სისხლდენა და სტომატოლოგიური დაავადებები

სისხლდენა ყველაზე ხშირად ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან, როგორიც არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პათოლოგიები, პულპიტი, გინგივიტი (ღრძილის ანთება), პაროდონტიტი (ანთება, რომელიც მოიცავს ღრძილს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს, დუღაბს და პერიოდონტს). ხშირია კბილის ამოღების შემდგომი სისხლდენაც.

სხივური სტომატიტი

პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა ახასიათებს სხივურ სტომატიტს, როდესაც ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპიისას ძლიერი სხივური ეფექტის გამო სიმსივნურ ქსოვილებთან ერთად მთელი ორგანიზმი ან მისი ცალკეული ნაწილები, მათ შორის – პირის ღრუს ჯანსაღი ქსოვილებიც, განიცდიან მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედებას. იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა და სუსტდება შემაერთებელი ქსოვილის ბარიერული ფუნქცია, ითრგუნება რეგენერაციული პროცესი. სისხლძარღვებისა და სისხლის შემადგენლობის ცვლილებათა ფონზე პირის ღრუს ლორწოვან გარსში ჩნდება სისხლჩაქცევები და იწყება ძლიერი სისხლდენა, ხოლო ღრძილის კიდე ზიანდება და კვდება.

პულპიტების ვიტალური ექსტირპაცია

სისხლდენა დამახასიათებელია პულპიტების ვიტალური ექსტირპაციით მკურნალობისთვისაც. კბილის ღრუდან დევიტალიზაციის (ნერვის წინასწარი მოკვლის) გარეშე, ანესთეზიის ფონზე ხდება ცოცხალი პულპის ამოკვეთა. ამ დროს გარდაუვალია პერიოდონტისა და პულპის სისხლძარღვების დაზიანება, რასაც შესაძლოა სისხლდენა მოჰყვეს. სისხლდენის შესაჩერებლად და შემდგომ გართულებათა თავიდან ასაცილებლად სისხლძარღვს ელექტროკოაგულატორით წვავენ.

გინგივიტი

არსებობს გინგივიტის რამდენიმე ფორმა. ქრონიკული კატარული გინგივიტი, რომელიც ხშირად გვხვდება მოზრდილებში, უმტკივნეულოდ იწყება და პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მას ხშირად აღმოაჩენს ხოლმე სტომატოლოგი პირის ღრუს დათვალიერებისას. პაციენტები აღნიშნავენ კბილების ხეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაიაროს.
ქრონიკულ კატარულ გინგივიტს, გარდა სისხლდენისა, ახასიათებს ღრძილის კბილთაშუა დვრილის ფორმისა და ფერის შეცვლა. წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტის დროს, რომელიც ხშირად ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების, გრიპის, ანგინის, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის, მავნე ჩვევების (თამბაქოს წევა, სმა, ნარკოტიკების მიღება), ავიტამინოზისა და ნერვული სტრესის შედეგია, თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდეც კი გრძელდება. სისხლდენასთან ერთად პაციენტები უჩივიან ღრძილების ტკივილს, ჭამისა და მეტყველების გაძნელებას, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და ჰიპერსალივაციას (უხვ ნერწყვდენას).
ჰიპერტროფიული გინგივიტისთვის, რომელიც უმთავრესად წინა კბილების მიდამოში ვითარდება, დამახასიათებელია კბილების წმენდის დროს ღრძილებიდან სისხლდენა. ზოგჯერ სისხლდენა სპონტანურად იწყება ღამით. მასთან ერთად თავს იჩენს ღრძილების ქავილი. გინგივიტის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია ორსულებში (45-50%) და ვითარდება თანკბილვის პათოლოგიების, ჰიგიენური წესების დაუცველობის და არასწორი პროთეზირების შედეგად.

პაროდონტიტი

პაროდონტიტს, უწინარეს ყოვლისა, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და უხარისხო ბჟენები იწვევს. არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა, არასწორი კვება, ვიტამინების დეფიციტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ეკოლოგიური ფაქტორები და მუდმივი სტრესი.

პაროდონტიტი

პაროდონტიტს ახასიათებს ღრძილებიდან თვითნებური სისხლდენა, რომელსაც თან სდევს მწვავე ტკივილი. თვალითაც კარგად ჩანს მკვეთრად გაწითლებული და შეშუპებული ღრძილი, საიდანაც შეხებისას სისხლი დის. პაროდონტიტის მძიმე ფორმის დროს სისხლდენა იწყება მაგარი საკვების ჩაკბეჩისას. პარალელურად ირყევა კბილები, პირის ღრუში კი დიდი რაოდენობით ჩნდება ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვები.

სისხლმდენი
დაავადებების
მკურნალობა

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ანთებითი პროცესის ჩაქრობა, რაც მედიკამენტური თერაპიითა და “საშინაო დაავალებებით” მიიღწევა. კბილიდან ნადებისა და ქვების მოსაცილებლად ჩვენს განკარგულებაშია საკმაოდ ბევრი საშუალება – პროფესიული პასტებითა და ჯაგრისით დაწყებული, ულტრაბგერითი აპარატით დამთავრებული. გინგივიტის სტადიაში მკურნალობისთვის საკმარისია ნადებისგან კბილის პროფესიული გაწმენდა ულტრაბგერის საშუალებით და ღრძილის ანთების საწინააღმდეგო თერაპია. პაროდონტიტის მსუბუქი ფორმისას ასევე საჭიროა სპეციალური სავლებები. ვინაიდან პაროდონტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ვიტამინების, უმთავრესად კი C ვიტამინის  ნაკლებობაა, უნდა გაიზარდოს რაციონში ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების შემცველობა. განსაკუთრებით მარგებელია ფორთოხალი და შავი მოცხარი.
“საშინაო დავალება” ღონისძიებათა კომპლექსია, რომელსაც პაციენტი თავად იტარებს ბინაზე. იგი მოიცავს პირის ღრუში მცენარეული ნაყენებისა და სამკურნალო ხსნარების გამოვლებას, მასაჟს. კბილების გაწმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ ღრძილების მასაჟი. ამისთვის საჩვენებელ და ცერა თითებზე ვიცხებთ ცოტაოდენ კბილის პასტას. მასაჟი იწყება ყბის ცენტრიდან, თანდათან თითები გადაინაცვლებს გვერდებზე. ზედა ყბაზე მოძრაობა ხორციელდება ზევიდან ქვევით – ღრძილებიდან კბილებისკენ, ქვედა ყბაზე კი ქვევიდან ზევით. მასირება ხდება წრიული მოძრაობებით. დილით მასაჟი საათის ისრის მიმართულებით კეთდება, საღამოს კი საპირისპიროდ.
ლორწოვანზე დაწოლა ტკივილს არ უნდა იწვევდეს. ამასთანავე, დილით ზეწოლა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე საღამოს. მასაჟი დაახლოებით 5-7 წუთს გრძელდება, შემდეგ კი აუცილებელია პირის ღრუში 2-3 წუთის განმავლობაში სალბის ან გვირილის ნაყენის გამოვლება. ღრძილების მოსამაგრებლად და პაროდონტიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ღრძილებში მარილიანი ნატურალური თაფლის შეზელა (20 გ თაფლი + 5-10 გრამი სუფრის მარილი), სალბის, გვირილის ნაყენის გამოვლება.

სისხლდენა  კბილის
ამოღებისას ან მის
შემდეგ

კბილის ამოღებას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ოპერაციას, თან სდევს სისხლდენა, რომელიც, ჩვეულებრივ, კბილის ამოღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჭრილობის სისხლძარღვში კოლტის წარმოქმნის შედეგად წყდება. კბილის ამოღებისას ძლიერი სისხლდენა მსხვილი სისხლძარღვის ძლიერი ტრავმით და მისი დაზიანებით არის განპირობებული. ზოგჯერ ანესთეზიისთვის გამოყენებული ადრენალინი თავდაპირველად ავიწროებს ჭრილობის არტერიოლებს, 1-2 საათის შემდეგ კი აფართოებს სისხლძარღვებს და მეორეულ სისხლდენას იწვევს. ხდება ისეც, რომ სისხლდენა კბილის ამოღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწყება, რაც ჭრილობის ინფიცირების მანიშნებელია.
საერთო ჯამში, კბილის ამოღებისას სისხლდენას ადგილობრივი და ზოგადი მიზეზები იწვევს. ადგილობრივი მიზეზებია ღრძილის ან კბილბუდის ფართო დაზიანება, კბილის ირგვლივ ქსოვილის ანთება, უშუალოდ ექსტირპაციის შემდეგ პირის ღრუს ხშირი გამორეცხვა თბილი ხსნარით; ზოგადი მიზეზებია დაავადებები, რომლებსაც თან სდევს სისხლის შედედების აქტიურობის დაქვეითება (ჰემოფილია, ლეიკოზი, მალარია, სეფსისი). ასეთი სახის სისხლდენას აძლიერებს ჰიპერტონიული დაავადება, ფიზიკური დატვირთვა.

როგორ მოვიქცეთ, თუ
კბილის ამოღების
შემდეგ სისხლდენა
არ შეჩერდა

თუ კბილის ამოღებიდან 5-6 საათის შემდეგ პაციენტს სისხლდენა არ შეუწყდა, ამის შესახებ უნდა აცნობოს ქირურგს, რომელმაც კბილი ამოუღო. შესაძლოა, სისხლდენის მიზეზის, მისი ლოკალიზაციის დასადგენად განმეორებითი ვიზიტი გახდეს საჭირო. თუ სისხლი ღრძილის გაგლეჯილი ჯიბიდან მოდის, საკმარისია მისი კიდეების გაკერვა, რათა შეიქმნას პირობა სისხლის კოლტის წარმოსაქმნელად. ზოგჯერ ჭრილობაში იდება ტამპონი, რომელსაც 4-6 დღის შემდეგ იღებენ. როდესაც ადგილობრივი ღონისძიებები უშედეგოა, თანაც პაციენტს სისხლდენისადმი მიდრეკილი დაავადება აქვს, მივმართავთ სისხლდენის შეჩერების ზოგად ხერხებს.

სტომატოლოგიურ
დაავადებათა თანმხლები
სისხლდენების თავიდან
აცილება

პაროდონტის ქსოვილის ანთებითი დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა პირის ღრუს საგულდაგულო მოვლა და სწორი ჰიგიენაა. ბევრი კბილების ხეხვას ნახევარ წუთში ამთავრებს, რაც არ არის საკმარისი. კბილთაშუა სივრცეებს ძაფით სპეციალური გაწმენდა რომ სჭირდება, ცოტამ თუ იცის. კბილების წმენდისას უმნიშვნელო სისხლდენა და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი პაროდონტიტის პირველი ნიშნებია, რომელთა გაჩენისთანავე აუცილებელია სტომატოლოგთან მისვლა.
ჰიგიენურ ღონისძიებებთან ერთად პაროდონტიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. პაციენტებმა უნდა მიირთვან რაც შეიძლება მეტი უმი ხილ-ბოსტნეული. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს კბილების თვითგაწმენდას, პაროდონტის ქსოვილების გავარჯიშებას, მეორე მხრივ კი ორგანიზმში ვიტამინურ ბალანსს დაარეგულირებს. აუცილებელია დიდი ოდენობით რძის (ის კალციუმის ბუნებრივი წყაროა) და ფთორით მდიდარი პროდუქტების – თევზეულის, სიმინდის, წიწიბურას, ოხრახუშის მიღება. ყოველ 3-4 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური სტომატოლოგიური გასინჯვა უნდა ჩატარდეს.

რჩევები მომავალ დედებს

მომავალი დედები უნდა ეცადონ, დაზიანებულ, დაავადებულ კბილებსა და ღრძილებს ორსულობამდე უმკურნალონ. თუ ვერ მოახერხეს, მკურნალობა შეიძლება ორსულობის მე-4-დან მე-6 თვემდე. კარიესული კბილების მქონე დედა შვილს მიკროორგანიზმების მთელ თაიგულს გადასცემს, რაც მომავალში რამდენადმე დააჩქარებს ბავშვის კბილების გაფუჭებას.
ერთ რჩევას კბილების გათეთრების მოყვარულებსაც მივცემთ: ქიმიური ნივთიერებებით კბილების გათეთრება ყველასთვის როდი შეიძლება. ის აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს ბზარები კბილის მინანქარზე, კარიესული კბილები, პაროდონტის დაავადება, ლითონური ბჟენები ან გადაკრული კბილები. 20 წლამდე, სასურველია, ამ პროცედურისგან საერთოდ შევიკავოთ თავი.
უნდა ვახსენოთ თამბაქოს წევის მავნეობაც. პირის ღრუს ლორწოვან გარსს უხვი სისხლმომარაგება აქვს. ნიკოტინი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა მყისიერ სპაზმს იწვევს, რის გამოც უარესდება ღრძილების სისხლმომარაგება, მათი კვება. დღეში 10-ზე მეტი სიგარეტის მოწევისას ორჯერ იზრდება პაროდონტიტის განვითარების ალბათობა, რასაც ხელს უწყობს კბილების შიგნითა ზედაპირებზე ნიკოტინური ნადები, რომელზეც ადვილად მრავლდებიან მიკრობები და წარმოიქმნება ქვები. როდესაც ადამიანი ადრეულ ასაკში იწყებს თამბაქოს წევას, მას 30-35 წლისთვის თითქმის გარანტირებული აქვს პირის ღრუს დაზიანება და პაროდონტის ქსოვილების ანთებითი პათოლოგიები.

Facebook კომენტარები