მსხვილი ნაწლავის კარცინომა (კოლინჯის კიბო)
მსხვილი ნაწლავის კიბოს წილად ონკოლოგიური დაავადებების 5-6% მოდის. ის უმეტესად 50-60 წლის მამაკაცებს ემართებათ. კარცინომის განვითარების რისკს ზრდის კიბოსწინარე დაავადებები: ადენომა, დიფუზიური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. მაგალითად, დიფუზიური პოლიპოზის მალიგნიზაცია ასიდან თითქმის ასივე შემთხვევაში ხდება.
სხვადასხვა ქვეყანაში მსხვილი ნაწლავის კარცინომის გახშირებას ზოგი მეცნიერი რაციონში ხორცისა და ცხოველური ცხიმის შემცველობის მომატებას და უჯრედისის კლებას უკავშირებს. ვეგეტარიანელებს შორის ეს დაავადება ნაკლებად არის გავრცელებული. ხშირია აზბესტის წარმოებასა და ხის სახერხებში მომუშავე პირებს შორის.
ქრონიკული შეკრულობა კოლინჯის კიბოს რისკფაქტორია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ კიბო ხშირად ვითარდება მსხვილი ნაწლავის მოხრის ანუ განავლოვანი მასების შეფერხების ადგილას.
კიბო ყველაზე ხშირად სიგმოიდურ კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად – აღმავალ კოლინჯში, მარჯვენა ნაკეცში, განივ კოლინჯში, მარცხენა ნაკეცსა და დაღმავალ კოლინჯში. თუ კიბო პოლიპოზის ფონზე აღმოცენდა, ხშირად ჩნდება სიმსივნის ერთზე მეტი კერა (ორმაგი და სამმაგი ლოკალიზაცია).
კოლინჯის ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობას (90%-ს) ადენოკარცინომული სტრუქტურა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან არის წარმოშობილი. იშვიათად გვხვდება ბეჭდისებრუჯრედოვანი, ბრტყელუჯრედოვანი და არადიფერენცირებული კიბო.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომატიკა სიმსივნის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ადრეულ სტადიაში დაავადებას მკვეთრი, დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა ავადმყოფის გულდასმით გამოკითხვის შედეგად შესაძლებელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, შრომის უნარისა და მადის დაქვეითების დაფიქსირება. გახდომა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომია, მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს იშვიათია, პირიქით, შესაძლოა, ავადმყოფმა მოიმატოს კიდეც წონა.
დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნაწლავური აშლილობის ნიშნები: ნაწლავების ყურყური, ფაღარათი და შეკრულობა, მუცლის პერიოდული სპაზმური (ჭვალისებური) ან მუდმივი ყრუ ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება საკვების მიღებას. თუ სიმსივნურმა წარმონაქმნმა ნაწლავის სანათური შეავიწროვა, ვითარდება მუცლის ცალმხრივი შებერვა. მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნაწილის კიბო ქრონიკული, მაგრამ ნელა მიმდინარე სისხლდენის გამო ანემიას იწვევს.
მოგვიანებით დაავადების სიმპტომები ძლიერდება. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ნაწლავის გაუვალობა, სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი).

მეტასტაზირება. მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზები ლიმფური გზით ვრცელდება. ზიანდება ჯერ ჯორჯლის, შემდეგ მუცლის აორტის ლიმფური კვანძები. ჰემატოგენურად მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლში ჩნდება. ნაწლავის სეროზულ გარსში ჩაზრდის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მუცლის ღრუს დისემინაცია, რასაც ასციტის განვითარება მოჰყვება.

დიაგნოსტიკა. ავადმყოფის გასინჯვისას თვალში საცემი ცვლილებები არ შეიმჩნევა, მუცლის პალპაციით სიმსივნური წარმონაქმნის დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე დიდი ზომისაა ან ავადმყოფია გამხდარი. კოლინჯის კიბოს დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რენტგენოლოგს შეუძლია, ნაწლავის კიბოთი დაზიანება მაშინაც კი გამოავლინოს, როდესაც დაავადება კლინიკურად მკვეთრად ჯერ კიდევ არ არის გამოხატული. სიგმოიდური ნაწლავის კიბოს დროს აუცილებელია კოლინოსკოპიის ჩატარება და ბიოფსიური მასალის აღება ციტოლოგიური კვლევისთვის.
ზემოხსენებული კვლევების ჩატარებამდე ავადმყოფს გაკეთებული უნდა ჰქონდეს განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და განსაზღვრული ჰქონდეს სისხლში კარცინოემბრიონული ანტიგენების არსებობა.
ღვიძლში მეტასტაზების გამოსარიცხად ტარდება ულტრაბგერითი ტომოგრაფია. გენერალიზებული ავთვისებიანი პროცესის გამოსარიცხად ლაპაროსკოპიას მიმართავენ.

მკურნალობა. მსხვილი ნაწლავის რადიკალური მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული მეთოდით. ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე:

  • ბრმა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილის კიბოს დროს ამოიკვეთება ნაწლავის მთელი მარჯვენა ნახევარი და მყარდება კავშირი თეძოსა და განივ კოლინჯს შორის (მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია).
  • განივი კოლინჯის კიბოს დროს ხორციელდება მისი რეზექცია და ხდება დარჩენილი ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება.
  • დაღმავალი კოლინჯის კიბოს დროს კვეთენ მსხვილი ნაწლავის მთელ მარჯვენა ნახევარს და ერთმანეთთან აკავშირებენ განივ და სიგმოიდურ კოლინჯს (მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია).
  • სიგმოიდური კოლინჯის კიბოს შემთხვევაში ხორციელდება მისი რეზექცია.

ავადმყოფი ოპერაციისთვის წინასწარ უნდა მომზადდეს: ჩაუტარდეს ნაწლავების საგულდაგულო გამორეცხვა, ოპერაციამდე 3-4 დღით ადრე გადაყვანილ იქნეს დიეტაზე (რაციონიდან ირიცხება პური და ბოსტნეული), 2 დღით ადრე დაენიშნოს აბუსალათინის ზეთი და განმეორებითი ოყნა. პროფილაქტიკის მიზნით ტარდება ორ-სამდღიანი თერაპია ანტიბიოტიკებითა და სულფამიდებით.
ოპერაციის შემდეგ შოკისა და ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო ზოგადი ღონისძიებების პარალელურად ინიშნება ვაზელინის ზეთი – 30 გ დღეში 2-ჯერ. ეს მსუბუქი საფაღარათო საშუალება ხელს უშლის მკვრივი განავლის ფორმირებას და თავიდან გვაცილებს გაკერილი ნაწლავის ტრავმირებას.
ოპერაციის მეორე დღიდან ავადმყოფს შეუძლია მიიღოს სითხე, შემდეგ ეძლევა თხევადი, მსუბუქი საკვების მიღების უფლება, რაციონი თანდათან ფართოვდება, ხოლო პირველი ნორმალური განავლის შემდეგ პაციენტი კვების საერთო რეჟიმზე გადაჰყავთ.
მსხვილი ნაწლავის შორს წასული, არაოპერირებადი კიბოს შემთხვევაში ტარდება პალიატიური ოპერაცია. კერძოდ, ნაწლავის სიმსივნური წარმონაქმნით დახშობისას მწვავე გაუვალობის თავიდან ასაცილებლად კეთდება შემოვლითი ანასთომოზი. პალიატიულ ოპერაციებთან ერთად ინიშნება ქიმიოთერაპია.
მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივი იშვიათია.

პროფილაქტიკა. მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ნაწლავის პოლიპოზის დროული და რადიკალური მკურნალობა, კოლიტის მართებული თერაპია. ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს სწორი კვება, რაციონში ხორცისა და თევზის პროდუქტების წილის შემცირება და შეკრულობასთან ბრძოლა.

სწორი ნაწლავის კარცინომა
სწორი ნაწლავის კიბოს წილად მოდის ონკოდაავადებათა 4-5%, ნაწლავში ლოკალიზაციის მიხედვით კი მას პირველი ადგილი უკავია – ნაწლავის კიბოს შემთხვევათა საერთო რიცხვის 70-80%-ს შეადგენს.
სწორი ნაწლავის კარცინომა მეტწილად 40-60 წლის ასაკში დიაგნოსტირდება, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრე – 20-30 წლის ასაკშიც კი იჩინოს თავი. ქალები და მამაკაცები თანაბარი სიხშირით ავადდებიან.
სწორი ნაწლავის კიბოსწინარე დაავადებებია სწორ ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები (პროქტიტი, წყლული), ნახეთქებითა და ნაწიბურებით ხანგრძლივად გართულებული ბუასილი, სწორი ნაწლავის პოლიპი და პოლიპოზი.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სწორი ნაწლავის კიბოს შემდეგ ფორმებს:

  • მაღალი სუპრაამპულარული კიბო – ის რგოლისებურად უჭერს ნაწლავის სანათურს და სწრაფად იწვევს სტენოზს;
  • ამპულარული კიბო – მას, ჩვეულებრივ, ადენოკარცინომის სტრუქტურა აქვს და უმეტესად გვხვდება ეგზოფიტურად მზარდი სიმსივნის ან კრატერისმაგვარი სისხლმდინარი წყლულის სახით;
  • ანალური კიბო, რომელიც უშუალოდ უკანა გასასვლელის სანათურში წარმოიშობა მკვრივი სიმსივნის ან წყლულის სახით და არცთუ იშვიათად ბრტყელუჯრედოვანი შენება აქვს.

სწორ ნაწლავში შესაძლოა წარმოიშვას სიმსივნის სხვა ფორმებიც, მაგალითად, ავთვისებიანი მელანომა ან სარკომა, მაგრამ მათი კლინიკური მიმდინარეობა და მკურნალობა თითქმის ისეთივეა, როგორიც კარცინომისა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. სწორი ნაწლავის კიბოს, სხვა ღრუ ორგანოების კარცინომის მსგავსად, ადრეულ სტადიაში მკვეთრი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. მხოლოდ სიმსივნის ზრდის ან დაწყლულების შემთხვევაში იჩენს თავს არასასიამოვნო შეგრძნება და ყრუ ტკივილი კუჭის მოქმედების დროს, განავალს ერევა სისხლი და ლორწო, (ბუასილისგან განსხვავებით, სწორი ნაწლავის კიბოს დროს განავალში სისხლი დეფეკაციის დასაწყისში ჩნდება და არა ბოლოს), ხდება განავლოვანი მასების დეფორმაცია, ხშირდება დეფეკაცია (განავლოვანი მასები ჭარბი და სისხლიან-ჩირქიანია), რასაც შეკრულობა ცვლის.
დაავადების სიმპტომები თანდათან მძაფრდება. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ნაწლავთა გაუვალობა, ვითარდება სისხლდენა, ანთებითი გართულებები (აბსცესი, ფლეგმონა, პერიტონიტი). შესაძლოა, სიმსივნე ჩაიზარდოს შარდის ბუშტში, საშოში, გამოიწვიოს შარსადენ გზებზე ზეწოლა და სხვა.

მეტასტაზები. სწორი ნაწლავის კიბო ლიმფური გზით მეტასტაზირდება ჯორჯლის ლიმფურ კვანძში, შემდეგ კი აორტის გასწვრივ არსებულ ლიმფურ კვანძებს აზიანებს. ჰემატოგენურად მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლში აღმოცენდება, ზოგჯერ შეიმჩნევა ძვლის დაზიანებაც.
კიბოს სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ლოკალიზაციისას შესაძლოა განვითარდეს მეტასტაზები საზარდულის ლიმფურ კვანძებში. ამ შემთხვევაში საჭირო გახდება კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება და ამ ჯგუფის ლიმფური კვანძების ამოკვეთა.

დიაგნოსტიკა. სწორი ნაწლავის კიბოს ამოსაცნობ ყველაზე მარტივი და ინფორმაციული მეთოდია თითით გასინჯვა. სწორი ნაწლავის ნებისმიერი ცვლილების, თუნდაც ხილული ჰემორაგიული კვანძის არსებობის შემთხვევაში თითით გასინჯვა აუცილებელია. ათიდან 8-9 შემთხვევაში ეს საკმარისია კიბოს დიაგნოზის დასასმელად.
სწორი ნაწლავის კიბოს კვლევის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მეთოდია რექტომანოსკოპია ანუ კოლინოსკოპია, რომელიც ციტოლოგიური კვლევისთვის საჭირო ბიოფსიური მასალის აღების საშუალებასაც იძლევა. ამ გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია – სწორი ნაწლავის კიბოს ქირურგიული მკურნალობის შედეგად ყალიბდება მძიმე ვიზუალური დეფექტი, ამიტომ დიაგნოზის მორფოლოგიური დადასტურების გარეშე ოპერაცია არ უნდა დაინიშნოს.
სწორი ნაწლავის კიბოს მაღლა მდებარეობის შემთხვევაში მესამე სადიაგნოზო მეთოდია რენტგენოლოგიური კვლევა. კვლევის მეთოდი შეირჩევა კლინიკური სიმპტომების გაანალიზების, ფარულ სისხლდენაზე განავლის გამოკვლევის, სისხლში კარცინოემბრიონული ანტიგენების განსაზღვრის შემდეგ. ღვიძლში მეტასტაზების გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი ტომოგრაფია.

მკურნალობა. სწორი ნაწლავის კიბოს რადიკალური მკურნალობა ქირურგიული მეთოდით ხორციელდება. მიმდინარეობს კვლევები ოპერაციის წინა პერიოდში სხივური თერაპიის გამოყენების მიზანშეწონილობის დასადგენად.
სწორი ნაწლავის კიბოს დროს უმთავრესად ორი ტიპის ოპერაცია ხორციელდება: 1. სწორი ნაწლავის ექსტირპაცია მუცლის კედელზე არაბუნებრივი უკანა გასავლის გაკეთებით; 2. სწორი ნაწლავის რეზექცია, სიგმოიდური ნაწლავის დაბლა დაწევა და მისი ფიზიოლოგიური უკანა გასავლის ანუსთან მიკერება. მეორე ტიპის ოპერაცია ტარდება მხოლოდ ზედა ნაწილში ლოკალიზებული საწყისი სტადიის კარცინომის დროს, მაგრამ სიგმოიდური კოლინჯი იმდენად გრძელი უნდა იყოს, რომ მისი ანალურ ხვრელამდე ჩამოწევა დაუჭიმავად შეიძლებოდეს.
ოპერაციისთვის ავადმყოფი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მძიმეა. საჭიროა, განხორციელდეს შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები, აღდგეს დაკარგული სითხე და სისხლი. ნაწლავის ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში მას, ჩვეულებრივ, ღიას ტოვებენ და ნახვევით ფარავენ, ხოლო არაბუნებრივი უკანა ხვრელის დადებისას ნაწლავს ხსნიან მხოლოდ ორი დღის შემდეგ. აირების დაგროვების თავიდან ასაცილებლად ამ დღეებში პაციენტს არ კვებავენ, მხოლოდ ჩაისა და მინერალური წყლის დალევის ნებას რთავენ. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ანუსი დაიწყებს ფუნქციონირებას აირებისა და განავლის ნორმალური გამოყოფით, პაციენტი გადაჰყავთ საერთო კვებაზე. ნაოპერაციევი ადამიანი საჭიროებს ნახვევის ხშირ ცვლას და მუცლის კედელზე გამოტანილი ნაწლავის ირგვლივ არსებული არის ტუალეტს, ასევე – ნაწლავის ამოკვეთის შემდეგ შორისის მიდამოში გაჩენილი დიდი ჭრილობის სათანადო დამუშავებას.
სწორი ნაწლავის კიბოს შორს წასული ფორმის დროს ხორციელდება პალიატიური მკურნალობა არაბუნებრივი უკანა ხვრელის შექმნით, რათა ავადმყოფი დეფეკაციის თანამდევი ძლიერი ტკივილისგან იხსნან. გარდა ამისა, ამ გზით თავიდან იცილებენ დაავდებული უბნის განავლოვანი მასებით მუდმივ ტრავმირებას და რამდენადმე აფერხებენ სიმსივნის ზრდას.
სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში მდებარე არაოპერირებადი კიბოს დროს შეიძლება ავადმყოფის მდგომარეობის შემსუბუქება და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება სიმსივნის ელექტროკოაგულაციის გზით და არაბუნებრივი ანუსის დადებით. კიბოს შორს წასული ფორმების დროს პალიატიურ ოპერაციასთან ერთად ტარდება სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.
სწორი ნაწლავის კიბო არცთუ იშვიათად იძლევა რეციდივს შორისის ნაწიბურების არესა და რბილ ქსოვილებში. რეციდივის მკურნალობა ხდება განმეორებითი ოპერაციით, ზოგჯერ ინიშნება სხივური თერაპია.

პროფილაქტიკა. რისკჯგუფში შემავალი (სწორი ნაწლავის პოლიპითა და პოლიპოზით დაავადებული, ქრონიკული ანთებითი პროცესებისა და გართულებული ბუასილის მქონე) ადამიანები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეწვიონ პროქტოლოგს. მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ნორმალური კვება, რაციონში ხორცის პროდუქტების წილის შემცირება და მარცვლეულის ოდენობის გაზრდა.

 

 

Facebook კომენტარები