პანკრეასის კიბო ონკოდაავადებების იშვიათი (2-3%) ფორმაა. იგი გაცილებით ხშირად ემართებათ მამაკაცებს, უმთავრესად – 50 წლის შემდეგ. დაავადების განვითარების რისკი 30 წლიდანვე არსებობს, ხოლო პიკს 70 წლის ასაკში აღწევს. სიმსივნე უმეტესად (ასიდან 75 შემთხვევაში) პანკრეასის თავში მდებარეობს. უფრო იშვიათად ზიანდება მისი სხეული და კუდი. პანკრეასის სიმსივნეს მეტწილად (ასიდან 95 შემთხვევაში) აქვს ადენოკარცინომური შენება. კიბოსწინარე მდგომარეობებია ქრონიკული პანკრეატიტი, კისტა და კუჭქვეშა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
პანკრეასის კიბო შესაძლოა უკავშირდებოდეს თამბაქოს მოხმარებას, შაქრიან დიაბეტს, აზბესტის ზემოქმედებას. კარცინომის განვითარების რისკი საგრძნობლად მეტი აქვთ პანკრეატიტის მემკვიდრეობითი ფორმებით დაავადებულ ადამიანებს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. პანკრეასის თავის კიბო სიმპტომატიკის გამოვლენის თვალსაზრისით შეიძლება ორ პერიოდად გაიყოს. ადრეულ სტადიაში ავადმყოფებს ჩივილები იშვიათად აქვთ. უმეტესად დაავადების პირველი სიმპტომია ეპიგასტრიუმსა და ნეკნების ქვეშ აღმოცენებული ტკივილი, რომელიც გადაეცემა ზურგში და ძლიერდება საღამოობით. შესაძლოა მიგრირებადი ხასიათის თრომბოფლებიტის ჩამოყალიბებაც. შემდგომ იწყება სხეულის მასის უმიზეზო, პროგრესული კლება, ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნების გაჩენა, შრომის უნარის დაქვეითება. მეორე პერიოდში, სიმსივნის ზრდის კვალდაკვალ, თავს იჩენს პანკრეასის თავის კიბოს წამყვანი სიმპტომი – სიყვითლე. ის ნელ-ნელა იწყება და სწრაფად ძლიერდება. კანის საფარველი მკვეთრ მომწვანო-მოწაბლისფრო ფერს იღებს. ამას ერთვის ძლიერი ქავილი და განავლის გაუფერულება. ვინაიდან პანკრეასის თავის სიმსივნე გამუდმებით აწვება ნაღვლის საერთო სადინარს, სიყვითლის პარალელურად აღმოცენდება საჭმლის მონელების დარღვევები: უმადობა, ხორცისა და ცხიმისადმი ზიზღი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ორგანიზმის გაუცხიმოვნება, კახექსია.
დაავადების ადრეულ სტადიაში სიმსივნე ხელით არ ისინჯება. ხელით გასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ დიდი სიმსივნის ან მისი მეტასტაზირების შემთხვევაში. ხშირად ღვიძლი გადიდებულია. თუ სიმსივნური წარმონაქმნი თორმეტგოჯა ნაწლავში ან კუჭში ჩაიზარდა, შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ან სტენოზი.
პანკრეასის სხეულის ან კუდის კიბო მხოლოდ უკანასკნელ სტადიებში ვლინდება, ვინაიდან ასეთი ლოკალიზაციის სიმსივნე მექანიკურ სიყვითლეს ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში იწვევს.
პანკრეასის სხეულის კიბო სწრაფად ჩაიზრდება ჯორჯლის ვენებსა და არტერიებში და კარის ვენაში. ზოგჯერ (ათიდან 1-2 შემთხვევაში) ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების დესტრუქციის გამო ვითარდება შაქრიანი დიაბეტი.
პანკრეასის კუდის კარცინომა ხშირად ჩაიზრდება კარის ვენასა და ელენთის სისხლძარღვებში, რაც იწვევს პორტული ჰიპერტენზიის განვითარებას, ელენთის გადიდებას და სხვა.
პანკრეასის სხეულსა და კუდში ლოკალიზებული სიმსივნის დროს ტკივილი მკვეთრად არის გამოხატული, რადგან სიმსივნე ჯირკვლის ირგვლივ არსებულ ნერვულ ბადეში ჩაიზრდება.
მეტასტაზირება. პანკრეასის კარცინომის მეტასტაზირება ძალიან სწრაფად ხდება, უმეტესად – რეგიონულ ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლში. ასევე შესაძლებელია მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებში, მუცლის ფარში, პლევრაში, თირკმელზედა ჯირკვალში და სხვა.

დიაგნოსტიკა. პანკრეასის კარცინომა ყოველთვის ტიპურად არ მიმდინარეობს, რის გამოც ზოგჯერ (განსაკუთრებით – პანკრეასის კუდისა და სხეულის კიბოს შემთხვევაში) დიაგნოზის დასმა ძნელდება. კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომას ეჭვობენ, როდესაც ავადმყოფი ასაკოვანია და ნაღველკენჭოვანი დაავადების არარსებობის მიუხედავად აღენიშნება სიყვითლე ცხელების გარეშე. პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ენდოსკოპიას, რეტროგრადულ პანკრეოგრაფიას, ანგიოგრაფიას და რელაქსაციურ დუოდენოგრაფიას.
მიუხედავად ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური პროცედურებისა, რიგ შემთხვევაში მაინც ჭირს პანკრეასის კიბოს დიფერენცირება პანკრეასის ქრონიკული ანთების ზოგიერთი ფორმისგან. ასეთ დროს საბოლოო დიაგნოზი ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დაისმის.
თუ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე იმდენად დიდია, რომ ადგილს უცვლის თორმეტგოჯა ნაწლავს, მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია რენტგენოგრაფიის მეშვეობით. თორმეტგოჯა ნაწლავის ცდომის შემთხვევაში სავარაუდოა პანკრეასის თავის კიბოს არსებობა.

მკურნალობა. პანკრეასის კარცინომის მკურნალობა ქირურგიულია. წინათ ოპერაციებს ჰქონდა წმინდა პალიატიური ხასიათი და ხორციელდებოდა ნაღვლის სადინარებზე ნაწლავებში ნაღვლის წვენის შეუფერხებლად გადასვლის მიზნით. ახლა ქირურგიული მეთოდით მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. კიბოს ადრეულ, გაუვრცობელ სტადიაზე ტარდება რთული ოპერაცია – პანკრეას-დუოდენალური რეზექცია: კუჭქვეშა ჯირკვლის ნაწილს სადინარებსა და თორმეტგოჯა ნაწლავთან ერთად მოკვეთენ, შემდეგ კი ნაღვლის წვენისა და ნაწლავის შიგთავსის გასასვლელი გზის აღსადგენად ატარებენ რთულ რეკონსტრუქციულ სამუშაოებს. მაგრამ ასეთი რადიკალური ოპერაციის ჩატარება ასიდან მხოლოდ 10-25 შემთხვევაშია შესაძლებელი.
როდესაც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუს ახლომდებარე და შორეულ ლიმფურ კვანძებში, ხორციელდება ზემოხსენებული პალიატიური ოპერაცია.
პანკრეასის კარცინომის დროს სხივური თერაპია ნაკლებეფექტურია, ქიმიოთერაპიის დროს კი შედარებით შედეგიანია.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკა ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნის დროს: კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენისა და სწორი მკურნალობის დროული დაწყებისთვის აუცილებელია კიბოსწინარე მდგომარეობის დროული მკურნალობა და რეგულარული გამოკვლევა. ასევე მნიშვნელოვანია მოწევისთვის თავის დანებება და მავნე ფაქტორების (მაგალითად, აზბესტის მტვრის) ზემოქმედების თავიდან აცილება.

 

 

Facebook კომენტარები