზე ხოხვა 8 თვის ასაკიდან.

 

 

Facebook კომენტარები